Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის იარაღის პროგრამების შესახებ ანგარიში გაეროს გადაეცა


გაეროს განიარაღების ისნპექტორთა ხელმძღვანელმა, ჰანს ბლიქსმა, მას მერე, რაც მიიღო ერაყის მიერ საგანგებოდ მომზადებული ანგარიში ამ ქვეყნის იარაღის პროგრამების შესახებ, თქვა, ახლა იწყება მუშაობაო.

ბლიქსმა ჩანთა, რომელშიც ბაღდადის ეს 12 ათას გვერდიანი ანგარიში იდო, პირადად ჩაიბარა და კვირა ღამით გაეროში, ნიუ იორკში, შესაბამის უწყებას ჩააბარა. მისი კომისიის სპეციალისტები ახლა ამ ვრცელი ნაწერის დეტალურ ანალიზს შეუდგნენ. გაეროს 1441-ე რეზოლუციის თანახმად, ერაყს იარაღის პროგრამების ანგარიში 30-დღიანი ვადაში უნდა ჩაებარებინა. თუკი გაირკვა, რომ ეს სია უზუსტობას და სიყალბეს შეიცავს ერაყის ბიოლოგიური, ქიმიური და ბალისტიკური იარაღის შესახებ, საქმე გვექნება რეზოლუციის სერიოზულ დარღვევასთან. შეერთებული შტატები, ასეთ შემთხვევაში, ერაყს სამხედრო დარტყმით ემუქრება, მაგრამ იმავე რეზოლუციის მიხედვით, ოპერაციის განხორციელებამდე, მოვალეა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართოს. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის იმ ნაწილით, რომელიც ბირთვულ იარაღს შეეხება, დაკავდება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო უწყება, რომელიც ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში იმყოფება. უკვე სამშაბათისთვის ცნობილი გახდება, თუ როგორია ამ დოკუმენტის შემადგენლობა. რაც შეეხება შინაარსს, გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, იარაღის ამ დეკლარაციის ასლს ჯერჯერობით არცერთი სხვა უწყება თუ სახელმწიფო არ მიიღებს.
ერაყის წარმომადგენელმა, გაეროსთან მეკავშირემ, გენერალმა ჰოსამ მოჰამად ამინმა თქვა, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი აღარ აქვს. სამეცნიერო სფეროში ერაყის მთავრობის მრჩეველმა ამირ ელ საადიმ კი თქვა, რომ ეს ანგარიში სრული, ამომწურავი და უტყუარი ინფორმაციას შეიცავს. მისივე თქმით, თუკი ამერიკელებს და ინგლისელებს რამეში ეჭვი ეპარებათ, უნდა დაადასტურონ ეს, რაც მალე მით უკეთესი. ალ საადი ვაშინგტონს და ლონდონს მიმართავს, რა საჭიროა ეს თამაშიო?
[ალ საადის ხმა]
“იმედია, ისინი დაკმაყოფილდებიან, რადგან დოკუმენტი, როგორც მოგვთხოვეს, აქტუალურია, ზუსტია, ამომწურავია, სამართლიანია. თუკი რამე აქვთ საწინააღმდეგო, დაუყოვნებლივ აცნობონ ან განიარაღების კომისიას, ან ატომურ უწყებას. ისინი მუშაობენ, მათ შეუძლიათ შემოწმება. რა საჭიროა ეს თამაში?”
ერაყმა ანგაირიში წარმოადგინა, ახლა მსოფლიო იმედოვნებს, რომ ის, რაც მასში წერია, მართლაც სიმართლეა, მაგრამ იმავე შერთებული შტატების სადაზვერვო სამმართველოს მოეპოვება ინფორმაცია, რომ ერაყი მალავს მასობრივ განამდგურების იარაღის პროგრამას. ის, რაც გახმაურდა, შეეხება ერაყის ქიმიურ იარაღს და მცდელობას, დაემზადებინა მცირე სიმძლავრის ბირთვული ბომბი. ოფიციალურად, ჯერჯერობით, ის, რომ ერაყს ამგვარი იარაღი აქვს, დადასტურებული არ არის. სხვა შემთხვევაში გაეროს ინსპექტორების ახლანდელი მისია, საფუძველს მოკლებული იქნებოდა. კომისია კი განაგრძობს ერაყის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების შემოწმებას. ინსპექტორთა რიცხვი კვირას კიდევ 32 სპეციალისტით გაიზარდა.
ერაყის მიერ გაეროს ზემოთხსენებული რეზოლუციის უგულებელყოფის შემთხვევაში, ბაღდადს ომით ემუქრებიან. შეერთებულმა შტატებმა დაასრულა თავისი ჯარების სპარსეთის ყურეში თავმოყრა - შესაძლებელი ომის სამზადისი. იქ 60 ათასი ჯარისკაცია თავმოყრილი, ამას ემატება 200 საბრძოლო თვითმფრინავი. ორშაბათს ყურეში დაიწყო სამხედრო მანევრები, რომლის მიზანია კატარში ამოქმედებული თანამედროვე სამეთაურო ცენტრის გამოცდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG