Accessibility links

logo-print

დიდძალი იარაღის დაკარგვა შინაგანი ჯარების ანტიკრიმინალურ ქვედანაყოფში


აგვისტოს თვეში პანკისის ხეობაში დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაცია ნელ-ნელა აფართოებს თავის მასშტაბებს. ერთი კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციისა და უშიშროების ძალებს

დაავალა ანტიკრიმინალური ღონისძიებების გატარება საქართველოს დედაქალაქში. თუმცა ზუსტად იმ დროს, როცა პოლიციისა და უშიშროების ნაწილები საბრძოლო ამოცანის შესრულებას შეუდგნენ, შინაგანი ჯარების ავანგარდულ ბრიგადაში დიდძალი ავტომატური იარაღი დაიკარგა. წელს ეს საბრძოლო იარაღის დაკარგვის მეორე ფაქტია და ნიშანდობლივია, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა მეორეჯერვე დაგვიანებით ახდენს დანაშაულზე რეაგირებას.

2002 წელს საქართველოს სამხედრო პროკურატურის ორგანოებში იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო ტარებისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სამშაბათს ამ სახეობის დანაშაულთა ნუსხას კიდევ ერთი ფაქტი დაემატა. 9 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი ოპერატიული ბრიგადის იარაღის საწყობიდან ათი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი დაიკარგა. თუმცა თბილისის სამხედრო პროკურორის, პოლკოვნიკ კობა კობიაშვილის ინფორმაციით, იარაღის დაკარგვის ფაქტი სამხედრო ნაწილში უფრო ადრე, 6 დეკემბერს, მოხდა.

[კობა კობიაშვილის ხმა] "გუშინვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ორი პიროვნების დაკავების თაობაზე. დადგინდა შემთხვევის დრო. წუხელის ღამევე ამოღებული იქნა ორი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი. ეს ორი პიროვნება, ვინც არიან დაკავებული, ესენი არიან ის პიროვნებები, რომლებიც ყარაულში იმყოფებოდნენ და რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ობიექტის დაცვა იმ ღამეს, როცა ეს დანაშაული მოხდა."

აღსანიშნავია, რომ, მთავარი სამხედრო პროკურატურის მონაცემებით, იარაღის დაკარგვის წლევანდელი მაჩვენებელი სამი პუნქტით ჩამორჩება შარშანდელ სტატისტიკას. თუმცა კობა კობიაშვილი საბრძოლო იარაღის კონტროლის კუთხით დადებით ტენდენციაზე ლაპარაკს, აშკარად, ნაადრევად მიიჩნევს. მით უფრო, რომ ამ ექვსიდან ორ შემთხვევაში ლამის მთელი არსენალი უშუალოდ იმ სამხედრო ნაწილებიდან იკარგება, რომლებიც ელიტარულადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ პირველად ასეთი ფაქტი ივნისის თვეში აღმოაჩინეს. მაშინ 13 სატანკო ტყვიამფრქვევი და 24 რადიოსადგური თავდაცვის სამინისტროს მე-11 მოტომსროლელი ბრიგადიდან დაიკარგა. თანაც, ვარაუდობენ, რომ ეს მოხდა აპრილის თვეში, სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ კი მის შესახებ მხოლოდ 8 ივნისს შეიტყო. დაახლოებით იგივე სურათი განმეორდა 9 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხსენებულ ოპერატიულ ბრიგადაში, რომლის პირადი შემადგენლობა პანკისის ხეობასა და თბილისში მიმდინარე ანტიკრიმინალურ ოპერაციაში მონაწილეობს. პოლკოვნიკი კობა კობიაშვილის თქმით, ეს გარემოება გარკვეულ ტენდენციაზე უნდა მიანიშნებდეს.

[კობა კობიაშვილის ხმა] "მე ერთი რამე შემიძლია დავადასტურო, რომ დამნაშავეთა ჯგუფი არ შემოიფარგლება ამ ორი პიროვნებით. უფრო მეტია. ახლა ამ კუთხით მიმდინარეობს მთელი რიგი საგამომძიებლო მოქმედებების ჩატარება. მე, უბრალოდ, ერთი რამ მიკვირს: შინაგანი ჯარი არის საკმაოდ ორგანიზებული ქვედანაყოფი და ჩემ გაოცებას იწვევს, რანაირად შეიძლებოდა მომხდარიყო ამ რაოდენობის იარაღის გატაცება."

მაგრამ სამხედრო ნაწილებიდან იარაღის დაკარგვის ფაქტზე არანაკლებ გასაოცარია თავად შემდგომი კვლევა-ძიების მიმდინარეობა და კვანძის გახსნის ქართული სპეციფიკა. მაგალითად, მართალია, მე-11 ბრიგადაში მომხდარი დანაშაული გაიხსნა და დაკარგული საბრძოლო მასალები ამოღებულ იქნა, მაგრამ დღემდე იძებნება იარაღის ქურდობაში ეჭვმიტანილი ორი პირი, რომლებიც რუსეთის ჯარების დაჯგუფების ტანკსარემონტო ქარხანაში მუშაობდნენ. მათი მიმალვა კი შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ მუდმივ მზადყოფნაში მყოფმა სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ ტანკებიდან ტყვიამფრქვევებისა და რადიოსადგურების დაკარგვის ფაქტი დროულად ვერ თუ არ აღმოაჩინა. ზოგჯერ კი, როგორც ეს უშიშროების ოფიცრის, მჭედლიძისა, და "კანონიერ ქურდ" კალაშოვის შემთხვევაში მოხდა, საქმეში იმდენი უწყება ჩაერია, რომ, როგორც უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ვარაუდობს, დაკავებულები შეიძლება გაათავისუფლონ კიდეც. და თუკი შემდგომშიც ასე გაგრძელდა ამ კატეგორიის დანაშაულის წინააღმდგე ბრძოლა, არ არის გამორიცხული, რომ ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარება თავად კრიმინალის წინააღდმეგ მებრძოლ ორგანოებში გახდეს საჭირო.
XS
SM
MD
LG