Accessibility links

logo-print

სადამ ჰუსეინი კვლავ აცხადებს, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი არ გააჩნია


ანდრო ეული, პრაღა სატელევიზიო მიმართვაში ხალხისადმი, მუსლიმანთა წმიდა თვის რამადანის დამთავრებასთან დაკავშირებით, ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გაეროს მიეცა შესაძლებლობა დარწმუნდეს,

რომ ერაყს, მასობრივი განადგურების იარაღი არ გააჩნია. ხოლო წინა დღით, ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა თაჰა იასინ რამადანმა, გაეროს განიარაღების საერთაშორისო ექსპერტები შეერთებული შტატებისა და ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა.


სხდომაზე, რომელსაც სადამ ჰუსეინის მმართველი, ბაათის პარტიის ხელმძღვანელობა და შეიარაღებული ძალების სარდლობა ესწრებოდა, ერაყის პრეზიდენტმა თქვა, რომ დათანხმდა გაეროს განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის განახლებაზე, ერაყში, "რათა ჩვენს ხალხს თავიდან ავაცილო მოსალოდნელი საფრთხეო".

ოთხშაბათს ბაღდადში, ეგვიპტის დელეგაციის წინაშე გამოსვლისას, ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა თაჰა იასირ რამადანმა განაცხადა, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტები ჯაშუშურ საქმიანობას ეწევიან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ისრაელის სადაზვერვო უწყების, მოსადის სასარგებლოდ.

როგორც თაჰა იასირ რამადანი ამტკიცებს, მივიდნენ რა სამშაბათს პრეზიდენტის სასახლის შესამოწმებლად, განიარაღების ექსპერტები იმედოვნებდნენ, რომ ერაყელები არ შეუშვებდნენ მათ სასახლეში, რაც გაეროს რეზოლუციის დარღვევა იქნებოდა და ომის დაწყების საბაბს მისცემდა შეერთებულ შტატებს. "ეს რეზოლუცია რამდენიმე ნაღმს შეიცავს, და იმისთვისაა გამიზნული, რომ ერთ-ერთი მათგანი აფეთქდეს" – განაცხადა ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა.

ამასობაში, განიარაღების საერთაშორისო კომისიის წევრმა დემეტრიუს პერიკოსმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს, ერთ-ერთი ობიექტის ხუთსაათიანი შემოწმებისას უდაბნოში, განიარაღების ექსპერტებმა ნახეს ათზე მეტი საარტილერიო ჭურვი, რომლებიც ძლიერ ქიმიურ იარაღს, მდოგვის გაზს შეიცავს.

გაეროს უშიშროების საბჭოს უკანასკნელი რეზოლუციის თანახმად, გაეროს განიარაღების ექსპერტებს ნებისმიერი ობიექტის შემოწმება შეუძლიათ ერაყში როცა კი მოესურვებათ. ამიტომაც შეამოწმეს ექსპერტებმა სამ დეკემბერს, სრულიად მოულოდნელად ალ-საჯუდის სასახლე, ბაღდადში.

"ჩვენ გაუმართლებლად და ნამდვილად ზედმეტად მიგვაჩნია პრეზიდენტის სასახლეებში შესვლა" – განაცხადა გენერალმა ჰოსამ მოჰამად ამინმა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს გაეროს განიარაღების კომისიასა და ერაყის მთავრობას შორის. თუმცა გენერალმა ამინმა დასძინა ამასთანავე, რომ განიარაღების ექსპერტებს უმტკივნეულოდ შეუძლიათ შეამოწმონ ერაყის პრეზიდენტის სხვა სასახლეებიც.

თუ ერაყი ყოველმხრივ ითანამშრომლებს განიარაღების ექსპერტებთან და განუხრელად შეასრულებს მათს ყველა მოთხოვნას, გაეროს რეზოლუციები უშიშროების საბჭოს მოუწოდებს – დღის წესრიგში დააყენოს ერაყის წინააღმდეგ 11 წლის წინათ მიღებული ეკონომიკური სანქციების გაუქმება.
XS
SM
MD
LG