Accessibility links

ამბიციური “ამერი”


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი 2002 წლის 5 აპრილს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ

რეგისტრაციაში გაატარა ფეხბურთის კლუბი “ამერი”. ამაში უჩვეულო არაფერია, ერთი გარემოება რომ არა: “ამერი” თურმე ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს. მოგითხრობთ ამ კლუბის გეგმებზე.

თქვენ, ალბათ, ჯერ არაფერი იცით 14 წლის ფეხბურთელის ბექა გოცირიძის შესახებ. ალბათ, არც ბავშვთა საფეხბურთო გუნდის, “მარდის,” ამბავი გსმენიათ. ბექა 9 წელია ფეხბურთს თამაშობს, ამ გუნდში კი შარშან ჩაირიცხა. შარშანდლამდე “მარდი” არც არსებობდა. ფეხბურთის კლუბ “ამერის” დამფუძნებლებმა ყველაფერი “მარდით” დაიწყეს და, თუ პირველი ნაბიჯების მიხედვით ვიმსჯელებთ, საქმე კარგად მისდით. “მარდმა” სადებიუტო ტურნირში, ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშებაში, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ახლა კი მიხეილ მესხის ტურნირს ლიდერობს: 10 თამაშიდან 8 მოიგო, ორიც ფრედ დაამთავრა; საკუთარ კარში მხოლოდ 9 გოლი გაუშვა, მეტოქეს კი 53 გაუტანა. 11 გოლი ბექა გოცირიძის ანგარიშზე მოდის. ბექა ტურნირის ბომბარდირია. ადრე “ნორჩ დინამოელში” თამაშობდა, ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თამაზ კოსტავა ავარჯიშებდა. კოსტავა დღეს “მარდში” მუშაობს. ახალ გუნდში, გოცირიძის გარდა, სხვა ნიჭიერი ბავშვებიც მოუწვევია. აქ თურმე ვარჯიშისთვის უკეთესი პირობებია. ჰკითხეთ ბექა გოცირიძეს და უმალ გიპასუხებთ:
[ბექა გოცირიძის ხმა]: “ძალიან კარგი გუნდია, ამ გუნდში ვარ ახლა. სპონსორები გვყავს და ძალიან კარგი ვარჯიშები გვაქვს. კარგ სტადიონზე გვათამაშებენ – ყველანაირად კარგი პირობებია და რა ვიცი, ძალიან კარგია”.
ბექას თურმე ძალიან მოსწონს კარლოსი, რინალდო და მადრიდის “რეალი”, ქართული გუნდებიდან – თბილისის “დინამო”. “დინამო” “რეალთან” რას მივა, მაგრამ, როგორც ბექა ამბობს, ჩვენი გუნდები კვლავ აალაპარაკებენ ევროპას და ამ გუნდებს შორის უთუოდ იქნება “მარდი”. ასე მარტო ბექა როდი ფიქრობს – მისი თანაგუნდელებიც ამასვე ფიქრობენ. ჯერ პატარები არიან, მაგრამ დიდ ფეხბურთელობაზე ოცნებობენ. მხოლოდ ოცნებით, აბა, რა გამოსულა. დიდი ფეხბურთი დიდი შრომაა. “მარდელები”, როგორც ჩანს, საამისოდ მზად არიან და საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებიან. დილით - სკოლა, მერე - ფეხბურთი. ჯერ შემთხვევა არ ყოფილა, ვინმეს ვარჯიში გაეცდინოს. აქ დაგვიანებაც სასტიკად იკრძალება. ფეხბურთელთა და კლუბის მეპატრონეთა ურთიერთობას კონტრაქტი არეგულირებს. ჩვეულებრივი კონტრაქტია, არაფერი განსაკუთრებული. უჩვეულო ის არის, რომ ორივე მხარე ცდილობს ზუსტად დაიცვას კონტრაქტის პირობები, საქართველოში კი ასეთი რამ იშვიათად ხდება. ჩვენთან ასეთი წესია: ერთზე შეთანხმდებიან და მეორეს აკეთებენ. “მარდის” მაგალითი სასიამოვნო გამონაკლისთა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ. თუ დაინტერესდებით, ამას ფეხბურთელებიც და მშობლებიც დაგიდასტურებენ. აგერ, თუნდაც ბატონი ბესო, ბექა გოცირიძის მამა. მე ვკითხე და ასეთი პასუხი მივიღე: “არ მეგონა, საქართველოში ასეთი ხალხი კიდევ თუ იყო. საუკეთესო სავარჯიშო პირობები, უფასო კვება, სამედიცინო მომსახურება და ტრანსპორტი, სპორტული ფორმა, ინვენტარი და ათასი სხვა რამ. მეტი რაღა გინდა? ყველა პრობლემა მოხსნილია, მიდი და ივარჯიშე”. ამ თემას გაიოზ დარსაძე აგრძელებს – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა მომზადების ცენტრის უფროსი, კლუბ “ამერის” ტექნიკური დირექტორი.
(გაიოზ დარსაძის ხმა): “მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩვენს პრეზიდენტს, გუნდის ხელმძღვანელებსა და თავად ფეხბურთელთა შორის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, წმინდა ტექნიკური ასპექტებიდან გამომდინარე, უახლესი მეთოდიკით და ტექნოლოგიებით ხდება ფეხბურთელებთან მუშაობა. ეს უნიკალური მოვლენაა ქართული ფეხბურთისათვის, ვინაიდან აქ მიდის ზრუნვა ქართული ფეხბურთის მომავალზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თავის შედეგს გამოიღებს”.
ფეხბურთის კლუბი “ამერი” და თოთხმეტწლიანთა გუნდი “მარდი” კერძო პირთა საკუთრებაა. ამ ხალხს დიდი გეგმები აქვს და იმის რწმენაც, რომ ბავშვთა ფეხბურთში ჩადებული ინვესტიცია, საქმის სწორი ორგანიზაციის პირობებში, მოგებას მოიტანს. ფინანსურ ინტერესებთან ერთად, ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია მორალური კმაყოფილება, რომელიც შეიძლება მიიღო ამ საქმის წარმატების შემთხვევაში. კლუბის მფლობელებს ჯერ საწყისი კაპიტალი შეუგროვებიათ, მერე ფეხბურთის მცოდნე ხალხი შემოუკრებიათ და გრძელვადიანი გეგმაც შეუდგენიათ. კლუბის პრეზიდენტის ზურაბ ფოცხვერიას თქმით, ამ გეგმის პირველი ეტაპი ექვსწლიან პერიოდს მოიცავს.
(ზურაბ ფოცხვერიას ხმა): “ამ ექვსწლიანი გეგმის ამოცანაა, ეს ბავშვები გაიზარდონ კარგ ფეხბურთელებად, ჩამოყალიბდნენ ერთ გუნდად და ამ გუნდმა ითამაშოს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში”.
გეგმის მომდევნო ეტაპებს მე გაგაცნობთ და გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ: საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვება, ევროპულ სარბიელზე გასვლა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. თქვენ, იქნებ, გიკვირთ, ან სულაც გეღიმებათ, მაგრამ ეს თქვენი საქმეა. კლუბის ხელმძღვანელობა ასე მსჯელობს: თუ ფეხბურთში მოდიხარ და დიდ თამაშში ერთვები, მიზნად გამარჯვება და უმაღლესი შედეგები უნდა დაისახო. ვინც ასე არ იქცევა, შორს ვერ წავა. ზურაბ ფოცხვერიამ და მისმა პარტნიორებმა ამ გზაზე პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს. ბავშვთა ფეხბურთში “მარდი” ანგარიშგასაწევ ძალად იქცა, ეს გუნდი, უმეტესად, დიდი ანგარიშით იმარჯვებს და არამარტო თანატოლებთან შეხვედრებში. ზემოთ ნახსენებ მესხის სახელობის ტურნირში მარდელებზე ერთი წლით უფროსები თამაშობენ. “მარდი” მაინც პირველობს. ზურაბ ფოცხვერია აცხადებს:
(ზურაბ ფიცხვერიას ხმა): “ სახსრები იმისათვის, რომ ამ გუნდში ფეხბურთი იყოს, რეალურად შესაძლებელია მოიძებნოს. ეს ყველაფერი არის სურვილები, მიზნები, თუნდაც კონკრეტული, მაგრამ ჯერჯერობით მაინც მიზანი და ამაზე ვმუშაობთ. მომავალი გვიჩვენებს, ჩვენი ვარაუდები და პრინციპები რამდენად სიცოცხლისუნარიანია.”
კლუბის მენეჯერის ვახტანგ ბზიკაძის თქმით, დაგეგმილია ბავშვთა საფეხბურთო სკოლის გახსნა. ამ საქმისთვის იჯარით აიღებენ გლდანის ოლიმპიური რეზერვების სპორტსკოლის ტერიტორიას, მოეწყობა 2 სტანდარტული და 3 მცირე ზომის მოედანი, იქვე იცხოვრებენ რაიონებიდან ჩამოსული ბავშვები. მერე დღის წესრიგში დადგება მთავარი საწვრთნელი ბაზის მშენებლობა საგურამოში, მოგვიანებით, ალბათ, საკუთარი სტადიონის აშენებაც მოუწევთ. ხომ არ დაგავიწყდათ: “ამერი” და “მარდი” ჩემპიონთა ლიგას უმიზნებენ!
XS
SM
MD
LG