Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე აფხაზეთის საკითხი განიხილა


9 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. დახურული სხდომა არაფორმალური

კონსულტაციების ფორმატია და მისი შედეგები მხოლოდ დროთა განმავლობაში იჩენს თავს. როგორც ცნობილია, აქამდე „მეგობართა ჯგუფის“ წევრებმა ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. გაეროში გამართული კონსულტაციები საერთო ენის გამონახვის კიდევ ერთი მცდელობა იყო.

ბოლო თვეების მანძილზე გაეროს უშიშროების საბჭო უკვე მესამედ ცდილობს ეგრეთ წოდებული ბოდენის დოკუმენტი განიხილოს და იგი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ოფიციალურ სამოქმედო გეგმად აქციოს. ამ მცდელობათა უშედეგობა რუსეთის მხარის უცვლელი პოზიციით არის გამოწვეული. აქამდე მოსკოვი უშიშროების საბჭოში ბოდენის დოკუმენტის განხილვისას აფხაზ სეპარატისტთა წარმომადგენლების მოხსენებით გამოსვლას მოითხოვდა. სეპარატისტების მოსმენაზე ოფიციალური უარის მიღების შემდეგ რუსეთის პოზიცია კიდევ უფრო ნათელი ხდება. გაეროში საქართველოს ელჩმა რევაზ ადამიამ ჩემთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა მეგობართა ჯგუფის ფარგლებში ბოდენის დოკუმენტი მოიწონა. თუმცა:

[რევაზ ადამიას ხმა] „როდესაც საქმე მიდის ბოდენის დოკუმენტის რეალურად განხორციელებაზე, ანუ შეიძლება გარკვეული პროგრესი გვქონდეს კონფლიქტის მორეგულირების თვალსაზრისით, აი, აქ უკვე წინააღმდეგობას ვხვდებით რუსეთის წარმომადგენლებისა. აფხაზები დგანან ამ პოზიციაზე, ბოდენის დოკუმენტის უარყოფის, მხოლოდ იმიტომ, რომ გრძნობენ მხარდაჭერას რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, ასე ჯიუტად და ხისტად საუბრობენ საკუთარ დამოუკიდებლობაზე.“

თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის დიტერ ბოდენის მიერ შემუშავებული პროექტი აფხაზეთს საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად განიხილავს. შესაბამისად, მისი ქცევა გაეროს ოფიციალურ სამოქმედო გეგმად სეპარატისტთა ინტერესებს არ შეესაბამება. თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ბოდენის დოკუმენტის სტატუსის ამაღლებას აფხაზური მხარის თანხმობა არ სჭირდება. ამ დოკუმენტის დასამტკიცებლად მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრთა კონსენსუსია საჭირო, უფრო კონკრეტულად კი, რუსეთის პოზიციის შეცვლა, რაც ავტომატურად აფხაზ სეპარატისტთა დამოკიდებულების შეცვლასაც გამოიწვევს.

მოსკოვი აქედან თავის დაღწევას ყველაფრის ქართულ და აფხაზურ მხარეებზე გადაბრალებით ცდილობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხში პრეზიდენტ პუტინის პირადი წარმომადგენელი ვალერი ლოშჩინინი ფიქრობს, რომ აფხაზეთის პრობლემა, ,,პრინციპულად, მოგვარებადია”. მისივე თქმით, კონფლიქტის დარეგულირების პროცესის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს მხარეთა შორის არსებული სრული უნდობლობა წარმოადგენს.

შესაძლებელია, მოსკოვის პოზიცია შეიცვალოს იმის გამო, რომ აუცილებელია აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს მისიის მანდატის ვადა გახანგრძლივდეს. უშიშროების საბჭომ მანდატის საკითხი 2003 წლის იანვრის ბოლოს უნდა განიხილოს. ჩემს შეკითხვაზე, თუ ვერ მოხდა ბოდენის დოკუმენტზე მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეთანხმება, რა ბედი შეიძლება ეწიოს აფხაზეთში სამშვიდობო მისიას, რევაზ ადამიამ განაცხადა, რომ:

[რევაზ ადამიას ხმა] „გაეროს მანდატი ყველა შემთხვევაში გაგრძელდება, გაგრძელდება თუ არა დესეთეს მანდატი, ეს უკვე სხვა საკითხია.“

რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატი 2002 წლის 31 დეკემბერს იწურება. რეზო ადამია ფიქრობს, რომ კონფლიქტის ზონაში ამ სამშვიდობო ჯარების ყოფნა-არყოფნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. გაეროში საქართველოს ელჩი შიშობს, რომ რუსეთის მშვიდობისმყოფელებს თავად შეუძლიათ ტოტალური დესტაბილიზაციის მოწყობა, თუმცა იქვე დასძენს, რომ არ შეიძლება რუსეთის სამშვიდობოებმა უსასრულოდ გააგრძელონ მესაზღვრის ფუნქციის შესრულება აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის შექმნილ ხელოვნურ საზღვარზე.
XS
SM
MD
LG