Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ გადასცა რუსეთის მხარეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი კრიმშამხალოვი?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავის ქართველ კოლეგას მადლობას უხდის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, რაც გასული კვირის ბოლოს რუსეთის

მხარისთვის მოსკოვისა და ვოლგოდონსკის სახლების აფეთქებაში ეჭვმიტანილი იუსუფ კრიმშამხალოვის გადაცემით გამოიხატა, საქართველოს მხარე კატეგორიულად უარყოფს ტერორიზმში ეჭვმიტანილის დაკავებისა და რუსეთში ექსტრადიციის ფაქტს. ვინ გადასცა იუსუფ კრიმშამხალოვი რუსეთს, სრულიად გაუგებარია.

9 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამინისტრო და სამთავრობო დაცვა ერთხმად უარყოფდა საქართველოს ტერიტორიაზე მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქების ბრალდებით ძებნილის იუსუფ კრიმშამხალოვის დაკავების ფაქტს. საქართველოს გენერალური პროკურატურა ასეთივე კატეგორიულობით უარყოფდა ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთში საქართველოს მიერ დაკავებულის ექსტრადირების ფაქტს. როგორც საინფორმაციო სააგენტო “კავკაზპრესს” განუცხადა საქართველოს გენერალური პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დალი სადატიერაშვილმა, გენპროკურატურის ნებართვის გარეშე ვისიმე ექსტრადიცია შეუძლებელია, გენპროკურატურას კი ასეთი ნებართვა არ გაუცია.
არადა, რუსეთის მედიის ცნობით, უკვე მეორე დღეა, რაც ლეფორტოვოს საკანში დაზვერვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლები იუსუფ კრიმშამხალოვის დაკითხვას შეუდგნენ. შეგახსენებთ, რუსეთის მხარე იუსუფ კრიმშამხალოვს 1999 წელს ვოლგოდონსკსა და მოსკოვში განხორციელებული საცხოვრებელი სახლების აფეთქების ორგანიზებაში სდებს ბრალს. მოსკოვისა და ვოლგოდონსკის ტერაქტებს, მთლიანობაში, 230 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთის მხარე დაახლოებით ერთი წელია ამტკიცებს, რომ ამ ტერაქტების ორგანიზატორები – კრიმშამხალოვის გარდა, ასახელებენ ადამ დოკუშევსა და თიმურ ბატჩიევს–პანკისის ხეობას აფარებენ თავს. ადამ დოკუშევი ქართველმა სამართალდამცავებმა ამ ზაფხულს ურეკში დააკავეს და რუსეთის მხარეს გადასცეს. თიმურ ბატჩიევის გადაცემა კი ვერ მოხერხდა – იგი ლაგოდეხთან სპეცოპერაციისას დაიღუპა გასულ კვირას. დარჩა მხოლოდ ერთი ძებნილი – გოჩიაევი, რომელიც, რუსეთის მხარის ვარაუდით, ასევე საქართველოს აფარებს თავს.
ორშაბათის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ მებრძოლებს, ვინც პარასკევს ლაგოდეხთან საშიში დამნაშავეების ჯგუფი გაანადგურა. პრეზიდენტის თქმით:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ მათ შორის, ერთ-ერთი ტერორისტი, როგორც გვეუბნებიან, ბრალდებულია 1999 წლის შემოდგომაზე მოსკოვში საზარელი ტერაქტების ორგანიზებაში, რასაც ასეულობით უდანაშაულო ადამიანი – ქალი, ბავშვი და მოხუცი - შეეწირა. ყველაზე შემაძრწუნებელი კი ის არის, რომ სპეცსამსახურთა მონაცემებით, ექსტრემისტთა ჯგუფები თბილისშიც გეგმავდნენ ფართომასშტაბიან ტერორისტულ აქტებს.”
ისევ 1999 წლის რუსეთის ტერაქტებს თუ დავუბრუნდებით, რუსეთში არსებობს მოსაზრება, რომ ვოლგოდონსკისა და მოსკოვის ტერაქტები დაზვერვის ფედერალური სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული და, ანტიჩეჩნური განწყობილებით მანიპულირების მეშვეობით, ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებას ისახავდა მიზნად. მაშინდელმა პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა სწორედ ანტიჩეჩნური კამპანიის ტალღაზე მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარულობა, რაც, საბოლოოდ, მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის წაადგა. სხვათა შორის, რუსეთში შექმნილი საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიისთვის მიცემულ წერილობით ანგარიშში – ამ კომისიას ვლადიმირ კოვოლიოვი ხელმძღვანელობს – იუსუფ კრიმშამხალოვმა 1999 წლის ტერაქტების ორგანიზატორად დაზვერვის ფედერალური სამსახურის უფროსი პატრუშევი დაასახელა. საინტერესოა, შეცვლის თუ არა იგი ჩვენებებს ლეფორტოვოში.
XS
SM
MD
LG