Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიაზოვი მასზე თავდასხმის შემდეგ უცხოელებს უსწორდება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 25 ნოემბერს თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურად ნიაზოვზე თავდასხმის შემდეგ თურქმენეთმა გაამკაცრა კონტროლი თავის საზღვრებზე და გააძლიერა თვალყურის დევნება ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებზე.

იმ 23 ადამიანს შორის, რომლებიც თავდასხმასთან დაკავშირებით დააკავეს, ნახევარზე მეტი უცხოელებია.

შეთქმულების ორგანიზატორებად ნიაზოვმა თავიდანვე დაასახელა თურქმენეთის ოპოზიციის ოთხი წევრი, რომლებიც ლტოლვილობაში იმყოფებიან. ორშაბათს, 2 დეკემბერს, თურქმენეთის მთავრობის საგანგებო სხდომაზე ნიაზოვმა ბრალდება იმ ქვეყნებზეც გაავრცელა, რომლებიც, მისი სიტყვით, ამ ოთხს მფარველობენ.

პირველი სიაში რუსეთია, რომელმაც შარშან თავშესაფარი მისცა ერთ-ერთ ეჭვმიტანილს – თურქმენეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და პრეზიდენტის ყოფილ მხარდამჭერს ბორის შიხმურადოვს. აშხაბადი მოითხოვს შიხმურადოვის გაცემას. მოსკოვმა რამდენჯერმე უარი თქვა ამაზე, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობები ამ ქვეყნებს შორის.

შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, რომელსაც ნიაზოვი უცხოელი ბოროტმოქმედებისთვის თურქმენეთის ვიზების გაცემაში ადანაშაულებს.

თურქეთს, რომლის 6 მოქალაქეა ნიაზოვის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით დაკავებული, პრეზიდენტი თავდასხმის დაფინანსებაში სდებს ბრალს.

და ბოლოს შეერთებული შტატები, რომლის მოქალაქე ლეონიდ კომაროვსკი დააპარტიმრეს თურქმენეთის მთავრობის ყოფილი წევრის გუვანჩ ჯუმაევის სახლში. ჯუმაევი კი შეთქმულების მეთაურად არის დასახელებული.

ორშაბათს მთავრობის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას, ნიაზოვმა თურქმენეთში აზერბაიჯანის ელჩისგან მოითხოვა განმარტება მისი მთავრობის მოქმედებებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოსტი, ნიაზოვის გამოსვლის წინადღემდე არ ასებობდა.

ნიაზოვმა მოითხოვა აგრეთვე ახალი საგანგებო კომიტეტის შექმნა, რომლის ამოცანა იქნება თურქმენეთში ჩასული ყველა უცხოელის დაკითხვა.

[ნიაზოვის ხმა] "დღეიდან მე მეყოლება საგანგებო სამსახური, რომელიც გამოარკვევს, ვინ ჩამოდის ქვეყანაში, რატომ, რამდენი ხნით და როდის ბრუნდება უკან. მეტიც, კომისიამ უნდა გამოიძიოს ამ პირის წარსული, სად მიდის და ვის ხვდება. ეს სავალდებულო პროცედურა უნდა იყოს. მხოლოდ მაშინ გვექნება ქვეყანაში მშვიდობა. უშიშროების ეროვნული კომიტეტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნებიან ამაზე პასუხსიმგებელი. ჩვენ არ გვსურს ადამიანის უფლებათა დარღვევა".

ნიაზოვის თანახმად, თურქმენეთში ჩასული უცხოელი უნდა დადგეს საგანგებო აღრიცხვაზე, რაც მას 20-30 დოლარი დაუჯდება, დამატებით ვიზისა, რომელიც 70 დოლარი ღირს.

ვიტალი პონომარიოვი, მოსკოვის ადამიანის ულებათა დაცვის ჯგუფის – "მემეორიალის" შუა აზიის პროგრამის დირექტორი, ამბობს, რომ ახალი პროცედურები თითქმის მთლიანად მოაქცევს იზოლაციაში თურქმენეთს. მისი სიტყვით, ეს ბოლო განკარგულებები ასახავს თურქმენბაშად, ანუ თურქმენების მამად წოდებული ნიაზოვის შიშს ნებისმიერი ოპოზიციისა და მისთვის გარედან დახმარების წინაშე.

პონომარიოვის თქმით, თურქმენეთიდან მოსული ცნობები მიუთიებს რომ ქვეყნის საზღვრებზე დამატებითი ჯარი და ჯავშანტექნიკა გაიგზავნა. მაგრამ უსაფრთხოების ზომები მხოლოდ უცხოელებს არ შეეხო.

ნიაზოვმა უბრძანა აშხაბადის მერსა და ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსს, ჩაატაროს ეჭვმიტაილების ძებნა აშხადადის უკლებლივ ყველა სახლში. გამოიკვლიოს, ვინ ცხოვრობს იქ და თუ აქვთ სათანადო დოკუმენტები.

ნიაზოვის ქმედებებმა გარე სამყაროს ყურადღება მიიქცია. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ფილიპ რიკერმა აშხაბადი საერთაშორისო კანონის დარღვევაში დაადანაშაულა ამერიკელი მოქალაქის დაპატმრების გამო. მან ინციდენტის "სრული, პატიოსანი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება" მოითხოვა. რუსეთმა კი ნიაზოვის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
XS
SM
MD
LG