Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მაკონტროლებელთა რიცხვი მცირდება


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში სახელმწიფო მაკონტროლებელ უწყებათა რიცხვი 40-ს აღწევს. მათი უმრავლესობის ფუნქციები ერთმანეთს ემთხვევა. როცა ლაპარაკობენ ინვესტიციებისა და მეწარმეობისათვის არახელსაყრელ გარემოზე,

გულისხმობენ არა მხოლოდ კრიმინალის მძლავრობას ბიზნესზე, არამედ ათობით სახელმწიფო ორგანოს უფლებას, ამა თუ იმ მიზეზით გაუთავებლად ამოწმოს კერძო სტრუქტურა. დაახლოებით ერთი თვის წინ ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციომ მოამზადა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებას მაკონტროლებელთა რიცხვის მკვეთრი შემცირება უნდა მოჰყვეს. პირველ ეტაპზე კონტროლის უფლება ჩამოერთმევა იმ სამსახურთა უმეტესობას, რომლებიც საწარმოო (ტექნიკური) უსაფრთხოების კონტროლს ახორციელებდნენ. ამ თემაზე ვესაუბრე ანტიკორუფციული საბჭოს მდივანს კახა უგულავას.

ტექნიკური კონტროლის უფლება დღეს საქართველოში აქვს 11 უწყებას. ანტიკორუფციულ ბიუროში მიიწვიეს თერთმეტივეს ხელმძღვანელები და უთხრეს, რომ კონტროლის ფუნქცია მხოლოდ ორ მათგანს დარჩებოდა. მე ვკითხე კახა უგულავას, გაუწიეს თუ არა სახელმწიფო სამსახურებმა წინააღმდეგობა მათთვის მაკონტროლებელი ფუნქციების ჩამორთმევას [უგულავას ხმა]: “წინააღმდეგობა არ ყოფილა, იყო არგუმენტები, თუმცა საკმაოდ უსუსური: აპელირებდნენ იმაზე, რომ ეს ორგანოები არსებობენ ლამის ასი წლის მანძილზე, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, და დღესაც მოქმედებენ სხვადასხვა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არგუმენტად ვერ გამოდგება. მთავარი პრინციპი უნდა იყოს, რა ვითარებაა საქართველოში და რა გვინდა, მივიღოთ. მთავარია, გამარტივდეს ბიზნესგარემო და, რაც შეიძლება, ნაკლებად ჩაერიოს ბიუროკრატია ბიზნესმენებისა და მეწარმეების საქმიანობაში. ვნახოთ, რას ამბობენ ბიზნესმენები: ისინი აღშფოთებულნი არიან იმით, რომ ვერ აუდიან მაკონტროლებელი ორგანოების დათვლას. ისინი შედიან საწარმოებსა და ფირმებში და ერთსა და იმავე პრობლემებს უქმნიან, რის გამოც მათ გამუდმებით უხდებათ დროისა და ფინანსური რესურსების ხარჯვა”.

ანტიკორუფციული საბჭოს მდივანმა განმიცხადა, რომ ბიუროს ექსპერტების აზრით, ტექნიკური ზედამხედველობის ფუნქცია უნდა დარჩეს მხოლოდ ორ უწყებას – გარემოს დაცვის სამინისტროს საწარმოო უსაფრთხოების ინსპექციასა და ნავთობისა და გაზის მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოს. ამასთან, ერთი მათგანის შემოწმებულ სუბიექტს მეორე ვეღარ შეამოწმებს და პირიქით.

ცნობილია, რომ კონტროლის ფუნქციით აღჭურვილნი არიან სხვადასხვა ლიცენზიის გამცემი სამსახურები. ანტიკორუფციული ბიუროს წინადადებით, ლიცენზიის გამცემმა ორგანომ შეიძლება გააკონტროლოს მეწარმის მიერ მხოლოდ ლიცენზიის პირობების დაცვა.

ბიურო განსაზღვრავს კონტროლის ორ ფორმას: გეგმიურსა და გადაუდებელს. გეგმიური კონტროლი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას, წელიწადში ერთხელ შეამოწმოს სამეწარმეო საქმიანობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. გადაუდებელ კონტროლს კი ახორციელებენ სასამართლო ბრძანების ან მეწარმის განცხადების საფუძველზე.

იუსტიციის სამინისტრო უკვე იწყებს მუშაობას კანონმდებლობაში შესატანი შესაბამისი ცვლილებების მომზადებაზე. ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი იმედოვნებს, რომ, უკეთეს შემთხვევაში, მომავალი წლის საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი ამ ცვლილებებს განიხილავს.
XS
SM
MD
LG