Accessibility links

logo-print

ანტიკრიმინალური ოპერაცია ადამიანთა უფლებების დარღვევისა და ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობის გაცივების ხარჯზე


თბილისში მცხოვრები ჩეჩნების იდენტიფიკაციისთვის ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის მიმართ საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ.

პრეზიდენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებულ ოპერაციას მაღალი შეფასება მისცა, თქვა, რომ იგი ტერორისტული აქტების აღკვეთის მიზნით ჩატარდა. ადამიანის უფლებების დამცველები კი მომხდარს აპროტესტებენ. ადამიანების, ამ შემთხვევაში - თბილისში მცხოვრები ჩეჩნების, უფლებების დარღვევით წარმართული ოპერაციის გამო ისინი სასამართლოს მიმართავენ, თუმცა, რას შეცვლის ეს, უკვე ძნელი სათქმელია. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს იმადლიერებს, ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობაში კი სერიოზული ბზარი შეაქვს. ჩნდება ეჭვი, რომ პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანით ქართველმა ძალოვანებმა რუსეთის სპეცსამსახურების გეგმა შეასრულეს.

ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები კატეგორიულად უარყოფენ მოქალაქეთა რეგისტრაციის შემოწმების ღონისძიებად მონათლულ ოპერაციაში რუსი სპეციალისტების მონაწილეობას. ადამიანის უფლებათა ქართველი დამცველები კი ირწმუნებიან, რომ თბილისში მცხოვრები ჩეჩნების - მათ შორის, ქალებისა და ბავშვების -იდენტიფიკაციის ღონისძიება რუსეთიდან ჩამოსული სპეციალისტების აქტიური მონაწილეობით მოხდა. აღნიშნულს თავად ის ადამიანები ადასტურებენ, რომლებიც ამ ორი დღის წინ პოლიციის განყოფილებებში ყველა ნორმის დარღვევით მიიყვანეს. ნანა კაკაბაძე, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგნიზაციისა “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის,” ამბობს, რომ მას ინტენსიური კავშირი აქვს თბილისში მცხოვრებ ჩეჩნებთან და მათი მონათხრობი სარწმუნოს ხდის ჩეჩენი ლტოლვილების დაკითხვის პროცესში რუსების მონაწილეობას.

[ნანა კაკაბაძის ხმა] “ ფაქტიურად, ყველა ოთახში, რომლებშიც ეს ჩეჩნები იმყოფებოდნენ, დადიოდნენ ეს რუსები და თვალყურს ადევნებდნენ დაკითხვის იმ მონაკვეთს, ვიდეოფირზე ჩაწერის მონაკვეთს, როცა ჩეჩნები საკუთარ მისამართს და ვინაობას ადასტურებდნენ. “ [სტილი დაცულია]


ჩეჩენი ლტოლვილების იდენტიფიკაციის ამ ღონისძიების რუსულ წარმომავლობაზე მიანიშნებს ექსპერტი კავკასიურ საკითხებში მამუკა არეშიძეც. ის ხელისუფლებას ჩეჩნებთან დამოკიდებულებაში სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან შიშობს, 2 დღის წინ ჩატარებული ოპერაცია საქართველოში მოსალოდნელი სერიოზული ექსცესების ჩეჩნებისთვის გადაბრალების მიზნით არ იყოს ჩაფიქრებული. მამუკა არეშიძის აზრით, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობაში ხინჯის შესატანად მოვლად უდუგოვის სახელი და გვარი მიზანმიმართულად უნდა გამოეყენებინათ, რადგან უდუგოვს მუქარის ტონით საუბარი ახასიათებს. საქმე ის არის, რომ ჩეჩნეთის ინფორმაციის მინისტრმა ტელეკომპანია “რუსთავი - 2 “- თვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ 3 ჩეჩნის მოსალოდნელ ექსტრადიციასთან დაკავშირებით ის საქართველოს არ დამუქრებია და რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ შეთითხნილი ეს დეზინფორმაცია შორს მიმავალ მიზნებს ემსახურება. პრეზიდენტმა შევარდნაძემ კი ორშაბათის ტრადიციულ ინტერვიუში მაინც აღნიშნა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “როგორ ბედავს ზოგიერთი დაემუქროს იმ ქვეყანას, რომელიც ყველაზე ნაკლებად იყო ვალდებული და ყველაზე მეტი გააკეთა იმავე ლტოლვილებისთვის.”


როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტს ჩატარებულ ოპერაციასა და მის შესაძლო არასასიამოვნო შედეგებზე ისეთივე ნათელი წარმოდგენა აქვს, როგორიც უდუგოვის მუქარაზე. მამუკა არეშიძის ინფორმაციით, თბილისში ანტიკრიმინალური სულისკვეთებით ჩატარებულ რუსულ ოპერაციას სერიოზული უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.

[მამუკა არეშიძის ხმა] “ძალინ დიდი რეზონანსი მიეცა ამ ამბავს. ამაში ჩართულია არა მარტო საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები, არამედ საზღვარგარეთი. ძალიან სერიოზული ზარები იყო პოლონეთიდან, თურქეთიდან. ეს ზარები ჯერჯერობით იყო კონსტრუქციული, მაგრამ გამაფრთხილებელი.”

საქართველოს შეფარებულ ჩეჩნებს საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი აღარა აქვთ. ისინი შიშობენ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთში მათ მასობრივ დეპორტაციას არ დათანხმდეს. ამ ყველასგან მიტოვებული ადამიანებისადმი ქართველი სამართალდამცავების უკანონო მოპყრობის გამო ადამიანის უფლებათა ქართველი დამცველები სასამართლოს მიმართავენ.
XS
SM
MD
LG