Accessibility links

logo-print

აჰმედ ზაკაევის პრესკონფერენცია


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, პრესკონფერენციაზე კოპენჰაგენში, ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ევროპაში აჰმედ ზაკაევმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას,

სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს ჩეჩნეთის ხელმძღვანელობასთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ზაკაევმა განაცხადა ამასთანავე, რომ არა აქვს განზრახული პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართოს დანიის ხელისუფლებას.

კოპენჰაგენის სასტუმრო "რადისონში" 30 ოქტომბერს დაპატიმრებული ზაკაევი სამ დეკემბერს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დანიის იუსტიციის სამინისტრომ არადამაჯერებლად მიიჩნია რუსეთის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალა ტერორისტულ საქმიანობაში ზაკაევის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. იმავე სასტუმროში 4 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აჰმედ ზაკაევმა, მისი გათავისუფლებისთვის, მადლობა გადაუხადა დანიის ხელისუფლებას.

ჟურნალისტების შეკითხვაზე ხომ არა აქვს რაიმე პრეტენზია დანიის სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლებისადმი, ზაკაევმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები, დანიის კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად მოქმედებდნენ.

აჰმედ ზაკაევმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მიზეზი გახდა გარკვეული დაძაბულობისა დანია-რუსეთის ურთიერთობაში. შეეხო რა ჩეჩნეთის კონფლიქტს, აჰმედ ზაკაევმა განაცხადა: [აჰმედ ზაკაევის ხმა] "ვფიქრობ, მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს ამ ვითარებაში. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არის. ჩეჩნეთის კონფლიქტი სამხედრო ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება. ღრმადა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ გარკვეულ ძალებს, რუსეთში, ეს ესმით. და ის ტრაგედია რომ არა, 25-სა და 26-ს ოქტომბერს რომ მოხდა მოსკოვში, ამ მიმართულებით უკვე იყო გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. და ჩვენ, ძალზედ ახლოს ვიყავით მოლაპარაკებათა დაწყებასთან".

ზაკაევს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ იგი, ასლან მასხადოვთან ერთად დაბრკოლებას უქმნის იმ წრეებს, ვინც ჩეჩნეთში ომის შემდგომი გაგრძელებითაა დაინტერსებული: [აჰმედ ზაკაევის ხმა] "დღეს მე ხელს ვვუშლი იმათ, ვისაც ომის გაგრძელება სურს, სწორედ მე ვუშლი მათ ხელს, არა უდუგოვი, არა იანდარბიევი, არამედ ზაკაევი და მასხადოვი უშლიან ამ ადამიანებს ხელს თავიანთი სამშვიდობო ინიციატივებით, სამშვიდობო წინადადებებით, თავიანთი მზადყოფნით – ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყონ პოლიტიკური დაილოგი".

მოსკოვში, რუსეთის იუსტიციის მინისტრმა იური ჩაიკამ, აჰმედ ზაკაევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიტიკური ზეწოლის გამო დანიამ, რუსეთის მიერ წარდგენილი სამხილი უგულებელყო. "დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული უდევს"- დასძინა რუსეთის იუსტიციის მინისტრმა.

ჯერჯერობით გაურკვეველია აპირებს თუ არა ზაკაევი ლონდონში დაბრუნებას, სადაც იანვრიდან მოყოლებული თავისი მეგობრის, ცნობილი ბრიტანელი მსახიობის ვანესა რედგრეივის სახლში ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG