Accessibility links

თბილისის საკრებულოს ახალი მთავრობა წარუდგინეს


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 6 დეკემბერს, თბილისის მერ ვანო ზოდელავას ქალაქის საკრებულოსთვის მთავრობის წევრთა ახალი კანდიდატურები უნდა წარედგინა დასამტკიცებლად.

საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა პოზიციები წინასწარვე გაიყო: ყველაზე მრავალრიცხოვან ფრაქციას, “ნაციონალურ მოძრაობას,” გადაწყვეტილი ჰქონდა, არ დაეჭირა მხარი მერის მიერ წარმოდგენილი არც ერთი ძველი კანდიდატისათვის, ხოლო რიცხოვნობით მეორე ფრაქცია, “ლეიბორისტები,” საერთოდ უარზე იყვნენ, დაემტკიცებინათ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი მთავრობა იმ მოტივით, რომ საკრებულომ თბილისის მერს უნდობლობა გამოუცხადა და, ამდენად, მისი კანდიდატურებიც არ იმსახურებენ ნდობას. ლეიბორისტები მერის გადადგომას ითხოვენ, “ნაციონალურ მოძრაობას”კი სურს განახლდეს მთავრობა, რომელშიც ერთ თავის წევრსაც – გიორგი კარბელაშვილს იგულვებს. თბილისის საკრებულოში მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:

საკრებულოს სხდომა საღამოს 6 საათზე დაიწყო და ნათელი გახდა, რომ ვანო ზოდელავა არავითარ კანდიდატურებს არ წარმოადგენდა. საკრებულო, უბრალოდ, მზად არ იყო მათი განხილვისათვის. ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ვერ შეთანხმებულან, განიხილონ და დაამტკიცონ მთავრობის წევრები თუ, მერისადმი უნდობლობის მოტივით, საერთოდ მოხსნან დღის წესრიგიდან თბილისის მთავრობის საკითხი. საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ასაბუთებს, რომ ქალაქის მთავრობის დამტკიცება აუცილებელია, სხვა შემთხვევაში, კანონის ძალით, თანამდებობებზე დარჩებიან ძველი მოხელეები, რომელთაც, საკრებულოს ერთსულოვანი მტკიცებით, პოსტებზე ფულის მეტი არაფერი უკეთებიათ. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ქალაქის მერი, გაითვალისწინოს საკრებულოს წინადადებები თბილისის მთავრობის წევრთა კანდიდატების შერჩევისას. სხვაგვარად, ჩვენ დავკარგავთ დროს და გავუმტყუნებთ მოლოდინს ამომრჩეველს - ასეთი იყო “ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა ფრაქციების პოზიცია. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა განმიცხადა [ბერძენიშვილის ხმა]: “საკრებულოს მიერ ¾-ით უნდობლობაგამოცხადებული მერი საკმაოდ სუსტია იმისთვის, რომ საკრებულოსთან კონკურენციის შესაძლებლობა შერჩეს. დღეს საკრებულო გაცილებით ძლიერია მერთან მიმართებით მთავრობის დაკომპლექტების დროს. ჩემთვის არსებითი არის ის, რომ ჩვენ მოვედით თბილისის ხელისუფლებაში საქმის საკეთებლად და არა იმის ასახსნელად, თუ რატომ არ კეთდება საქმე. “ნაციონალური მოძრაობა”, “აღორძინება”, “გაერთიანებული დემოკრატები”, “მრეწველები” და “ერთობა” – შვიდიდან ხუთი ფრაქცია დღეს ამ პოზიციაზე დგას”.

ორი ფრაქცია – “ლეიბორისტები” და “ახალი მემარჯვენეები”- კოლეგათა უმრავლესობას არ ეთანხმება. “ახლების” ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე საკრებულოს სთავაზობს ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნას და კონსულტაციების არა მერთან, არამედ საკრებულოს შიგნით გამართვას. კაციტაძის აზრით, საკრებულოს წევრებმა უნდა შეიმუშაონ თბილისის მთავრობის ახალი სტრუქტურა და მოსთხოვონ მერს, სწორედ ამ სტრუქტურის მიხედვით წარმოადგინოს და ამოქმედოს ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლება. დეპუტატთა დიდმა ნაწილმა ამ წინადადებაშიც დროის კარგვის საფრთხე დაინახა, თუმცა მამუკა კაციტაძე აღნიშნავდა, რომ მისი ფრაქცია ასევე არ დაუჭერს მხარს არც ერთ ძველ სახეს თბილისის მთავრობაში.

რაც შეეხება ლეიბორისტებს, მათი პოზიცია ცნობილია, სამაგიეროდ, ნაკლებად არის ცნობილი მათი მოტივები; ლეიბორისტებს იმედი აქვთ, რომ ავთანდილ ჯორბენაძისა და ვანო ზოდელავას არცთუ გახმაურებულ დაპირისპირებაში პირველი გაიმარჯვებს, პრეზიდენტი თბილისის მერს შეელევა და ზოდელავას ჩამოცილება, ლეიბორისტების შეურიგებელი პოზიციის გამო, მათ ჩაეთვლებათ აქტივში. მეორეც, თუ საკრებულო მოახერხებს თუნდაც ნაწილობრივ განსაზღვროს პოლიტიკა ქალაქში და შეასრულოს იქ მყოფ პარტიათა ერთიმეორის მსგავსი დაპირებები, ყველაზე ნაკლებ ამ დამსახურებებს სწორედ ლეიბორისტებს მიაწერენ: მათ დეპუტაციას აკლია სახეები, რომელთაც შეუძლიათ ასოცირდნენ წარმატებასთან. ამიტომაც შალვა ნათელაშვილის თანამოაზრენი თანმიმდევრულ დესტრუქციულ ტაქტიკას ამჯობინებენ.
XS
SM
MD
LG