Accessibility links

ამ პაროდიული სიმღერის შემსრულებლებს შეიძლება


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ამ პაროდიული სიმღერის შემსრულებლებს შეიძლება

არც სჭირდებოდეთ წარდგენა: უწინდელი “რადიო 105”-ის, დღეს კი “რადიო 101”-ის, რომ იტყვიან, შემოქმედებითი კოლექტივის წევრები ჩვენი სტუმრები არიან. წლების მანძილზე მათი აუდიტორია გაფართოვდა: თინეიჯერებზე ორიენტირებულ მუსიკას სოციალური და პოლიტიკური სატირა დაემატა, რომლის მსმენელი ცოტა უფროსი ასაკისაა. “რადიო 101”-ს სხვადასხვა სიხშირის მოდულაციაზე მაუწყებელ რადიოარხებს შორის დღეს, ალბათ, ყველაზე უკეთ შეუძლია გააცინოს მსმენელი. თუმცა დღეს სერიოზული ლაპარაკიც გვექნება. ჯერ ეკა წამალაშვილი მოგითხრობთ ამ ჯგუფის მოკლე ისტორიას, შემდეგ კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს ჯგუფის ორ წევრთან: ზურაბ გაჩეჩილაძესა და მიშა მშვილდაძესთან.

“რადიო 101” -ს ნამდვილად უსმენენ და, სხვათა შორის, არამარტო თინეიჯერები. თუმცა, როგორც ამ რადიოს შემოქმედებითი ჯგუფის წევრი ზურა გაჩეჩილძე, ანუ შონზო, იხსენებს, ყოფილ ასხუთელებს და დღევანდელ ასერთელებს ეგონათ, რომ მათი მსმენელები, ძირითადად, თინეიჯერები იქნებოდნენ.

ზურა და მისი მეგობრები საკუთარ იუმორს მსმენელს ორი კვირაა Fm 101 ტალღაზე სთავაზობენ. მანამდე ჰქონდათ ერთწლიანი პაუზა, რომლის განმავლობაშიც ახალი ტიპის ტელევიზიის ეთერში გასვლისთვის ემზადებოდნენ. მზადების პროცესი დროში გაიწელა და “რადიო 105” – იდან წამოსული ჯგუფი ისევ რადიოს დაუბრუნდა და არცთუ დროებით. ეს ჯგუფი რადიოს მსმენელს არც ჩაფიქრებული ტელეგადაცემების ეთერში გასვლის შემდეგ მოაწყენს. ეს არის, რომ, როგორც ზურა გაჩეჩილაძე ამბობს, ტელევიზია მისთვის და მისი მეგობრებისთვის ფესვებთან დაბრუნების მსგავსი იქნება, რადგან ისეთი ტიპის რადიო, როგორიც “რადიო 105” ანუ “მამაჩემის რადიო” იყო და როგორიც დღევანდელი “რადიო 101” – ია, ტელეგადაცემებისთვის ჩაფიქრებული იდეებით შეიქმნა. იყო დრო, როცა “რადიო 101” -ის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები - შალვა რამიშვილი და ზურა გაჩეჩილაძე - იუმორისტულ გადაცემას დამოუკიდებელ ტელეკომპანია “იბერვიზიაში” ამზადებდნენ; ცოტა მოგვიანებით მათ და მათ მეგობრებს მეტი პოპულარობა “რადიო 105” – მა მოუტანა, უფრო სწორად, რაღაც-რაღაცებზე და ვიღაც-ვიღაცებზე მსმენელის გაცინებისა და ამით რაღაცის შეცვლის მცდელობამ. რამდენად და როგორ გამოსდიოდათ და გამოსდით “რადიო 101” – ის თანამშრომლებს ეს საქმე, მსმენელმა უწყის. ფაქტია, რომ მათ უსმენენ და მათ ხუმრობაზე ეცინებათ, შესაძლოა, იმათაც, ვისზეც ხუმრობენ. “რადიო 101”- ის იუმორისტული საინფორმაციო გამოშვებების ავტორი მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ მისი და მისი მეგობრების იუმორის მიმართ ასეთებს სერიოზული აგრესია ჯერ არ გამოუხატავთ.

[მიშა მშვილდაძის ხმა] “ვინმემ რომ გამოხატოს ცუდი დამოკიდებულება, მერე რაებს ჩავწერთ.. თუ ჩვენ გავბრაზდით!”

[ფრაგმენტი მიშა მშვილდაძის საინფორმაციო გადაცემიდან]

ასეთია მიშა მშვილდაძის საინფორმაციო გამოშვებები. თუმცა, როგორც ის და ზურა გაჩეჩილაძე აცხადებენ, “ რადიო 101” – ის შემოქმედებითი ჯგუფი ცდილობს დაძლიოს ტენდენცია, რომელიც “რადიო 105 “ – ში მძლავრობდა და უფრო პოლიტიკის გაშარჟებასა და მთავრობის გინებაზე იყო ორიენტირებული. ზურა გაჩეჩილაძის თქმით, საქართველოს მთავრობის დაცინვა კიდევ უფრო მოდური სწორედ “რადიო 105” - ის არხებმა გახადა.” მაგრამ, დროა “რადიო 101” – მა მოდაში ცოტა განსხვავებული ტენდენციები შემოიტანოსო,”- ამბობს ის და ამ ტენდენციებში ახალი კონცეფციების ძალაში შესვლასა და კონკრეტული პიროვნებების სამიზნეში ამოღებას გულისხმობს. მაგალითისთვის, წინა კვირაში მიშა მშვილდაძის მუზა დეპუტატი ვიტალი ხაზარაძე იყო. შეკითხვას, რატომ მაინცდამაინც - ის, “რადიო 101”- ის საინფორმაციო გამოშვებების ავტორი ასე უპასუხებს:

[მიშა მშვილდაძის ხმა] “ვიტალი ხაზარაძე ძალიან საყვარელი და სასაცილოა, მე ასე მეჩვენება. წინა კვირაში ყველა საინფორმაციო გადაცემაში გვქონდა ამბები ვიტალი ხაზარაძეზე. რიგში დგანან პატიაშვილი და ჭაჭია, აქვე გაგიმხელთ ამ კონცეფციის საიდუმლოს. ახალი კონცეფცია იქნება: პატიაშვილი, ჭაჭია და ტყავის კურტკები. “


“ჩვენ გვაქვს შინაგანი ცენზი და ვცდილობთ დაუკრეფავში არ გადავიდეთ. ჩვენი ხუმრობა, რასაც ზოგმა შეიძლება წვრილმანი ხულიგნობაც დაარქვას, სიმართლეს ეყრდნობა, ხალხურია და ასატანია,” – ასე ფიქრობს მიშა მშვილდაძე, ასევე ფიქრობს ზურა გაჩეჩილაძეც. ისინი ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან და, სანამ მათთან ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, მოკლედ ამ ახალგაზრდების შესახებ:

მიშა მშვილდაძემ დაამთავრა თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, შემდეგ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა აუდიტორულ ფირმაში და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაშიც კი, სადაც აკუმულატორების ფირფიტების დამზადებას ცდილობდა. მაგრამ გაჩნდა 105 და მიშას ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეიცვალა. რაც შეეხება ზურას, მან თავის დროზე სკოლიდან სკოლებში ბევრი იმოგზაურა და ეს ტრადიცია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შემდეგაც გააგრძელა. აგრარული უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავიდა და პირველად სწორედ უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბში გამოიჩინა თავი. რაც ზურას, ანუ შონზოს, საქმიანობაში უნივერსიტეტის შემდეგ მოხდა, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ამდენად, ჯობს, თავად მას და მიშა მშვილდაძეს მოვუსმინოთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG