Accessibility links

logo-print

არასამხედრო-ალტერნატიული შრომითი სამსახური ქართულად


ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ,

როგორც იქნა, წელს პირველად აამოქმედა საქართველოს პარლამენტის მიერ "არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ", ჯერ კიდევ1997 წლის 28 ოქტომბერს მიღებული, კანონი. ოფიციალური ინფორმაციით, საშემოდგომო გაწვევის კამპანიის მსვლელობისას, ალტერნატიული შრომითი სამსახურის უფლებით 70 წვევამდელმა ისარგებლა და, როგორც პირველი დაკვირვება ცხადყოფს, ამ კონტინგენტის უმრავლესობა კეთილსინდისიერად ასრულებს უხიფათო, მაგრამ სამხედრო სამსახურზე გაცილებით არაპრესტიჟულ, საქმეს. თუმცა, ამ დადებითი ტენდენციის მიუხედავად, სტარტზევე, ალტერნატიული შრომითი სამსახურის კანონი სხვადასხვა ორგანიზაციული, საკანონმდებლო თუ ზნეობრივი ხასიათის პრობლემებსაც წააწყდა.

მათი რაოდენობა, ვინც სამხედრო სამსახურს შრომითი სამსახური არჩია, საქართველოს მასშტაბით, სულ რამდენიმე ათეულს შეადგენს. ისინი სახლიდან სისხამ დილით გადიან - მაშინ, როცა ჩვეულებრივ მოქალაქეებს ჯერ კიდევ სძინავთ - და ასრულებენ სამუშაოს, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების უმრავლესობისთვის, ინერციით, ჯერ კიდევ მიუღებელია: ალაგებენ ქუჩებს და სკვერებს, ბუნკერებიდან გააქვთ ნაგავი. სხვა სიტყვებით, მუშაობენ "კომუნალური მომსახურების" ობიექტებზე და კანონით დადგენილ ყველაზე მინიმალურ ანაზღაურებას ღებულობენ.

მოქალაქეებს, რომლებმაც სამხედრო სამსახურს არაპრესტიჟულ ადგილებში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი სამსახური ამჯობინეს, საქართველოში "იეღოველებად" ან "სექტანტებად" მიიჩნევენ, რასაც სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დამცველი, იურისტი დავით კიკალეიშვილი აზროვნებაში დამკვიდრებული სტერეოტიპის გავლენით ხსნის.
[დავით კიკალეიშვილის ხმა] "სადღაც 70 პროცენტი, ალბათ, არის ის ხალხი, ვინც გაწვეულია რელიგიის გამო, ანუ არის ეგრეთ წოდებული "იეღოველთა", "ევანგელისტთა"და სხვადასხვა სექტების, სხვადასხვა რელიგიური მიმდევრობის წარმომადგენლები. ამის პრობლემას ქმნის ის, რომ თავად საზოგადოება არ არის ინფორმირებული და ძალიან ხშირად თავად დამსაქმებელში არის შიში, რომ შეიძლება ამ ხალხმა{გაწვეულებმა - კ.ლ.} მათ სამსახურს შეუქმნან პრობლემა, რადგან საზოგადოებაში არის ამ ხალხის მიმართ გარკვეული ცუდი დამოკიდებულება." [სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ კანონი უფლებას აძლევს ნებისმიერ მოქალაქეს არა მხოლოდ აღმსარებლობისა და რწმენის, არამედ სინდისის თავისუფლების საფუძველზე განაცხადოს უარი სამხედრო სამსახურზე. ამიტომ საქართველოში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ, სექტების მომძლავრების პირობებში, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დაკანონება სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების კიდევ ერთ საშუალებად იქცეოდა და, საერთოდ, სამხედრო ძალებს ადამიანური რესურსის გარეშე დატოვებდა.

მაგრამ, როგორც სტატისტიკა მოწმობს, მიმდინარე წლის საგაზაფხულო ალტერნატიულ გაწვევაზე განცხადება მხოლოდ 31-მა მოქალაქემ შეიტანა, მიმდინარე საშემოდგომო გაწვევის დროს კი შრომითი სამსახურის გავლის ადგილებში მხოლოდ 70 ახალგაზრდა ჩაირიცხა.

გაწვევის პრობლემებზე მომუშავე ექსპერტების აზრით, ამის მთავარი მიზეზი სწორედ კომისარიატების მუშაობაა, სადაც ამ კატეგორიის მოქალაქეებს, არცთუ იშვიათად, პოტენციურ დეზერტირებად განიხილავენ და, ფულის გამოძალვის მიზნით, სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერს უქმნიან. თუმცა ამ მოსაზრებას მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტის უფროსი ანტონ ჭანტურია.

[ანტონ ჭანტურია ხმა] "კომისარიატები გვაწვდიან ჩვენ იმ სიებს, ვინც გამოხატა სურვილი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ. ამიტომ, ვთქვათ, ეს სამოცდაათი გაწვეული იქიდან მოდის. რაც კომისარიატებმა მოგვაწოდა, ისინი გავიწვიეთ. კორუფციის წყაროს აქ მე ვერ ვხედავ, ჯერ ერთი, არ გვქონდა შეხება და შემთხვევები კორუფციასთან დაკავშირებული." [სტილი დაცულია]

როგორც ამ დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, არასამხედრო შრომით სამსახურში გაწვევა, ძირითადად, ქალაქებისა და რაიონების კომუნალური მომსახურების ობიექტების ვაკანტურ არაპრესტიჟულ ადგილებზე მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალწვეულთა უმრავლესობას სამხედრო სამსახური არაფრით იზიდავს, მათთვის ჯერჯერობით სამოქალაქო დანიშნულების ობიექტებზე მძიმე ფიზიკური მუშაობის შესრულებაც მიუღებელი აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალი და თავისუფლების" წარმომადგენლის დავით კიკალეიშვილის თქმით, ის 70 ახალგაზრდა, ვისი დასაქმებაც მოხერხდა, მართალია, კეთილსინდისიერად მუშაობს, მაგრამ მაინც არ ასრულებს იმ სირთულის სამუშაოს, რასაც კანონი ითვალისწინებს.
[დავით კიკალეიშვილის ხმა] "ეს სამსახური უნდა იყოს ზუსტად იმ სირთულის, რა სირთულისაც არის სამხედრო სამსახური. უნდა იყოს ის პირი დასაქმებული ხუთი სამუშაო დღით კვირაში, არანაკლებ 40 საათისა, და ასე შემდეგ. მაგრამ თვით სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ხალხი უფრო ნაკლებს მუშაობს და შედარებით უფრო პრივილეგირებულია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მაინც, რომ ეს ხალხი საღამოს სახლში მიდის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იმ პოტენციალის გამოყენება, რაც სახელმწიფოს ამ მხრივ გააჩნია, უფრო სასარგებლოდ შეიძლება. თუმცა ისინი თავის მოვალეობას დღესდღეისობით, რა თქმა უნდა, ასრულებენ."[სტილი დაცულია]

ერთადერთი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ალტერნატიულ, შრომით სამსახურში გაწვეული ახალგაზრდები, თავიანთი სამხედრო თანატოლებისგან განსხვავებით, არაპრესტიჟულ საქმეებს ასრულებენ და ექვსი თვით მეტს, ანუ 24 თვეს, მსახურობენ. და კიდევ, ალტერნატიულ, შრომით სამსახურში მყოფ მოქალაქეს დამქირავებელი დახარჯული შრომისთვის ხუთჯერ ნაკლებს უხდის, ვიდრე სხვა თანამშრომელს.

[ანტონ ჭანტურიას ხმა] " კანონით გათვალისწინებულია, რომ მათ უხდიან ქვეყანაში დადგენილ მინიმალურ ხელფასს. თუ აიწევა მინიმალური ხელფასი, ამათაც მოემატებათ ეს ანაზღაურება." [სტილი დაცულია]

ამ ფულით კი მან კვირაში ხუთჯერ უნდა იმგზავროს, დღეში სამჯერ იკვებოს და, როგორც ერთ ქართულ ზღაპარშია, სახლშიც რაღაც სარჩო მიიტანოს. თანაც, ალტერნატიული, შრომითი სამსახურის კიდევ ერთი ქართული სპეციფიკა და მთავარი სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ მსურველების შრომითი ადგილებით დაკმაყოფილება მხოლოდ ქალაქებშია შესაძლებელი, სოფელში კი, სადაც ყველა საზოგადოებრივი მეურნეობა განადგურებულია, იქაურ მცხოვრებთათვის, ფაქტობრივად, არაფერია შესათავაზებელი, საკუთარი ყანისა და ვენახის გარდა. მაგრამ რაკი ეღირსა და ეს საქმე ადგილიდან დაიძრა, ალტერანატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც იმედოვნებენ, რომ შემდგომში ამ ხარვეზებს სამუშაო ვითარებაში მიხედავენ.
XS
SM
MD
LG