Accessibility links

logo-print

ქმედითობის რა შანსი აქვს ახალ კანონს ნარკოტიკული საშუალებების შესახებ


საქართველოში ოფიციალურად 18 ათასი ნარკომანი და ნარკოტიკების მომხმარებელია რეგისტრირებული. ექსპერტთა აზრით, მათი რაოდენობა ქვეყანაში რეალურად 120-140 ათასს აღწევს.

თბილისის ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სტაციონარებში კი ერთდროულად 15 პაციენტზე მეტი არ იმყოფება. ეს არის რეალობა და ამის შედეგია ის, რომ ნარკომანიასთან ბრძოლაზე საუბარი ბევრისთვის ბანალობად იქცა. რის საშუალებას იძლევა სიახლე ქართულ კანონმდებლობაში, რომელიც, საზოგადოების ერთი ნაწილის შეხედულებით, ნარკომანების ცივილურად მკურნალობის საშუალებას იძლევა, მეორე ნაწილი კი ახალი პრობლემების წყაროდ მიიჩნევს.



5 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო კანონი “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”. ახალი კანონის მიღება აუცილებელი გახდა არა მხოლოდ პრობლემის გამწვავების, არამედ მისი სპეციფიკის შეცვლის გამოც. ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი გელა ლეჟავა ამის თაობაზე დასძენს:

[ლეჟავას ხმა]
“მაშინ იყო ასე: ჯერ ერთი, ნარკომანების რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლები, მერე – დახურული იყო საზღვრები, პოლიციას ჰქონდა ყველაფრის უფლება და საშუალება და ამიტომ ძირითადი მეთოდი იყო ტერორი ნარკომანის მიმართ. აი, ამაზე იყო აგებული ეს სისტემა. ახლა, დღევანდელ სიტუაციაში, არც ერთი ესენი არ მუშაობს: თავისუფალი საზღვრები, პოლიცია და მთავრობის შესაძლებლობები შესუსტებულია და ა.შ. ...და ნარკომანია, სამწუხაროდ, ძალიან გაიზარდა, ძალიან გაიზარდა რაოდენობრივად. ამას სხვა მიზეზები აქვს ახლა ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც. ამიტომ იმ მეთოდით, რომლითაც ვმოქმედებდით, დღეს არ შეიძლება მოქმედება, არაეფექტური არის. საჭირო იყო სხვა ღონისძიებებზე გადასვლა. ნარკომანს არ უნდა ეშინოდეს ექიმთან მისვლის. ეს არის ძირითადი”.

ახალი, კანონის თანახმად, რომელიც ძალაში სამი თვის შემდეგ შედის, ნარკომანიით დაავადებულ პირს “ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში უფლება აქვს შეინარჩუნოს ანონიმურობა დადგენილი წესის მიხედვით, საკუთარი სახსრებით ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი. სიცოცხლეში ერთხელ ფიზიკურ პირს უფლება აქვს მკურნალობა ჩაიტაროს სახელმწიფოს ხარჯზე”. რაც შეეხება ანონიმურობას, პაციენტს ენიჭება სპეციალური კოდი, რომლის გაშიფრვა ხდება მხოლოდ პაციენტის თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რამაც ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ კანონის მიღებამდე კამათი გამოიწვია, იყო ნარკომანის მკურნალობისას “სპეციალური ჩანაცვლებითი პროგრამის” განხორციელება, ანუ ე.წ. “მეთადონის პროგრამა”, რომელიც საქართველოში არ გამოიყენებოდა და რომელიც ცალკეულ შემთხვევებში გარკვეული ვადით ნარკომანის მეთადონზე გადაყვანას ითვალისწინებს. ამ წინააღმდეგობას გელა ლეჟავა იმით ხსნის, რომ ეს ისევ და ისევ ნარკოტიკების შავ ბაზარს ემუქრება და არაპირდაპირი გზით ამის ლობირება პოლიტიკოსების დონეზეც ხდება, რაც, განზრახ ლობირებაც რომ გამოვრიცხოთ, შეიძლება მათი დეზინფორმაციის გზითაც განხორციელდეს. თითქოსდა, რით უნდა ემუქრებოდეს ჩანაცვლებითი ან ნებისმიერი სხვა სახის სამკურნალო პროგრამა ნარკობიზნესს:

[ლეჟავას ხმა]
“ნარკომანს აქვს სამი მდგომარეობა: ან ციხეში ზის, ან მკურნალობს, ან იკეთებს. ე.ი. ის, ვინც ციხეში ზის, ციხეშიც შეიძლება გაიკეთოს, ცხადია, ისე რომ ვთქვათ... თუ არ ზის ციხეში და არ მკურნალობს, ის ეძებს შავ ბაზარზე წამალს და იკეთებს. ე.ი. რაც მეტი იმკურნალებს და, მით უმეტეს, ჩანაცვლების პროგრამებში ჩაერთვება, მით უფრო ნაკლები მყიდველი არის ნარკოტიკის, ხო?”.

მკურნალობის პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაემუქრება შავ ბაზარს, თუკი ის განხორციელდება და, ეფექტიანის გარდა, მასშტაბურიც იქნება. დღეს ორივე თვალსაზრისით რთული სიტუაციაა. ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან არსებული კლინიკის მთავარი ექიმი ზურაბ შენგელია დღეს არსებითად დაფინანსების პრობლემის გადაჭრას მიიჩნევს:

[შენგელიას ხმა]
“მე ვთვლი, რომ ეს კანონი, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ნარკოლოგიური სამსახურის განვითარებას. მხოლოდ, მთავარი რაც არის, ბიუჯეტმა და სახელმწიფომ ფინანსურად უნდა უზრუნველყოს კანონი. თუ ფინანსური უზრუნველყოფა არ ექნა ამ კანონს, ალბათ, ეს კანონი არ იმოქმედებს”.

შენგელიას განცხადებით, კლინიკაში, რომელიც 90 პაციენტზეა გათვლილი, დღეს ათამდე ადამიანი გადის მკურნალობას. რაც შეეხება მკურნალობის ხარისხის პრობლემას, ნარკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გელა ლეჟავა აღნიშნავს, რომ ის, რასაც დღეს მკურნალობა ჰქვია, სინამდვილეში არის დეზინტოქსიკაცია, ანუ მხოლოდ საწყისი ეტაპი, რომლის გაგრძელებაც დღეს ვერ ხერხდება. სახელმწიფო წელიწადში ამ სახით 200 პაციენტის მკურნალობას უზრუნველყოფს. ფიზიკურ პირს იგივე სამსახური 500-დან 800 ლარამდე უჯდება.

თუკი დაფინანსება არ ხერხდებოდა იმ შეზღუდული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც წელიწადში 200 პაციენტის მკურნალობის დაფინანსებას ითვალისწინებს, წარმოუდგენელია მომავალი წლის ბიუჯეტში გაჩნდეს ფინანსური საშუალება, რომელიც ახალი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას უზრუნველყოფს. თუმცა ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ახალი კანონის მიღება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს სურვილს გაუჩენს, ამ სფეროშიც გაუწიონ დახმარება საქართველოს.
XS
SM
MD
LG