Accessibility links

logo-print

არის თუ არა საკმარისი ბაღდადის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ერაყის წინააღმდეგ ომის დასაწყებად?


თეთრი სახლი აცხადებს, რომ იგი გულდასმით შეისწავლის ერაყის მიერ გასული კვირის ბოლოს წარმოდგენილ ანგარიშს მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ. მაგრამ მიმომხილველების აზრით,

ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ეს 12 ათას გვერდიანი დოკუმენტი უკვე იძლევა ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების საბაბს.

თუკი ჯორჯ ბუშს ერაყში რეჟიმის შეცვლა სურს, მას საამისოდ შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა. ასე ფიქრობს მრავალი მიმომხილველი და ექსპერტი.

ანგარიშში ბაღდადი აცხადებს, რომ არ მოეპოვება ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული იარაღი. იგი ფლობს მხოლოდ ე.წ. "ორმაგი დანიშნულების" კომპონენტებს, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის. მართალია, შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენი ოთხი მუდმივი წევრის მსგავსად სწავლობს დოკუმენტს, მაგრამ ამერიკაში ახლავე ეჭვით უყურებენ ამ ანგარიშს.

ანალიტიკოსების აზრით, ბუში ორი არჩევანის წინაშე დგას. იგი ან გამოაცხადებს, რომ ერაყის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არღვევს გაეროს რეზოლუციას ერაყის განიარაღების თაობაზე. ანდა იგი მიუთითებს უზუსტობებზე, რომელთა გამორკვევა ინსპექტორების საქმეა. ამას შეიძლება სულ ცოტა ერთი წელი დასჭირდეს. ინსპექციის პროცესის გაჭიანურება მხოლოდ ბუშის საწინააღმდეგოდ იმუშავებს. ხელიდან იქნება გაშვებული მომავალი წლის დამდეგს ომის დაწყების კარგი შანსი კლიმატური მოსაზრებებით. ამავე დროს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დოკუმენტში ნაპოვნი უზუსტობები ვერ დასტურდება ფაქტობრივი მასალით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონს ძალზე გაუჭირდება ომისთვის კოალიციის თავმოყრა.

მთელ რიგ სპეციალისტებს საერთოდ ეჭვი ეპარებათ, რომ ვაშინგტონი ვერ შეძლებს ფაქტებით დაამტკიცოს ერაყისთვის წაყენებელი სიტყვიერი ბრალდებები. როგორც "ნიუ იორკ ტაიმსი" იტყობინებოდა ორშაბათს, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, ერთადერთი სერიოზული საბუთიც კი არ მოიპოვება ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის თაობაზე.

სპარსეთის ყურის ამერიკელი ექსპერტის, კენეთ პოლაკის აზრით, ეს შეიძლება იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ადმინისტრაციის "ქორებმა", რომელთაც ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი უდგას სათავეში, სცადონ, თავად შაბათს წარმოდგენილი ანგარიში გამოაცხადონ ომის დაწყების საბაბად. საამისო შანსს ეს დოკუმენტი იძლევა. მაგალითად, მასში არ არის საბუთები მასობრივი განადგურების იარაღის მოსპობის შესახებ. ერაყმა განაცხადა, შესაბამისი დოკუმენტაცია შეცდომით განადგურდაო.

მაგრამ ადმინისტრაციის "მტრედები" სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის მეთაურობით, ალბათ მოითხოვენ, რომ ინსპექტორებმა გააგრძელონ ძებნა იმის იმედით, რომ რაღაც უფრო ხელმოსაჭიდი აღმოჩნდება.

[პოლაკის ხმა] "იმედი გეგმა არ არის. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ემყარება იმის იმედს, რომ რაღაცის პოვნა მოხერხდება. მას წარმატების ძალზე მცირე შანსი აქვს. მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფო თავის პოლიტიკას მხოლოდ იმედზე არ უნდა ამყარებდეს", განუცხადა კენეთ პოლაკმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ჯეფრი დონოვანს.

თეორიულად არსებობს კიდევ ერთი, შუალედური გზა. ვაშინგტონმა შეიძლება მოუწოდოს გაეროს ინსპექტორებს, უფრო აგრესიულად იმოქმედონ ერაყში, რათა ომის დასაწყებად საბაბი იქნეს გამონახული.

დაბოლოს, თუკი ბუში ბაღდადის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს საკმარისად მიიჩნევს ომის დასაწყებად, მთავარი საკითხი იქნება იმის გარკვევა, თუ როდის გამოაცხადებს იგი თავის გადაწყვეტილებას. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, შეერთებული შტატები სამი-ოთხი კვირის მანძილზე თავს შეიკავებს. ამასობაში კულისებს მიღმა შეეცდება მოკავშირეთა დარწმუნებას და მხოლოდ საკმარისი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ გამოაცხადებს, რომ ომი გარადაუვალია.
XS
SM
MD
LG