Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პრობლემატიკა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციაზე ფიქრობს. ამ დროს კი არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა დამოუკიდებლობაზე საუბრობს და,

ძირითადად, რუსეთის მხარდაჭერის იმედი აქვს.
გესაუბრებით წინა კვირის რუსეთის პრესაში ამ საკითხების გარშემო გამოქვეყნებული წერილების შესახებ.

4 დეკემბრის გაზეთ “ვრემია ნოვოსტეის” თქმით, “იმასთან დაკავშირებით, რომ 31 დეკემბერს ვადა გასდის აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატს, თბილისში აქტიურად ცდილობენ მოსინჯონ შესაძლებლობები “ცისფერჩაფხუტიანთა” კონტინგენტის ინტერნაციონალიზაციისთვის. გარდატეხის მომენტად შეიძლება იქცეს საქართველოში ლეონიდ კუჩმას ვიზიტი, რომელიც ამ დღეებში შედგება”.

“საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ გაზეთს განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დროს აუცილებლად წამოჭრიან ამ ქვეყნის მშვიდობისმყოფელთა მოზიდვის საკითხს”. გაზეთის თქმით, “თბილისში მიიჩნევენ, რომ სამშვიდობო ოპერაციის აფხაზეთის სიღრმეში გადაწევა დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების სტიმულად იქცევა”. თუმცა წერილში აღნიშნულია, რომ “სამშვიდობო ძალების დსთ-ის ეგიდიდან გამოყვანა და მათზე გაეროს მანდატის გავრცელება დღესდღეობით არარეალურია”. თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ “პერსპექტივა არ ჩანს, მაგრამ ყველაფერი
დსთ-ის ჩარჩოებში უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ეს კოლექტიური ძალების მანდატით არის გათვალისწინებული”.

“ვრემია ნოვოსტეის” თქმით, “პრობლემა ის არის, რომ დსთ-ის ერთადერთი ქვეყანა, უკრაინა, თანახმაა კონტინგენტის გამოყოფაზე, მაგრამ გაეროს მანდატს ითხოვს. გაერო კი არ არის მზად იმისთვის, რომ გარკვევით განაცხადოს, თუ რამდენად შესაძლებელია “ცისფერჩაფხუტიანთა” ინტერნაციონალიზაცია აფხაზეთში”. გაზეთის აზრით, “თბილისს გარკვეული დროის განმავლობაში მოუწევს შეეგუოს სტატუს-კვოს, რომელიც დღეს სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით არსებობს”.

4 დეკემბრის გაზეთი “იზვესტია” აქვეყნებს ინტერვიუს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალ პრემიერ-მინისტრ გენადი გაგულიასთან, რომელსაც უკვე ეკავა ეს პოსტი 1995-98 წლებში. კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოსთან ურთიერთობის აწყობას, გაგულიამ უპასუხა, რომ “საქართველო თავისთვის არის, აფხაზეთი კი – თავისთვის”. “ვერ ვხედავ იმის წინამძღვრებს, რომ რაიმემ დაგვაახლოოს”, - განაცხადა მან.
გაგულიას თქმით, “ხელისუფლებაში მოსული ყველა აფხაზის პროგრამა ის არის, რომ აფხაზეთმა, ბოლოს და ბოლოს, თავისი სახელმწიფოებრიობა მიიღოს”.

არაღიარებული რესპუბლიკის ახალი პრემიერი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის ლიკვიდაციას მიიჩნევს და მის გადაჭრაში საერთაშორისო საზოგადოებრიობის, უპირველესად კი, რუსეთის იმედი აქვს.

ეკონომიკურ საკითხებზე საუბრისას გენადი გაგულიამ “იზვესტიას” განუცხადა, რომ აფხაზეთის მიმართ დღემდე მოქმედებს საზღვრების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც 1995 წელს მიიღეს დსთ-ის ქვეყნების სამიტზე. მაგრამ, მისი თქმით, “აფხაზეთს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთის სამხრეთის ფედერალურ ოკრუგთან.” გაგულიას ინფორმაციით, “კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეების გუბერნატორები პირადად გაეცნენ აფხაზეთის პრობლემებს. აფხაზეთმა ხელშეკრულება დადო კრასნოდარის მხარესთან და როსტოვის ოლქთანაც ამასვე აპირებს”. გენადი გაგულია ამბობს, რომ “რუსეთის ფედერაციის არც ერთი სუბიექტისთვის არავის აუკრძალავს აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება”.
XS
SM
MD
LG