Accessibility links

logo-print

ქართული საზოგადოების პროტესტი ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიმართ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი “კავკასიური სახლის” დირექტორი ნაირა გელაშვილი ვერ მალავს აღშფოთებას იმ ღონისძიებების გამო, რომლებიც საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა შაბათს, გამთენიისას, ჩაატარეს.

მისი თქმით, ეს აქცია არანაირ სამართლებრივ და ზნეობრივ ნორმაში არ ჯდება, ეთნიკური ნიშნის მიხედვით განხორციელდა და ჩეჩენი დევნილებისა და ქისტების წინააღმდეგ იყო მიმართული. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები “კავკასიურ სახლსაც” “ესტუმრნენ” ისე, რომ არანაირი საბუთები არ წარმოუდგენიათ. “კავკასიურ სახლში” გამართულ პრესკონფერენციაზე ყოველივე ამან იქ შეკრებილი საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია.

შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ თბილისის ცენტრში მდებარე “კავკასიური სახლი” არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემბდებარებული შეიარაღებული სტრუქტურა იცავს. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ 7 დეკემბერს, გამთენიისას, “კავკასიურ სახლს” მიადგა ადამიანთა ჯგუფი და დაცვა აიძულა, კარი გაეღო. მოსულებს საბუთები არ წარმოუდგენიათ, მაგრამ ითხოვდნენ “კავკასიური სახლის” გაჩხრეკას იმ მოტივით, რომ აქ ჩეჩნები ცხოვრობენ. ოთახების გაჩხრეკის შემდეგ მოსულებმა, დაცვის მოთხოვნით, აქტი შეადგინეს, ორმა მათგანმა კი თავისი ვინაობაც დაასახელა. ისინი აღმოჩნდნენ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პოლიციის თანამშრომლები - ვიცე-პოლკოვნიკი გაჩეჩილაძე და ინსპექტორი ნოზაძე.

“კავკასიური სახლის” დირექტორის ნაირა გელაშვილის თქმით, დაუპატიჟებელი სტუმრების ვიზიტი, როგორც ჩანს, უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ ორწელიწად-ნახევრის წინათ, ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყების შემდეგ, “კავკასიურმა სახლმა” დახმარება აღმოუჩინა დევნილებს, რამდენიმე ავადმყოფი კი შეიფარა კიდეც. მაგრამ ისინი უკვე დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ “კავკასიურ სახლში”, რაც ძალოვანმა სტრუქტურებმა კარგად იციან.

რით ხსნის ნაირა გელაშვილი ძალოვანთა დაინტერესებას “კავკასიური სახლით”?

[გელაშვილის ხმა] “უკვე რამდენიმე წელიწადია რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და სპეცსამსახურები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ “კავკასიური სახლი” არის ჩეჩნური ორგანიზაცია და რომ ჩვენი გაზეთი, “კავკაზსკი აკცენტი,” არის ჩეჩნური გაზეთი, რომელსაც ჩეჩნები აფინანსებენ. ფაქტობრივად, ჩეჩნების მხარდამჭერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოვყავართ. ეს უკვე ორ წელზე მეტია, რაც გრძელდება”.

ცნობისთვის: “კავკაზსკი აკცენტი” გამოიცემა გერმანიის ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ხელშეწყობით და, როგორც ნაირა გელაშვილმა აღნიშნა, გაზეთს არ შეუძლია ისტორიულ პროცესებზე გადამწყვეტი გავლენა იქონიოს.

რაც შეეხება “კავკასიურ სახლს”, ეს არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი მიმართულება აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან დევნილებსა და ჩეჩენ ლტოლვილებთან მუშაობაა.

ნაირა გელაშვილისთვის გაუგებარია, რატომ იწვევს რუსეთის სპეცსამსახურების გაღიზიანებას “კავკასიური სახლის” საქმიანობა, თუმცა მიაჩნია, რომ ქართველი ძალოვნები რუსეთის მითითებას ასრულებენ.

“კავკასიური სახლის” თანამშრომელმა მექა ხანგოშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთმა საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს,
7 დეკემბრის სპეცოპერაციის დროს ჩეჩენი ლტოლვილებისგან თითის ანაბეჭდები არ აუღიათ: [ხანგოშვილის ხმა] “მე მყავს მოწმეები და, თუ საჭირო იქნება, მათ მოვიყვან. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ახმედ ზაკაევის ძმა, მოვადი ზაკაევი, რომლის ოჯახიდან თითქმის ყველა მამაკაცი მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და ყველას აუღეს თითის ანაბეჭდები. ასევე, ითუმ-ყალეს ყოფილი პრეფექტი მუვსარ ბათუკაევი, რომლის ოჯახის ყველა წევრს, ქალიან- ბავშვიანად, - 4 წლის ბავშვით დაწყებული, - ყველას აუღეს თითის ანაბეჭდები”.

მექა ხანგოშვილის განცხადებით, საქართველოში მყოფ ჩეჩენ ლტოლვილებს არანაირი გარანტია არა აქვთ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი ნებისმიერი მათგანის ექსტრადიციას არ მოითხოვს, შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე.

ადამიანის უფლებათა დამცველის ნანა კაკაბაძის თქმით, თუ დღეს ჩეჩნების წინააღმდეგ ატარებენ რეპრესიებს, ხვალ ამ საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედიის წარმომადგენლები და მთელი ქართული საზოგადოება.
[კაკაბაძის ხმა] “იმის გაცნობიერება უნდა მოხდეს საზოგადოებაში, რომ ხელისუფლების ასეთი ნაბიჯები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მთელი მოსახლეობისთვის”.
XS
SM
MD
LG