Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხვდება საქართველო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს


სოზარ სუბელიანი, თბილისი 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, ორი წლის შემდეგ კი ამავე ორგანიზაციამ

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. გასული წლის 10 დეკემბერის შემდეგ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა, ხოლო რაც შეეხება ზოგად სურათს, ადამიანის უფლებათა დამცველები ერთ სახიფათო ტენდენციაზე ალაპარაკდნენ: თუკი დღემდე ხელისუფლება სიტყვიერად მაინც ლაპარაკობდა ადამიანის უფლებებზე და მათ პრიორიტეტულობაზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღარც კი ცდილობს, თუნდაც სიტყვიერი საბურველი შეუქმნას ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტებს.

ავტორიტეტული ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოთჩის” წარმომადგენელი კავკასიაში ალექსანდრ ანდერსონი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ერთადერთი პროგრესი იუსტიციის სამინისტროსთან არის დაკავშირებული: [ალექსანდრ ანდერსონის ხმა] “რაც შეეხება დადებით მხარეს, ეს ყველაზე მეტად გამოიხატება მეტ გამჭვირვალობაში, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროში, რომელიც უფრო გამჭვირვალე გახდა და დაიწყო დაგვიანებით შესული პატიმრების აღრიცხვა და, ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრმა კონკრეტული წამების ფაქტები დააფიქსირა.”

“ჰუმან რაითს ვოთჩის” აზრით, გასული ერთი წლის განმავლობაში სხვა რაიმე წინსვლაზე ლაპარაკი ძალიან გაძნელდება, რაც ყველაზე მკაფიოდ რამდენიმე სფეროში გამოჩნდა: [ალექსანდრ ანდერსონის ხმა] “მთლიანობაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არანაირი დადებითი ძვრა გასულ წელს არ ყოფილა. ეს განსაკუთრებით შეიმჩნეოდა რელიგიური ძალადობის გაგრძელებაში. ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რელიგიური ძალადობა შეწყვეტილიყო. მეტიც, 2002 16 აგვისტოს კასპში, სადაც იეჰოვას მოწმეების კონგრესი უნდა ჩატარებულიყო, პოლიცია ბრბოსთან შეთანხმებით მოქმედებდა, მასთან ერთად გადაკეტა გზა და ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ.”

საქართველოს სახალხო დამცველის ნანა დევდარიანის აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, ნაწილობრივ მაინც, სხვა სფეროებშიც გაუმჯობესდა, მათ შორის, ისეთ სფეროებშიც, სადაც, ტრადიციულად, ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო: [ნანა დევდარიანის ხმა] “უკეთესობა არის – რაც არ უნდა პარადოქსული გვეჩვენოს ახლა ჩვენ – თბილისში, წინასწარი დაკავების საკნებში მდგომარეობის თვალსაზრისით, ანუ დარღვევებმა იკლო და რატომ: ეს არ არის მარტო სახალხო დამცველის დამსახურება. ეს არის იმის გამო, რომ, სამწუხაროდ, მთელი მედია, თავისუფალი მედია-სექტორი და არასამთავრობო სექტორი თითქმის მთლიანად თბილისშია აკუმულირებული და ამის მონიტორინგი უკვე ხდება იოლი: ყველა ფაქტი ხდება აჟიოტაჟის საგანი, ამიტომ აქ იკლო, მაგრამ რეგიონებში არის სრული განუკითხაობა.” [სტილი დაცულია]

კიდევ რამდენიმე სიახლე, ნანა დევდარიანის თქმით, თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტთან არის დაკავშირებული. კერძოდ, სახალხო დამცველის ოფისმა მიიღო ორი შენობა – ერთი თბილისში, სადაც თავად ეს ოფისი განთავსდება, მეორე კი – ქუთაისში: [ნანა დევდარიანის ხმა] “კიდევ უფრო უკეთესი რამ მოხდა ქუთაისში, ეს არის დასავლეთ საქართველოს ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრისთვის მიცემული შენობა, ცალკე შენობა, ორსართულიანი, სადაც შეიძლება ასევე პრესკონფერენციების, შეხვედრების და სემინარების ჩატარება, როგორც ჩვენთან ხდება აქ, ცენტრალურ ოფისში. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთ საქართველოსთვის ეს სერიოზული პროგრესის მომტანი იქნება, ადამიანის უფლებათა კულტურის განვითარების თვალსაზრისით.” [სტილი დაცულია]

გარდა ამისა, სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისები გაიხსნა ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში და ეს ოფისები მიემატა უკვე მოქმედ სამეგრელო–ზემო სვანეთისა და იმერეთის ოფისებს. ნანა დევდარიანის თქმით, რამდენადაც თითოეულ რეგიონალურ ოფისში მხოლოდ 2 ადამიანი მუშაობს, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებენ ეფექტურად, თუ მჭიდროდ ითანამშრომლებენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუმცა დღემდე არსებული გამოცდილებიდან ჩანს, რომ ეს ყოველთვის არ ხერხდება. მაგალითად, ქუთაისში მოქმედმა უფლებადაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდობლობა გამოუცხადეს სახალხო დამცველის რწმუნებულს იმერეთში ქეთევან კანდელაკს, რადგან, მათი აზრით, იგი ნაკლებად იცავს ადამიანის უფლებებს. ნანა დევდარიანის თქმით, ამ მხრივ, იმერეთი გამონაკლისი არ ყოფილა, თუმცა, მისი აზრით, მდგომარეობა თანდათან სწორდება: [ნანა დევდარიანის ხმა] “ჩვენი თანამშრომლები მიდიან ხოლმე, მაგალითად, რაულ ვალენბერგის ინსტიტუტში, ლუნში, და იქ გადიან სპეციალურ კურსებს და ტრენინგებს ადამიანის უფლებებში და ამან თვითონ აპარატიც ფეხზე დააყენა – მათ ისწავლეს ამ ინსტრუმენტების გამოყენება. აი, მე რომ ვიხსენებ, როცა მოვედი, რა დამოკიდებულებით იყვნენ ესენი – ზოგჯერ ვერც კი აცნობიერებდნენ, რისთვის არის ეს ინსტიტუტი მოწოდებული და რა სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცნენ. ხანდახან იმ გზით მიდიოდნენ, რომ პროკურატურას უსწორებდნენ სამართლებრივ შეცდომებს.” [სტილი დაცულია]

ნანა დევდარიანის აზრით, მდგომარეობის გამოსწორებაზე თუნდაც სახალხო დამცველის ოფისში შემოსული განცხადებების რაოდენობა მეტყველებს: [ნანა დევდარიანის ხმა] “მე რომ მოვედი აქ, მოვიკითხე, რამდენი განცხადება იყო შემოსული. სულ იყო შემოსული 1500 განცხადება. გასული წლის მეორე ნახევარში, 6 თვეში, შემოვიდა 3918, ხოლო ამ წლის პირველ 6 თვეში 6770 განცხადებაა შემოსული. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მეტი დარღვევაა. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტმა ადამიანმა იცის, რომ უნდა მოვიდეს და თავისი მდგომარეობა გააპროტეტსოს.”

თუმცა განცხადებების რაოდენობა ხელს არ უშლის სახელმწიფოს, სრულიად უკონტროლოდ და დაუსჯელად ხელყოს თვით ადამიანის ისეთი ძირითადი უფლებაც კი, როგორიცაა სიცოცხლის უფლება. ალექსანდრ ანდერსონის თქმით, ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი მიმდინარე წლის 28 აპრილს სოფელ დუისში დაფიქსირდა: [ალექსანდრ ანდერსონის ხმა] “გასული წლის განმავლობაში საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მოახერხეს პანკისის ხეობის უმეტეს ნაწილზე კონტროლის დაბრუნება, რაც, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა, რადგან განვლილი წლების განმავლობაში პანკისი კრიმინალების თავმოყრისა და ადამიანების გატაცების ცენტრად იქცა. მაგრამ, ამავე დროს, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ქართველმა სამართალდამცავებმა დაუშვეს ადამიანის უფლებების არაერთი ძალიან სერიოზული და დაუშვებელი დარღვევა. ჩვენ, პირადად, დოკუმენტურად დავაფიქსირეთ ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვის 4 და სასამართლოს გარეშე ადამიანის დასჯის 1 შემთხვევა. 28 აპრილს სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა სოფელ დუისში დააკავეს მანქანა, რომელშიც იყო სამი არაბი და ერთი ახალგაზრდა პანკისელი ქისტი, ამ მანქანის მძღოლი. ეს ქისტი სამხედრო ფორმიანმა ადამიანებმა ადგილზევე დახვრიტეს – მას ხელბორკილები დაადეს და მუცელში ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა, ხოლო სამი არაბი “უაზის” მარკის სამხედრო მანქანებით წაიყვანეს, რის შემდეგაც მათ შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. არც ერთ სამართალდამცავ სტრუქტურას არ უღიარებია, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა, მაგრამ არც სისხლის სამართლის საქმე აღუძრავს ადამიანის გატაცებისა და მკვლელობის ფაქტზე. თუ ეს ოპერაცია მათ არ ჩაატარეს, მაშინ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო. მეტიც, ინგლისური ჟურნალის, “ტაიმის,” ინფორმაციით, ეს ოპერაცია ჩაატარა საქართველოს უშიშროების სამინისტრომ, შეერთებული შტატების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.”

ნანა დევდარიანის თქმით, ქართველი სამართალდამცავები ადამიანის უფლებების მსგავს დარღვევებს პანკისში კი არა, თბილისშიც არ ერიდებიან. ამის მანიშნებელი იყო 7 დეკემბერს თბილისში ჩატარებული ოპერაცია, როცა ასეულობით ადამიანი უკანონოდ დააკავეს, აიღეს მათი თითის ანაბეჭდები და გაჩხრიკეს მათი საცხოვრებელი სახლები. [ნანა დევდარიანის ხმა] “თითქოს განზრახ მიუსადაგა ვიღაცამ 10 დეკემბერს და წინასწარ გააკეთა ისე, რომ მიეძღვნა ადამიანის უფლებების დეკლარაციის საერთაშორისო დღისათვის. ჩემი აზრით, მოქმედება იყო მთელ რიგ შემთხვევებში უკანონო. ეს ეხებოდა ბინებში შესვლას, ეს ეხებოდა პოლიციაში წარდგენას – როგორც ეძახიან, მაგრამ ეს, ფაქტობრივად, დაკავებაა და სხვა არაფერი, ეს არის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ასე შემდეგ. ეს არ შეიძლება იყოს გაგებული ისე, თითქოს ჩვენ წინააღმდეგი ვართ ანტიკრიმინალური ოპერაციების ჩატარებისა. უნდა ჩატარდეს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვეულებრივი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ხარჯზე. დღეს მოვამზადე მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, რადგან მიმაჩნია, რომ პარლამენტის ორივე კომიტეტმა – ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და იურიდიულმა კომიტეტმა – სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს მომხდარს, რამდენად კანონიერი იყო ჩვენი სამართალდამცავების მოქმედება, და იმსჯელოს მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხზე, თუ, რა თქმა უნდა, აღმოაჩენს, რომ უკანონობა იყო.” [სტილი დაცულია]

ალექსანდრ ანდერსონის თქმით, კიდევ რამდენიმე სახიფათო ტენდენციაზე შეიძლება ყურადღების გამახვილება: ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გახშირდა ჟურნალისტების უფლებათა დარღვევის ფაქტები, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივა – გამკაცრდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა და გაუქმდეს ადამიანის უფლებების დაცვის ის მინიმალური მექანიზმებიც კი, რომლებიც მასშია ჩადებული – სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და იმ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც საქართველომ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში იკისრა.
XS
SM
MD
LG