Accessibility links

logo-print

რუსეთში კირილიცის სავალდებულო ხმარების კანონი მიიღეს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რუსეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ხალხებს ექნებათ ერთიანი ალფაბეტი – კირილიცა. გასულ თვეში წინადადება მიღებულ იქნა პარლამენტის ორივე პალატაში,

მიუხედავად იმ რეგიონის პოლიტიკოსთა პროტესტისა, რომელსაც ეს კანონი უშუალოდ შეეხო.

ფედერაციის საბჭოს წევრმა, კარელიის წარმომადგენელმა ვიქტორ სტეპანოვმა ენის დამწერლობაში ასეთი უხეში ჩარევა გენოფონდში ჩარევას შეადარა.
[სტეპანოვის ხმა]
"კარელური ენის სწავლება კირილიცის ალფაბეტის საფუძველზე, ფაქტობრივად, კარელური ენის მოსპობას ნიშნავს. ჩემი აზრით, ეს იგივეა, რაც გააკეთა ლისენკომ – ჩაერია გენეტიკაში. ჩვენ ადამიანის ცნობიერების გენეტიკაში ვერევით."
კანონის მომხრეები ამბობენ, რომ ის არ ხელყოფს არავის უფლებას, გამოიყენოს მშობლიური ენა, რომ ეს კანონი მხოლოდ ამ ენებზე ოფიციალური დოკუმენტების წერას გულისხმობს.
წარსულში მოსკოვი კირილიციდან სხვა დამწერლობაზე გადასვლის მცდელობას ეჭვის თვალით უყურებდა. ოფიციალური პირები ჩიოდნენ: თათარსტანში ლათინურ შრიფტზე გადასვლა რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის კავშირს შეასუსტებსო.
ბევრს კი მიაჩნია, რომ ეს ცვლილება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ხელყოფას ნიშნავს და არაფერი აქვს საერთო ლინგვისტიკასთან.
კარელიის ეროვნულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე არის ევგენი შოროხოვი. მისი თქმით, რეგიონის მცხოვრებნი აღაშფოთა კირილიცაზე გადასვლის წინადადებამ. კირილიცა ვერ გადმოსცემსკარელურსა და რეგიონის კიდევ ერთი ეთნიკური ჯგუფის, ვეპსების, ენას, თუნდაც იმიტომ, რომ მათში ორჯერ უფრო მეტი ხმოვანია, ვიდრე რუსულშიო, თქვა მან.
თათარსტანში შარშან დაიწყეს კირილიციდან ლათინურ შრიფტზე გადასვლის პროცესი, რომელიც, დაახლოებით, ათი წელი გაგრძელდება. ამ ცვლილების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ლათინური ალფაბეტი უკეთესად გამოსახავს თათრული ენის ბგერებს და გაუადვილებს მოსახლეობას უცხო ენების – მაგალითად, ინგლისურის - შესწავლას.
გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ ეს შრიფტის შეცვლა კი არა, დაბრუნებაა იმ დამწერლობასთან, რომელიც იხმარებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა თათრებმა გადაწყვიტეს არაბული შრიფტი ლათინურით შეეცვალათ. შემდეგ კი საბჭოთა დიქტატორმა მათ თავს კირილიცა მოახვია.
თათრების მსოფლიო კონგრესის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაგმო ახალი ფედერალური კანონი. ისტორიკოსი დამირ ისხაკოვი ამბობს:
[ისხაკოვის ხმა]
"რუსეთის კონსტიტუციაში არის მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნებათა თავისუფლებასა და განვითარებას. თათრებმა უკვე გამოთქვეს თავიანთი სურვილი: 1997 წელს თათრების მსოფლიო კონგრესზე გადაწყდა ლათინურ ალფაბეტზე გადასვლა, შემდეგ კი თათარსტანის პარლამენტმა ამის შესახებ კანონიც მიიღო. რუსეთის სახელმწიფო დუმა და ფედერაციის საბჭო კი ახლა რუსეთის სახელმწიფოს ერთ-ერთი ხალხის სურვილის წინააღმდეგ გამოდის. მე ეს მიმაჩნია რუსეთის კონსტიტუციის დარღვევად. ეს საკითხი ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაში არ შედის. ის თვით რესპუბლიკამ უნდა გადაწყვიტოს. მოსკოვს არა აქვს უფლება ჩაერიოს გადაწყვეტილებებში, რომლებიც რესპუბლიკის დონეზე უნდა იქნეს მიღებული."
ისხაკოვი და ლათინურზე გადასვლის სხვა მომხრეები ამბობენ, რომ ახალი კანონი ეწინააღმდეგება რეგიონალურ და უმცირესობათა ენების დაცვის ევროპულ ქარტიას, ევროპის საბჭოს ინიციატივას, რომლის მიზანია ლინგვისტური მრავალფეროვნების დაცვა და განვითარება.
ქარტიის ერთ-ერთ თანაავტორს დონალ რაიგაინს (Donall O Raigain) აგრეთვე მიაჩნია, რომ რუსეთში მიღებული ახალი კანონი ეწინააღმდეგება ქარტიის სულისკვეთებას. მას მოჰყავს ერთი პარაგრაფი, რომელშიც ნათქვამია, რომ რეგიონალური ან უმცირესობათა ენების მიმართ პოლიტიკამ უნდა გაითვალისწინოს იმ ჯგუფების აზრი და სურვილი, რომლებიც ამ ენებზე ლაპარაკობენ.
დონალ რაიგაინი აღნიშავს, რომ ადამიანები თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას, საკუთარ ფასეულობათა სისტემას ენას უკავშირებენ, დამწერლობა კი ენის განუყოფელ ნაწილად მიაჩნიათ. დამწერლობის შეცვლა უკარგავს ენას ამ ადამიანებისთვის ძვირფას და მნიშვნელოვან ნაწილს.
ხშირად დამწერლობის შეცვლას პოლიტიკური აზრი აქვს: მაგალითად, მოლდავეთმა და აზერბაიჯანმა, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ გადააგდეს კირილიცა, რომელიც მათ ძალით მოახვიეს თავს სტალინიზმის პერიოდში, და გადავიდნენ ლათინურ შრიფტზე.

დამწერლობის შეცვლის არაერთი შემთხვევა შეიძლება გავიხსენოთ ისტორიიდან. მაგალითად, გერმანული და ირლანდიური გელიკი ტრადიციული შრიფტიდან თანამედროვე ლათინურ დამწერლობაზე იქნა გადაყვანილი. მაგრამ ეს მოხდა ნებაყოფლობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და არა ზემოდან მიღებული ბრძანებით.
XS
SM
MD
LG