Accessibility links

logo-print

ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება


ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს. მათი შეფასებით, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მდგომარეობა ყოველწლიურად მძიმდება.

საზოგადოების ვერც ერთი ფენა ძალმომრეობისა და შეურაცხყოფისაგან თავს დაცულად ვერ გრძნობს. გამონაკლისები არც ჟურნალისტები ვართ. მარტო უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში თბილისში, სულ ცოტა, სამი შემთხვევა იყო ჟურნალისტებზე თავდასხმისა.

გაზეთ “კვირის პალიტრის” კორესპონდენტი ვაჟა გავაშელი გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებული მასალის გამო გახდა ბანდიტური თავდასხმის მსხვერპლი. მისი ერთ-ერთი პუბლიკაციით განაწყენებულმა ადამიანებმა საქმის გარჩევას ცივი იარაღიც მოაყოლეს და, რომ არა ჟურნალისტის თავდაცვის უნარი და ღონე, შეიძლებოდა ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო:
[ვაჟა გავაშელის ხმა]“ვერაგულად, ქურდულად, როცა ერთ ძმას ველაპარაკებოდი, მეორე გვერდიდან გამოქანდა და აპირებდა დანის გაყრას. მუცლის არეში სამი სანტიმეტრის სიღრმის, მაგრამ, საბედნიეროდ, შემავალი არ აღმოჩნდა, - მეჭირა მე იმისი ხელი, დანიანი ხელი, - და ხუთი სანტიმეტრია, თუ არ მეშლება, ასე ჩაწერეს, კისრის არეში.”[სტილი დაცულია]
საქმეს, ბოროტი ხულიგნობის მუხლით, ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში იძიებენ. თავად ჟურნალისტი უკვე ფორმაშია და აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას განაგრძობს. ამ ინციდენტით მის ცხოვრებაში გარეგნულად არაფერი შეცვლილა, ძირითადად, ალბათ, იმის გამო, რომ მყარი და უცვლელია თავად რეალობა.
[ვაჟა გავაშელის ხმა]“საქართველოში პრეცედენტი კანონის აღსრულებისა, ვერ იქნა და ვერ გაბედეს და ვერ გარისკეს, რომ შექმნან ჩვენმა სამართალდამცველებმა. აი, ამ ფონზე ყველა დაუცველია და აქ მარტო ჟურნალისტის დაცვასა და დაუცველობაზე არ შეიძლება იყოს საუბარი”.
ძნელია არ დაეთანხმო კოლეგას - და არამარტო სოლიდარობის გრძნობის გამო. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჟურნალისტების ცემისა და შეურაცხყოფის რამდენიმე გახმაურებული ფაქტის მომსწრენი ჩვენც გავხდით. თუმცა გაგვიჭირდება დამნაშავის გამოვლენისა და დასჯის თუნდაც ერთი შემთხვევის გახსენება. მაგრამ, თუ მაინც პრეცედენტებზე მიდგა საქმე, ერთი ამგვარი პრეცედენტი სწორედ ამ ორიოდე დღის წინ შეიქმნა. ტელეკომპანია “კავკასიის” გადამღები ჯგუფის შეურაცხყოფის, ხელების გადაგრეხის, პოლიციის განყოფილებიდან გამოგდების, ვიდეოკამერის წართმევისა და გადაღებული მასალის ყველაზე კომპრომატული ნაწილის წაშლის შემდეგ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უფროსი დავით კუპატაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ჟურნალისტ ლიკა ნაღაბაშვილსა და ოპერატორ ლევან შერმადინზე პოლიციელების თავდასხმა 7 დეკემბერს მოხდა. ჟურნალისტები თბილისის პოლიციის განყოფილებებში ჩეჩენი ეროვნების 80-მდე ოჯახის ძალადობრივი მიყვანისა და მათი თითების ანაბეჭდების აღების ფორსირებული ოპერაციის გაშუქებას ცდილობდნენ. იმავე დღეს, დილის 6 საათზე, გაზეთ “ექოს” რედაქტორის გენო ჯოხაძის ბინაში შევიდა 6 შეიარაღებული პოლიციელი, რომლებიც დაუკითხავად განაწილდნენ ოთახებში და, რაღა თქმა უნდა, გვარიანად შეაშინეს ჟურნალისტის მეუღლე და ბავშვი. როგორც თავად გენო ჯოხაძემ გვიამბო, მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ბინაში ჩეჩენი ეროვნების ადამიანის ასაყვანად იყვნენ მისულები.
XS
SM
MD
LG