Accessibility links

logo-print

საქართველოში დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაციის მიზნები და შედეგები


საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ წამოწყებული ანტიკრიმინალური ოპერაცია, რომელიც თბილისში მცხოვრები უცხო ქვყნების მოქალაქეების - ძირითადად,

ჩეჩნების - პოლიციის განყოფილებებში მიყვანით და დაკითხვით დაიწყო, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ღონისძიებით კმაყოფილები არიან, - იქ განმარტავენ, რომ ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხო ქვეყნების მოქალაქეთა კონტროლზე აყვანა უკვე მოხდა და კონკრეტული ძებნილების დაკავებაც მოხერხდა. ასეა თუ ისე, ამ ოპერაციის პირველმა, თბილისში განხორციელებულმა, ეტაპმა საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. თბილისში მცხოვრებ ჩეჩენთა იდენტიფიკაციის ღონისძიების ფორმა დაგმეს 10 დეკემბერს სახელმწიფო კანცელარიასთან შეკრებილმა ადამიანებმა.

ჩეჩენთა მასობრივი დაკავების ფაქტზე საზოგადოების აქტიური წარმომადგენლების მწვავე რეაქცია ჯერ არ შენელებულა. მომხდარის გამო ადამიანის უფლებათა ქართველი დამცველები სამართალდამცავ უწყებათა ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. თბილისში მცხოვრებ ჩეჩენთა იდენტიფიკაციის ღონისძიების უხეში ფორმა გააპროტესტეს 10 დეკემბერს სახელმწიფო კანცელარიასთან მისულმა პირებმაც. ეს არცთუ ხალხმრავალი საპროტესტო აქცია იყო საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქცია, ერთი მხრივ, დიდი ნავთობსადენის ბორჯომის ხეობაში გატარების გადაწყვეტილებაზე, მეორე მხრივ, 7 დეკემბრის ოპერაციაზე. სახელმწიფო კანცელარიასთან მისულებმა სცადეს დაედასტურებინათ, რომ საქართველოს მოსახლეობა არ წამოეგება ჩეჩენი ხალხისგან მტრის ხატის შექმნის მცდელობას. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი კაკაბაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა:

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] “ მე მგონი, ამაში ვერაფერს მიაღწევენ. ხალხის უმრავლესობა ჯანსაღად არის განწყობილი. ასეთ ცივ ამინდში ყველას არ მოეთხოვება ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის გამოხატვა. ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლის პრეტენზია არც გვქონია.”

მიუხედავად იმისა, რომ10 დეკემბრის საპროტესტო აქცია ხალხმრავლობით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, 7 დეკემბერს მომხდარის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება აშკარაა. სამართალდამცველები კი ირწმუნებიან, რომ ყველაფერი ამავე საზოგადოების უსაფრთხოებისთვის გაკეთდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ყველა ბრალდებას, რომლებიც ჩეჩნების მასობრივ დაკავებასთან დაკავშირებით გაისმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი პაატა გომელაური აცხადებს, რომ ეს ღონისძიება უფრო ამერიკის შერთებული შტატების სათანადო სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა, ვიდრე რუსებთან შეთანხმებით და რომ ის თბილისში არალეგალურად მცხოვრები უცხო ქვეყნების მოქალაქეების, თანაც, მხოლოდ მამაკაცების იდენტიფიკაციისთვის ჩატარდა.

[პაატა გომელაურის ხმა] “რაც შეეხება ქალების და ბავშვების მიყვანას ქალაქის პოლიციის განყოფილებებსა და სამმართველოებში, ეს სინამდვილეს არ შეეფერება. ქალებმა თქვეს, რომ მეუღლეების გვერდით უნდა ყოფილიყვნენ და ბავშვები თავად წაუყვანეს. ჩვენი ეს ღონისძიებები, რა თქმა უნდა, არ არის იმ პირთა მიმართ, ვისაც აქვს მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი.” [ სტილი დაცულია]

პაატა გომელაურის თქმით, 7 დეკემბრის ოპერაცია ანტიჩეჩნური ხასიათის არ ყოფილა. ”უბრალოდ, თბილისში მრავლად იყვნენ არალეგალურად მცხოვრები ჩეჩნები და, აქედან გამომდინარე, პოლიციის განყოფილებებში მიყვანილთა შორისაც ისინი ჭარბობდნენ, “- თქვა მან ჩვენთან საუბრისას და დასძინა, რომ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, გამორიცხული არ არის, გარკვეული პირების საქართველოდან დეპორტაციის საკითხი დადგეს. “ასეთი საკითხების დღის წესრიგში დაყენება ჩეჩენთა მასობრივი დეპორტაციის მომასწავებლად არ უნდა აღვიქვათ. თუ საქართველოს ტერიტორიაზე კანონდარღვევით შემოსული პირები ახსნიან, რატომ გადმოკვეთეს უკანონოდ საზღვარი და საქართველოში ყოფნისთვის საჭირო სტატუსს მიიღებენ, მათ სამართალდამცავებთან ურთიერთობაში არავითარი პრობლემები აღარ ექნებათ,” – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ პოლიციის განყოფილებებში ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების ნებაყოფლობით თუ იძულებით მიყვანა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში არალეგალურად მყოფთა გამოვლენას არ ისახავდა მიზნად. ასეა თუ ისე, სამართალდამცავები ანტიკრიმინალურ ოპერაციას განაგრძობენ. მინისტრმა მათ ადამიანის უფლებების დარღვევა აუკრძალა.
XS
SM
MD
LG