Accessibility links

logo-print

განახლდა მოლაპარაკება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 10 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა რუსეთის სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ორი დღის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად განიხილავს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება იმ მოლაპარაკების განახლებას, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რუსეთის მხარის მიერ, პრაქტიკულად, ჩაშლილი იყო.

რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანას ჯერ კიდევ ამ სამი წლის წინათ სტამბულის ეუთოს სამიტზე რუსეთისა და საქართველოს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება განსაზღვრავს. როგორც გახსოვთ, ხელშეკრულების თანახმად, 2001 წლის 31 ივლისამდე უნდა დახურულიყო ვაზიანისა და გუდაუთის რუსეთის სამხედრო ბაზები, ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გაყვანის ვადები კი მხარეებს მოლაპარაკების გზით უნდა შეეთანხმებინათ. რეალურად, რუსეთმა მხოლოდ ვაზიანის სამხედრო ბაზის დახურვის პირობა შეასრულა. ვინაიდან ქართულ მხარეს არა აქვს საშუალება, შეამოწმოს გუდაუთის ბაზის დღევანდელი მდგომარეობა, სოხუმის ხელისუფლება კი უარს აცხადებს საერთაშორისო მონიტორების მიღებაზე, საქართველოს ხელისუფლება კვლავინდებურად ეჭვქვეშ აყენებს გუდაუთის ბაზის დახურვის საკითხს. გასულ კვირას, პარლამენტში გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ანთაძემ განაცხადა:
[ მიხეილ ანთაძის ხმა] “ რაც შეეხება გუდაუთის ბაზას, მართალია, რუსეთი ცალმხრივად აცხადებს, რომ მან გაიყვანა ბაზა, იმის გამო, რომ არ ჩატარებულა აუცილებელი პროცედურა საერთაშორისო სამხედრო ინსპექციისა, ჩვენ საშუალება არა გვაქვს, ეს დავადასტუროთ.”
მხარეები ასევე ვერ შეთანხმებულან, თუ რა ვადა დასჭირდება ორი სამხედრო ბაზის ბათუმიდან და ახალქალაქიდან გაყვანას. რუსეთის მხარე ამ ეტაპზე 11 წელს მოითხოვს, საქართველოს მხარე აცხადებს, რომ ბაზების გასაყვანად სრულიად საკმარისია სამი წელი. კიდევ ერთ შეუთანხმებელ საკითხად რჩება ბაზების გაყვანის თანმიმდევრობა. საქართველოს მხარის ვარაუდით, პირველად რუსეთმა თავისი ბაზა ბათუმიდან უნდა გაიყვანოს და შემდეგ – ახალქალაქიდან. რუსეთის მხარე საპირისპირო აზრისაა და თავდაპირველად ახალქალაქის ბაზის გაყვანის წინადადებით გამოდის. ორივე მხარის ჩანაფიქრი გასაგებია: საქართველო არ ჩქარობს ახალქალაქის ბაზის გაყვანას, რადგან ეს უთუოდ გამოიწვევს სოციალურ მღელვარებას იმის გამო, რომ ახალქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ იქაურ რუსეთის სამხედრო ბაზაზე მსახურობს. შესაბამისად, ბაზის სანაცვლოდ ახალი სამუშაო ადგილების შეუქმნელად, სოციალური ხასიათის მღელვარება ოფიციალურ თბილისს გარანტირებული ექნება.
რაც შეეხება თბილისის კონსულტაციებს: ზემოთ დასახელებული თემების გარდა, ექსპერტებს კიდევ ერთ საკითხზე მოუწევთ მსჯელობა – როგორც გახსოვთ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება რუსეთის სამხედრო ბაზების მიერ მიწის იჯარის გადახდის შესახებ. ქართველი ფინანსისტების დაანგარიშებით, 1991 წლიდან მოყოლებული, თანხა საკმაოდ სოლიდური გამოდის. იმ შემთხვევაში კი, თუ რუსეთი კვლავ გააჭიანურებს ბაზების საკითხზე მოლაპარაკებას, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბათიაშვილს ასეთი წინადადება აქვს:
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] “ თუ რუსეთი არ ჩაერთვება და კვლავ გააჭიანურებს მოლაპარაკებას, როგორც ახლა აკეთებს, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვეულებრივი შეიარაღებისა და სტამბულის შეთანხმებების შესაბამისად. მივცეთ მათ ერთი წლის ვადა და ერთი წლის მერე უნდა გავიდნენ საქართველოს ტერიტორიიდან.”
XS
SM
MD
LG