Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნების სასამართლო პროცესი ადვოკატების მონაწილეობის გარეშე


5 დეკემბერს ხალხმრავლობა იყო მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში, სადაც აგვისტოს დასაწყისში დაკავებული 13 ჩეჩნიდან სამის საკითხი განიხილებოდა.

სასამართლო ჰუსეინ ილდხანოვის, რუსლან ბელუგაევისა და რუსტამ ელიხაჯიევის რუსეთში ექსტრადირების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მსჯელობდა, თუმცა, რაკი მოსამართლემ ადვოკატებს დრო არ მისცა რუსეთიდან გამოგზავნილი საბრალდებო მასალის გასაცნობად, პროცესის დასაწყისშივე გაჩნდა ეჭვი, რომ ის ზემდგომთა პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებდა. მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ ჩეჩნების ექსტრადირებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია.

ჩეჩნების ადვოკატების მოთხოვნას, რუსეთიდან გამოგზავნილი საბრალდებო მასალის გასაცნობად მათთვის კანონით გათვალისწინებული 5 დღიანი ვადა მიეცათ, მოსამართლე ქარუმიანმა უარით უპასუხა. ამის შემდეგ ადვოკატებს უარი ეთქვათ მოსამართლის აცილების შუამდგომლობაზეც. ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვეს. ისინი სახაზინო ადვოკატებმა შეცვალეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. საბრალდებო მასალის გაცნობისთვის დრო სასამართლო პროცესზე გამოძახებულმა ახალმა ადვოკატებმაც მოითხოვეს, მათაც უარი მიიღეს და სასამართლო პროცესი მათაც მიატოვეს. აგვისტოს დასაწყისში დაკავებული სამი ჩეჩენი - ილდხანოვი, ბელუგაევი და ელიხაჯიევი გენერალური პროკურატურის წარმომადგენლისა და მოსამართლის წინაშე დაცვის გარეშე დარჩნენ. მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას დღის ბოლოს შეუდგა, თუმცა ამ გადაწყვეტილების პროგნოზირება წინასწარვე უპრობლემოდ შეიძლებოდა. ჩეჩნების ადვოკატებს, მათ გულშემატკივრებსა და სასამართლო პროცესზე მისულ ადამიანის უფლებათა დამცველებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ რაიონული სასამართლო პოლიტიკური დაკვეთის მიხედვით იმოქმედებდა. მათ არ ჰქონდათ იმის ილუზია, რომ ის დაახლოებით ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, როგორიც დანიის სასამართლომ ზაკაევთან დაკავშირებით მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში ნანა კაკაბაძეს გავესაუბრე.

[ ნანა კაკაბაძის ხმა] "ყველა იმ პროცედურაში, რასაც მოსამართლე აკეთებს, იკვეთება, რომ ის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. იმედს ვიტოვებ, რომ უზენაეს სასამართლოში ცოტა სხვაგვარი ვითარება იქნება. თუ უზენაესი სასამართლოც დაექვემდებარება ხელისუფლების დაკვეთას, მაშინ საქართველოს იმიჯი დადგება სერიოზული საფრთხის წინაშე საერთაშორისო დონეზე."

მაინც, საიდან ჩანდა, რომ მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზემდგომთა დაკვეთით მოქმედებდა? ამ შეკითხვასთან დაკავშირებით ადვოკატების განმარტება უნდა მოვიშველიო.

[ლია მუხაშავრიას ხმა] "წარმოდგენა არა მაქვს მოსკოვიდან გამოგზავნილ მასალაზე, თუმცა ძალიან მინდა ვიცოდე ამ მასალის შესახებ."

ჩეჩნების ადვოკატებს მოსკოვიდან გამოგზავნილ საბრალდებო მასალაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. ისინი 5 დეკემბრის სასამართლო პროცესზე მიყვანილი ჩეჩნების დაცვის საქმეში 4 დეკემბერს ჩაებნენ. რატომ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ეს გარემოება და რატომ არ მისცა მათ დრო საქმეში გასარკვევად, გაუგებარი დარჩა და ამ გაუგებრობამ თავისთავად დაბადა ეჭვი, რომ მოსამართლე პროცესის გაჭიანურების აღკვეთას შეეცადა. სასამართლო პროცესზე ბრალმდებელი პაატა სხილაძე იყო. ის, რა თქმა უნდა, ეთანხმებოდა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადმოგზავნილ ბრალდებებს, რომელთა მიხედვით, ილდხანოვს, ბელუგაევს და ელიხაჯიევს რუსეთის ტერიტორიაზე ჩადენილი აქვთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები: ტერორისტული აქტები, მკვლელობები და ასე შემდეგ. სხილაძეს ეჭვი არც რუსეთიდან საქართველოში გამოგზავნილ საგარანტიო წერილებში შეჰქონდა.

[პაატა სხილაძის ხმა] "პროკურატურამ მიიღო გარანტიები, რომ მათი უფლებები იქნება დაცული რუსეთის ტერიტორიაზე. 5 გადაცემულის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხუთივე არის კარგად, ჯანმრთელები არიან და უზრუნველყოფილნი არიან დაცვის მოთხოვნით."

ერთ-ერთი ჩეჩენი პატიმრის დედა დაკავებულების ტერორისტობაში დადანაშაულებას აპროტესტებდა. პროკურორის განმარტება, თითოქსდა, ექსტრადირებული ჩეჩნები სტავროპოლის ციხეში თავს კარგად გრძნობენ და დაცულები არიან, მისთვის, რა თქმა უნდა, ვერაფერი ნუგეშია. მას უკვირს, რატომ არ შეუძლია საქართველოს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, როგორიც დანიამ ზაკაევის მიმართ გადადგა. მისი შვილი ასლან ხანუევი 21 წლისაა, მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება პროკურატურას ჯერ არ მიუღია. ამდენად, მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. "ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, ის ამ ომში გაიზარდა, ის ტერორისტი არაა,"- აცხადებდა ჩეჩნების სასამართლო პროცესზე მისული ჩეჩენი ლტოლვილი ქალი."

მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ მხოლოდ ბრალმდებლის არგუმენტები გაითვალისწინა და 3 ჩეჩნის ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება გაამართლა. ჩეჩნების ბოლო იმედი უზენაეს სასამართლოს უკავშირდება. დანიის ციხიდან გათავისუფლებულმა ახმედ ზაკაევმა სააგენტო "პრაიმ-ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩეჩნების რუსეთში ექსტრადირებაზე დათანხმებით საქართველოს ხელისუფლება სერიოზულ შეცდომას დაუშვებს. მისი აზრით, ჩეჩნების ექსტრადირება ქართველებსა და ჩეჩნებს შორის ურთიერთობას სერიოზულად დაძაბავს და ამით რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს, საქართველოს საზიანოდ.
XS
SM
MD
LG