Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასმედიის როლი ქართულ-ოსურ კონფლიქტში


ქართველი და ოსი ჟურნალისტები გუშინ კიდევ ერთხელ მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას. თუმცა ამჯერად შეხვედრის ადგილს არა რომელიმე ნეიტრალური ტერიტორია, არამედ საქართველოს დედაქალაქი წარმოადგენდა.

მეტად საგულისხმოა ისიც, რომ ამ შეხვედრის ორგანიზებაში უცხოური ორგანიზაციების ტრადიციული ჩარევა აღარ გახდა საჭირო. სტუმრებმა თბილისური მოწვევა უპრობლემოდ მიიღეს.

ოს ჟურნალისტთა 6-კაციანი დელეგაცია გზებზე დაფენილ ყინულს არ შეუშინდა და თბილისს გუშინ ერთი დღით ესტუმრა. არასამთავრობო ორგანიზაციების: ქართულ-ოსური კავშირის – “იბერ-ირონისა” და “ჩემი საქართველოს” ინიციატივით გამართულ კონფერენციას მხარი საგანგებო საქმეთა სამინისტრომაც დაუჭირა. უნდა ითქვას, რომ ხსენებული სამთავრობო უწყების შეხვედრაზე დასწრებას ოსი ჟურნალისტების გაკვირვება და მით უფრო – გაღიზიანება არ გამოუწვევია.

არავინ დავობს, რომ ინფორმაციული ვაკუუმი ან, უარეს შემთხვევაში - დეზინფორმაცია კონფლიქტებს კიდევ უფრო ამწვავებს. სხვათა შორის, ამ ფაქტორმა თავისი მძიმე კვალი ქართულ-ოსურ ურთიერთობასაც დაატყო და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წარსული შეცდომების გამოსწორების სურვილს დღეს როგორც ქართველი, ასევე ოსი ჟურნალისტებიც გამოთქვამენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელებით აუცილებლად დაამარცხებენ მშვიდობის მთავარ მტერს - დამახინჯებულ ინფორმაციას.

ოსი ჟურნალისტი, გაზეთ “იუჟნაია ასეტიას” წარმომადგენელი ალექსანდრე კელეხსაევი, თავისი კოლეგების მსგავსად, მიიჩნევს, რომ, სამთავრობო პოლიტიკის მიუხედავად, ადამიანებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა უნდა გაძლიერდეს. გუშინდელ თბილისურ შეხვედრას იგი ამ მხრივაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს:

(კელეხსაევის ხმა, რუსულად) “ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები აუცილებელია, რომ ხალხში სიძულვილი და გაუცხოება აღმოიფხვრას. პოლიტიკისგან დამოუკიდებლად უნდა ვიმეგობროთ. ”

თბილი დახვედრითა და ქართული სტუმართმოყვარეობით მოხიბლული კელეხსაევი აპირებს გამოაქვეყნოს სტატია და ამაღლებული შთაბეჭდილებები მკითხველსაც გაუზიაროს. იგი დარწმუნებულია, რომ ყოველი თბილი სტატია ადამიანურ ურთიერთობებსაც გაათბობს.

ჟურნალისტის ამგვარი განცხადება ერთობ მოულოდნელია, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ფაქტორის გათვალისწინებით. ყველასათვის ნათელია, რომ, მის წინამორბ ლუდვიგ ჩიბიროვისგან განსხვავებით, იგი დიალოგისგან ყოველთვის თავს იკავებდა. ვერაფერს ვიზამთ, კოკოითის ამგვარი თავშეკავების საკითხი, ძირითადად, რუსეთში წყდება. თუმცა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ოს ჟურნალისტთა თბილისში ჩამოსვლის ფაქტში ამ მხრივაც იმედის მარცვალს ხედავს:

(მამუკა არეშიძის ხმა) “რაც შეეხება კოკოითს, ის ძალიან არის მოსკოვზე დამოკიდებული, მაგრამ რადგან ჩამოვიდნენ ოსი ჟურნალისტები, ესე იგი, შეიძლება კოკოითი ერთი ხელით ერთს აკეთებდეს, მეორეთი – მეორეს. თორემ იქ უკითხავად ვერ გაფაჩუნდება ვერაფერი. მე მაინც ვფიქრობ, რომ დღევანდელ ოსურ ხელმძღვანელობაში არის ისეთი დინებები, რომლებიც ხელს არ უშლის ქართულ-ოსურ კონტაქტებს ასეთ დონეზე ”.

ჟურნალისტები იმედოვნებენ, რომ კონტაქტი გაგრძელდება და შემდეგი ამგვარი შეხვედრა ცხინვალში შედგება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG