Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულომ 2 ვიცე-პრემიერი და თბილისის მთავარი არქიტექტორი დაამტკიცა


დავით პაიჭაძე, თბილისი ვიცე-პრემიერებისა და თბილისის მთავარი არქიტექტორის დამტკიცებას საკრებულოში წინ უძღოდა ძველი არგუმენტების ხანმოკლე ჭიდილი:

ლეიბორისტებმა უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ კანდიდატურები უნდობლობაგამოცხადებულმა მერმა წარმოადგინა; ახალი მემარჯვენეები დარბაზში დარჩნენ, მაგრამ კენჭისყრაში ასევე არ მიიღეს მონაწილეობა: ახლები სკეპტიკურად ეკიდებიან შეცვლილი მთავრობის ეფექტიანი მუშაობის პერსპექტივას, რადგან მათი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის, აზრით, შესაცვლელია მმართველობის სისტემა ქალაქში და მთავრობის სტრუქტურა. ეს წინადადება არავინ შეისმინა, სამივე კანდიდატურას ერთად უყარეს კენჭი და სამივემ ერთნაირი შედეგით – 28 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - დაიკავა ახალი თანამდებობა.

დამტკიცების შემდეგ მე გავესაუბრე თითოეულ მათგანს. სამივე ხაზგასმით აღნიშნავდა ქალაქის მართვაში მოქალაქეთა ჩართვის აუცილებლობას. გიორგი კარბელაშვილს ვთხოვე, ჩამოეთვალა სფეროები, რომელსაც ის კურირებას გაუწევს და მოკლედ დაეხასიათებინა სამომავლო პოლიტიკა [კარბელაშვილის ხმა]: “ეს არის არქიტექტურა, კომუნალური სამსახურები, გზები, დასუფთავება, გამწვანება, ენერგომატარებლები, თბილგაზი – მისახედია ყველა მიმართულება, გასატარებელია რეფორმები. პრიორიტეტი, ასე თუ ისე, მაქვს: ესაა დასუფთავება. ქალაქში უნდა აშენდეს გადამამუშავებელი ქარხანა. ეს არის მთავარი. ფული უნდა ვხარჯოთ გამჭვირვალედ. პრესა იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაციები – ყველა უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. აგრესიული პოლიტიკით უნდა დავიწყოთ მუშაობა”.

თემურ ქურხული ეკონომიკის დარგში ვიცე-პრემიერობამდე თბილისის ისან-სამგორის რაიონის გამგებელი იყო [ქურხულის ხმა]: “ეკონომიკასთან ერთად, ტრანსპორტსაც კურატორობას გავუწევ და, ძირითადად, ბიუჯეტსაც. [კითხვა] რას გულისხმობს რეფორმები თქვენს სფეროში? [პასუხი] თუ ჩვენ საბიუჯეტო მოწყობაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად საჭიროა პროგრამულ დაფინანსებაზე გადასვლა, რათა ბიუჯეტი გახდეს გამჭვირვალე, ხალხისთვის ხელმისაწვდომი და ჩასახედი. თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან წინააღმდეგობაში არ მოვალთ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, შეიძლება მოსახლეობასთან ერთად ერთობლივი პროექტებიც განხორციელდეს. [კითხვა] რა არის ბიუჯეტის მაქსიმუმი თბილისში? [პასუხი] 200 მილიონზე მეტი, ალბათ, არ შეიძლება. [კითხვა] თქვენდამი რწმუნებულ სფეროში რა არის ძირითადი პრობლემა? [პასუხი] რა თქმა უნდა, შემოსავლები. მარტივად რომ ვთქვათ: ფული არის – საქმე გაკეთდება, ფული არ არის – არ გაკეთდება”.

საკრებულში მოსული პოლიტიკური ძალები საარჩევნო და შემდგომი კამპანიებისას ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ქალაქის იერსახის დამახინჯებასა და უკანონო მშენებლობების აღმოფხვრაზე. თბილისის მთავარ არქიტექტორს, ბუნებრივია, განსაკუთრებულ მოთხოვნებს წაუყენებენ სწორედ ამ თვალსაზრისით. მე ვკითხე ირაკლი როსტომაშვილს, რა უფლებები და ბერკეტები ექნება უკანონო მშენებლობების აღსაკვეთად [როსტომაშვილის ხმა]: “გვაქვს უფლება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევაჩეროთ. არის არქმშენინსპექცია, არის სასამართლო, მოკლედ რომ ვთქვათ. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკანონობას წინ აღვუდგეთ. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების ინტერესი. თუ საზოგადოების ინტერესი და სოციალური დაკვეთა მიმართული იქნება იმისკენ, რომ კონკრეტული ობიექტი ქალაქში არ არსებობდეს, ქალაქმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ის არ არსებობდეს და პირიქით. ცხადია, რომ განუკითხაობას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას”.

დაბოლოს, დამტკიცების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრეთ შეახსენა, რომ, განსხვავებით პარლამენტისაგან, რომელსაც პრაქტიკულად არ შეუძლია მინისტრების გათავისუფლება, საკრებულოს ხმათა უბრალო უმრავლესობით აქვს უფლება და შესაძლებლობა, გადააყენოს მის მიერ დამტკიცებული თბილისის მთავრობის წევრები, თუკი მიიჩნევს რომ ისინი ცუდად მუშაობენ.
XS
SM
MD
LG