Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე უარყოფითი აზრი ვრცელდება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ამერიკის დაუმოუკიდებელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – "პიუს კვლევითმა ცენტრმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 44 ქვეყანაში. რესპონდენტთა რიცხვი იყო უზარმაზარი – 38000. გამოირკვა,

რომ მსოფლიოში ვრცელდება უარყოფითი დამოკიდებულება შეერთებული შტატების მიმართ.

შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის თაობაზე უარყოფითი აზრი ისეთ ქვეყნებშიც კი იკიდებს ფეხს, სადაც ამერიკის მიმართ საერთო დამოკიდებულება პოზიტიურია. განსაკუთრებით ეს ითქმის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე.

ჩვენი რადიოს თანამშრომელი დონ ჰილი ამის თაობაზე ესაუბრა გაზეთ "მუსლიმ ნიუს" რედაქტორს აჰმედ ვერსის. გაზეთი გამოდის ლონდონში, ითვლება ზომიერად. ვერსი ამბობს, რომ ამერიკის პოლიტიკაში ხალხს აღიზიანებს ორმაგი სტანდარტები, რომელიც განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში შეიმჩნევა.

მაგალითად, ისრაელმა დაიპყრო პალესტინელთა მიწები; ისრაელი არის ახლო აღმოსავლეთში ერთად-ერთი ქვეყანა, რომელიც ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს (იგულისხმება ბირთვული იარაღი. ისრაელი იფიცება, რომ პირველი მას არ გამოიყენებს) მიუხედავად ამისა, ამბობს ვერსი, ამერიკა ისრაელს არ ემუქრება, როგორც ამას ერაყის შემთხვევაში აკეთებს. და ამის მიზეზს, ამბობს ვერსი, ხალხი, და არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, ხედავს არა იმაში, რომ ერაყში ირღვევა ადამიანის უფლებები, ან ის, რომ ბაღდადი შეიძლება ფლობდეს მასობრივი განადგურების იარაღს, არამედ იმაში, რომ ერაყის წიაღში ნავთობი მოიპოვება.

კიდევ ერთი მაგალითია თურქეთი, შეერთებული შტატების მოკავშირე ჩრდილოატლანტიკკრ ალიანსში, რომლის ტერიტორია, მისივე თანხმობით, გამოიყენება ერაყის ფრენისთვის აკრძალული ზონების პატრულირებისთვის. მაგრამ ამ ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა არ უჭერს მხარს ერაყის წინააღმდეგ ომს. თურების აზრით, ამერიკას სრულიად არ ადარდებს, თუ რა შედეგები ექნება თურქეთისთვის სამხედრო ინტერვენციას ერაყში. თურქები ერაყელების გვერდზე ცხოვრობენ, ამერიკელები კი ათასობით კმ-ის დაშორებით.

ვერსი ამობობს, რომ ამერიკელები ახდენენ ზეწოლას რეგიონის ქვეყნებზე, რათა მიიღონ მათი სამხედრო ობიექტების გამოყენების ნება. და სულაც არ იღებენ მხედველობაში ამ ქმედებების შედეგებს, რომლებიც შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს.

[ვერსის ხმა] "ვფიქრობ, რომ ერაყზე თავდასხმის შემთვხვევაში, და თუ მოკლული იქნება ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, როგორც ეს 1991 წლის ომში მოხდა, ადგილი ექნება, არ ვიტყვი ამბოხებას, მაგრამ ძალიან მრისხანე რეაქციას, იმიტომ, რომ, ამჯერად ერაყს არ დაუპყრია არაბული მიწები."

გამოკითხვა აჩვენებს, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის პოპულარობა 2000 წლის შემდეგ 27-დან 19 პროცენტამდე დაეცა. აქ არ შედის რუსეთი, სადაც პოპულარობა ამავე პერიოდში პირიქით, 37-დან 61 პროცენტამდე გაიზარდა.

მაგრამ როგორც დონ ჰილთან საუბარში რუსმა სოციოლოგმა ბორის კაგარლიცკიმ აღნიშნა, რუსეთში არ ღირს რესპონდენტთა პასუხების სერიოზულად მიღება. მისი აზრით, შეერთებული შტატების რეიტინგის ზრდა მიეწერება იმას, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ახლა ამერიკას რუსეთის მეგობრად თვლის. რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი იმეორებს ხოლმე ზემოდან ნათქვამს.

ოთხშაბათს ვაშინგტონში, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკის გატარებას პიუს ცენტრის გამოკითხვების შედეგების საფუძველზე.
"ჩემი ვალია ვუზრუნველყო, რომ ბავშვები გაიზარდონ უსაფრთხო და თავისუფალ საზოგადოებაშიო", თქვა მან.
XS
SM
MD
LG