Accessibility links

logo-print

USAID-ის ანგარიში საქართველოს ნავთობის მრეწველობის სფეროში გადასახადების აკრეფის თაობაზე


საქართველოში გადასახადების აკრეფა იმედენად ცუდად ხდება, რომ ქვეყანა კარგავს საერთო შემოსავლების ერთ მესამედზე მეტს, რომლის მიღება შეიძლებოდა ნავთობის სექტორში.

ასეთ დასკვნამდე მიდიან ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორები. გამოკვლევა შეერთებული შტატების საერთაშოისო განვითარების სააგენტომ, USAID-მ დააფინანსა.

დამოუკიდებლობის პერიოდისთვის ჩვეულ ეკონომიკურ დეპრესიაში მყოფი საქართველოსთვის ნავთობის სექტორიდან შესული ყოველწლიური გადასახადები, 800 მილიონი დოლარის სახით, შემოსავლის სერიოზული წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ, ამ დღეებში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამჟამად მთავრობა ფართოდ პრივატიზებული ნავთობის სექტორიდან გადასახადების საერთო მოცულობის მოხოლოდ 20 პროცენტის, ანუ 50 მილონი დოლარის აკრეფას ახერხებს. 200 მილიონი დოლარის აკრეფა კი ვერ ხერხდება. ეს კი მთელი წლიური ფისკალური ბიუჯეტის ერთი მესამედია.

ეს დასკვნები კიდევ უფრო ამწვავებს დილემას, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს დონორები. ისინი იმედგაცრუებულნი არიან მთავრობის უუნარობის გამო, წესრიგი დაამყაროს გადასახადების აკრეფის სფეროში. მეორე მხრივ, ისინი შიშობენ, რომ ფინანსური დახმარების შემცირებით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებენ დასუსტებულ მთავრობას.

ანგარიში, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე ჩატარებულ გამოკვლევას ემყარება, ნათელყოფს საქართვეოლს მთავრობის ორ მთავარ სისუსტეს: მართვის ცუდ უნარს და კორუფციას.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ნავთობის სექტორში გადასახადების დაკარგვის შედეგად შექმნილი ვითარება საქართველოს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აყენებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის.

ვინაიდან საქართველოში ნავთობის წარმოება და გადამუშავება სუსტადაა განვითარებული, ნავთობის მრეწველობის უდიდესი წილი მოდის მის იმპორტზე. შესაბამისად, ამ სექტორიდან შემოსავლების მიღება ძირითადად მარკეტინგის ხარჯზე ხდება.

როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, ნავთობის სექტორის განვითარებას სერიოზულად უშლის ხელს კონტრაბანდა. მძიმე მდგომარეობაშია მომხმარებელი. იგი ხშირად იძულებულია კონტრაბანდისტებისგან შეისყიდოს ნავთობპროდუქტები. ვინაიდან რაიონებში არ ხდება ბუნებრივი აირის გაზსადენებით მიწოდება, ყვავის თხევადი აირით არალეგალური ვაჭრობა. ამ სფეროში დასაქმებულნი თითქმის ასპროცენტიან მოგებას ნახულობენ, ვინაიდან თითქმის საბაზრო ფასში ჰყიდიან დაუბეგრავ გაზს.

როგორც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, კონტრაბანდისა და უკანონო გადამუშავების პრობლემა მომავალში შეიძლება გაუარესდეს მიუხედავად დასავლეთის აქტიური მცდელობისა და პრეზიდენტ შევარდნაძის ანტიკორუფციული კამპანიისა. ნავთობპროდუქტების იმპორტის შემცირება იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ენერგოკარტელები წარმატებით ახერხებენ ახალი იმპორტიორებისთვის გზის გადაღობვას.

USAID-ის ანგარიშმა შესაძლოა ბიძგი მისცეს უფრო მკაცრი მეთოდების შემოღებას ნავთობის სექტორში გადასახადების ასაკრეფად. ამერიკის სავაჭრო პალატა რეკომენდაციებს ამზადებს საქართველოს მთავრობისთვის. მაგრამ დაუგდებს თუ არა ეს უკანასკნელი ყურს ამ რჩევებს, ნათელი არ არის. მიმომხილველთა აზრით, კიდევ უფრო გაურკვეველია პრეზიდენტ შევარდნაძის პოზიცია.
XS
SM
MD
LG