Accessibility links

ქუთაისის ავტოქარხნის დირექტორი ტყვეობიდან თავად გამტაცებლებმა გაათავისუფლეს


ოთხი დღის წინ გაუჩინარებული ქუთაისის ავტოქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან ნაცვლიშვილი 6 დეკემბერს, გამთენიისას, გამტაცებლებმა ქალაქის ცენტრში,

ბუაჩიძის ქუჩის მიდამოებში, დატოვეს. მისი ოჯახის წევრებთან შეხვედრა, შემდეგ კი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაყვანა, პოლიციის აშკარა იგნორირების პირობებში მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ნაცვლიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სამართალდამცავებს შეგნებულად აუარეს გვერდი და გამტაცებლებთან თავად აწარმოეს მოლაპარაკება. ამას ადასტურებს ქუთაისის პოლიციის უფროსის თემურ ნოზაძის კომენტარიც. კომენტარის მიხედვით, ამ გატაცების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნაცვლიშვილის ოჯახის წევრთა დახმარების შემთხვევაში გაიხსნება.

ამირან ნაცვლიშვილის გამტაცებლებისათვის გამოსასყიდის მიცემას მისი ოჯახის წევრები უარყოფენ. შესაბამისად, საჯარო განხილვისთვის ვრცელდება ოთხდღიანი მძევლობიდან ნაცვლიშვილის გათავისუფლების, სულ ცოტა, ორი ვერსია. მეუღლე, მაგალითად, ამბობს, რომ იგი სხვაში შეეშალათ, ამირან ნაცვლიშვილის და კი ფიქრობს, რომ, ფაქტის რეზონულობის გამო, გამტაცებლები შეშინდნენ და თავად შეეცადნენ მის თავიდან მოცილებას. მართალია, გატაცების დამკვეთებისა და შემსრულებლების ვინაობა უცნობია, მაინც არსებობს აზრი, სრულიად ლოგიკური, რომ საქმე უფულოდ ვერ მოგვარდებოდა. რა როლი შეასრულა ამ საქმეში ამირან ნაცვლიშვილის ბიზნეს-პარტნიორმა, საავტომობილო ქარხნის აქციონერმა და ქუთაისის საკრებულოს წევრმა ბონდო შალიკიანმა? არის ვარაუდი, რომ, კრიმინალურ სამყაროში თავისი სერიოზული გავლენის შესაბამისად, სწორედ შალიკიანი აწარმოებდა მოლაპარაკებას გამტაცებლებთან. სატელეფონო ხაზზეა ჩვენი ქუთაისელი კორესპონდენტი ნინო ღაჭავა.
[ნინო ღაჭავას ხმა]“ასეთი ხმებიც გავრცელდა, რომ ამირან ნაცვლიშვილი ასეთ შემთხვევას ელოდებოდა და შალიკიანი შეგნებულად შეიყვანა თავის ბიზნესში, რომ რაღაცით თავი დაეცვა.”
[ნ.მ.]“შენ ხომ არ ფიქრობ, რომ შალიკიანმა ფული მაინც გადაიხადა?”
[ნინო ღაჭავას ხმა]“ეჭვი არის, შეიძლებოდა ასეთი რაღაცა მომხდარიყო”.

ბონდო შალიკიანი ქუთაისის საავტომობილო ქარხნის აქციონერი მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გამართული ნულოვანი აუქციონის შედეგად გახდა. უფრო ადრე, ზაფხულში, ქარხანა კონტროლის პალატამ შეისწავლა და უამრავი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის, ეგრეთ წოდებული ჯიპების აფიორა. როგორც ამბობს ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციისა “მოძრაობა ქუთაისისათვის,” გიგა შუშანია, ქუთაისის ქარხანაში ჯიპებს არ აწყობდნენ. მას უცხოეთში ყიდულობდნენ.
[გიგა შუშანიას ხმა]“რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, კონტროლის პალატას გაგზავნილი ჰქონდა ქონების მართვაში ამირან ნაცვლიშვილის გადადგომის შესახებ მოთხოვნის წერილი.”
როგორც ვხედავთ, ამირან ნაცვლიშვილი ქონების მართვის სამინისტროს ყურადღების ცენტრში არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, მისით დაინტერესდნენ ჯერჯერობით დაუდგენელი პირები, რომლებიც, გამოძიების ვერსიებით, შეიძლება იყვნენ როგორც მდიდარ ადამიანებზე მონადირე შავი სამყაროს წარმომადგენლები, ისე ნაცვლიშვილის ბიზნეს-კონკურენტები.
ამირან ნაცვლიშვილს გამტაცებლები ვერ ამოუცვნია. იგი ოთხი დღის განმავლობაში თვალახვეული, უჭმელ-უსმელი იმყოფებოდა.
[ეთერ ნაცვლიშვილის ხმა]“მასთან ვიყავი და გამოვდივარ უკვე. ნაცემი არის.”
XS
SM
MD
LG