Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სოციალური თერაპიის სახლის მოღვაწეობა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 5 დეკემბერს თბილისში გაიხსნა სოციალური თერაპიული სახლის სახელოსნოების ნამუშევართა ორდღიანი წინასაშობაო გამოფენა-გაყიდვა. სოციალური თერაპიის სახლი 1990 წელს დაფუძნდა

თბილისში მცხოვრები იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. გესაუბრებით ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მოღვაწეობისა და იმ ატმოსფეროს შესახებ, რომელიც გამოფენა-გაყიდვაზე სუფევდა.

სოციალური თერაპიის სახლში დასაქმებულია სხვადასხვა ასაკის 37 ადამიანი. ისინი სახელოსნოებში მუშაობენ და საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას ქმნიან. გარდა ამისა, ამ ადამიანებს უტარდებათ არტთერაპიის კურსები - ისინი ხატავენ, ძერწავენ, უკრავენ მუსიკას, მღერიან... და ეს მათი ცხოვრების წესად იქცა.
სოციალური თერაპიის სახლის მთავარი მიზანი არის ის, რომ ამ ადამიანებმა საზოგადოების ღირსეულ და სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ თავი, რომ მოხდეს მათი სოციალური ინტეგრაცია და სოციალური ადაპტაცია.

ეს მიზანი რომ ნამდვილად მიღწეულია, კარგად ჩანდა იმ მეგობრული და ოდნავ ამაღლებული ატმოსფეროდან, რომელიც ნამუშევართა გამოფენაზე სუფევდა.

გამოფენას ორგანიზაციის მენეჯერთან, შავლეგ გეგეჭკორთან ერთად ვათვალიერებ.

[გეგეჭკორის ხმა] "თქვენც დარწმუნდით, ნახეთ თქვენ თვითონ, როგორი ხარისხის პოდუქციაა - მართლაც, ძალიან კარგი ხარისხის სანთლები, ცვილის და პარაფინის. ცვილი ადგილობრივია, პარაფინი ჩამოგვდის შვეიცარიიდან და გერმანიიდან. საპონი კი მცენარეულ ნედლეულზე მზადდება. ხედავთ მშვენიერ ბლოკნოტებს, რვეულებს, ნაქსოვ პროდუქციას, სადურგლო სახელოსნოში დამზადებულ პოდუქციას, ჩვენს მინისტამბაში დაბეჭდილ მინიბარათებს, წიგნებსა და ჟურნალებს".

სოციალური თერაპიის სახლი არის სტრუქტურული ელემენტი არასამთავრობო ორგანიზაციისა, სახელწოდებით "კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ".
ეს კავშირი ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბავშვობიდან თანდაყოლილი აქვთ გონებრივი განვითარების შემაფერხებელი ისეთი დაავადებები, როგორიცაა დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა და სხვ.

კავშირის გამგეობის წევრის ბარბარე ბაქრაძის ქალიშვილი, 28 წლის ქეთი, უკვე რვა წელია, რაც სოციალური თერაპიის სახლში სისტემატურად დადის. ქალბატონმა ბარბარემ მითხრა:

[ბაქრაძის ხმა] "ქეთი, პრინციპში, მძიმე ბავშვია ძალიან, თავის დიაგნოზით. მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ქეთი გაცოცხლდა, ასე ვთქვათ. შინ უამრავ რამეს აკეთებს, უხარია სამსახური, ვერ იტანს შაბათ-კვირას, არდადეგებს".[სტილი დაცულია]

სოციალური თერაპიის სახლში მუშაობის მსურველთა რიცხვი ძალიან დიდია, მაგრამ სახლი ფიზიკურად ერთ ზედმეტ ადამიანსაც კი ვეღარ დაიტევს. ორგანიზაციის კოორდინატორი მარინა ბულია ამბობს:

"ეს სიძნელე არის სახელმწიფოს სიძნელეც და არა მარტო ჩვენი პრობლემა. სახელმწიფომ შეიძლება ვერ მოგვხედოს, თუმცა ძალიან კარგი კონტაქტები გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მისი იმედი".
XS
SM
MD
LG