Accessibility links

logo-print

თურქეთი ახლოსაა ევროპის კავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დანიშვნასთან


თურქეთის საკითხი ერთ-ერთი მთავარი იქნება ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ხუთშაბათს დაიწყება დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში. ანკარა დიდ იმედებს ამყარებს ამ სამიტზე,

რომელიც კავშირის აღმოსავლეთით გაფართოებას ეძღვნება. თურქეთი მოითხოვს, რომ მას ბოლოს და ბოლოს დაუთქვან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ვადა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ევროპის კავშირის ქვეყნები ნელ-ნელა უთმობენ თურქეთს. თუ რამდენად - ამ შეკითხვას მხოლოდ თავად სამიტი გასცემს პასუხს.

თურქები ცნობილი არიან ენერგიულობით და მოლაპარაკებების უნარით. მათი ეს ორი თვისება შესანიშნავად გამოვლინდა ანკარის მიერ წარმოებული კამპანიის დროს, რომლის მიზანია ევროპის კავშირთან მოლაპარაკებების დაწყების ვადის საბოლოოდ დათქმა.

უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე თურქეთმა წარმატებით აწარმოა ფართო კამპანია საერთაშორისო მასმედიაში, რამაც შედეგი გამოიღო. მთავარი წარმატება კი ისაა, რომ ანკარამ ვაშინგტონის მხარდაჭერა მოიპოვა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში.

მიუხედავად ამისა, დარჩენილია რიგი საკითხები, რომელთა გადაჭრა თურქეთისთვის არც თუ ისე იოლი იქნება. ევროკავშირის ორი უდიდესი წევრი, გერმანია და საფრანგეთი, შეთანხმდნენ, რომ თურქეთმა უნდა მოიცადოს 2004 წლამდე, როცა განხილულ იქნება მისი განაცხადი და დადგინდება, რამდენად დაუახლოვდა იგი ევროკავშირის კრიტერიუმებს. ამ გეგმის მიხედვით, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში თურქეთს 2005 წლისთვის მიიწვევდნენ მოლაპარაკებების დასაწყებად.

მაგრამ თურქეთის მთავრობა ეწინააღმდეგება საქმის ამგვარად გაჭიანურებას. თურქეთის ბილკენტის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის საბჭოს წევრის, რესათ არიმის თქმით, ამ პროცესის გაწელვას თურქეთი ძალიან მტკივნეულად შეხვდება.

[არიმის ხმა] "ეს ნამდვილად ძალიან ცუდი იქნებოდა, ვინაიდან ეს იქნებოდა იმის ნათელყოფა, რომ ევროპის კავშირი არ ასრულებს გარიგების თავის წილს."

თურქი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ანკარამ შეასრულა თავისი ვალდებულებები და ფართო მასშტაბის რეფორმები გაატარა ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების სფეროში.

მაგრამ კრიტიკოსების თქმით, ეს რეფორმები, როგორც წესი, მხოლოდ ქაღალზე არსებობს და არ ხდება ე.წ. "კოპენჰაგენის კრიტერიუმების" საქმედ ქცევა.

გარდა ამისა არის პრაქტიკული სახის პრობლემები. თურქეთს 65 მილიონიანი მოსახლეობა ჰყავს. კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ეს მას ავტომატურად მიანიჭებს მეტ უფლებებებს, მაგალითად, ევროკავშირის შიგნით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე კენჭისყრისას.

როგორც ბოლცანოს ევროპული აკადემიის თანამშრომელმა, გაბრიელ ფონ ტოგენბურგმა აღნიშნა ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან, ბრეფნი ო’ რურკთან საუბარში, ევროპის კავშირში ინსტიტუციური ცვლილებების გატარება გადაწყდა ნიცის 2000 წლის სამიტზე. თურქეთი მაშინ არ გაუთვალისწინებიათ ამ ცვლილებებისას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი ცვლილებებია გასატარებელი.

თურქეთის მიღებისთვის სერიოზული დაბრკოლება შეიძლება იყოს ფინანსური პრობლემებიც, მათ შორის ევროკავშირის ე.წ. "საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა". ეს უკანასკნელი ითვალისწინებს სამომავლო წევრებისთვის დახმარების გაწევას სოფლის მეურნეობის სფეროში. ამჟამად მიმდინარეობს დავა იმის თაობაზე, თუ რა სახსრებით მოხდეს ახალი წევრების დაფინანსება. მათ შორის თურქეთის გამოჩენა ვკიდევ უფრო გაართულებდა ვითარებას.

ასეა თუ ისე, ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს. თურქეთს ტრადიციულად ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს ევროპის კავშირთან. თანაც იგი ევროკავშირთან ეკონომიკურად ბევრად უფრო არის ინტეგრირებული, ვიდრე კავშირის წევრობის მოსურნე სხვა ქვეყნები.
XS
SM
MD
LG