Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარგზავნილი საქართველოში თვლის რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა სამშაბათს გაეროს წარმომადგენელმა საქართველოში ჰაიდი ტალიავინიმ ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ შეეცდება გამოაცოცხლოს აფხაზეთის სამშვიდობო პროცესი.

მისი სიტყვით, ამ კვირაში, გაეროს უშიშროების საბჭოს წამყვანმა წევრებმა კვლავ დაადასტურეს, რომ უჭერენ მხარს მოლაპარაკებებს საქართველოსა და სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერებს შორის ე.წ."ბოდენის დოკუმენტის" საფუძველზე.

როგორც ცნობილია, დოკუმენტი ითვალისწინებს აფხაზეთის ფართო ავტონომიას საქართველოს ფარგლებში. აფხაზთა ლიდერები უარს ამბობენ აწარმოონ მოლაპარაკებები ამ დოკუმენტის საფუძველზე.

დოკუმენტი მიღებულ იქნა თითქმის ერთი წლის წინათ უშიშროების საბჭოსა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ. შეგახსენებთ, ამ ჯგუფში შედიან შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი გერმანია და რუსეთი. დასავლელი დიპლომატები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ დოკუმენტმა შეიძლება დაკარგოს ძალა, თუ უახლოეს ხანში არ დაიწყება მის გარშემო მოლაპარაკებები. ტალიავინი ასე არ ფიქრობს.

საშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა განაცხადა, რომ მხარეებმა უნდა განავითარონ საერთო ეკონომიკური ინტერსესის მქონე ერთობლივი პროექტები, მაგალითად, აღადგინონ სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და აფხაზეთს შორის. ტალიავინი ეთანხმება ამ აზრს, მაგრამ თვლის, რომ ამან არ უნდა შეცვალოს პოლიტიკური პროცესი.

[ტაგლიავინის ხმა] "სანამ სტატუსის საკითხი არ მოგვარდება, სანამ აფხაზეთის სტატუსი არ დადგინდება ისეთანირად, რომ საბოლოოდ გადაჭრილად ჩაითვალოს, ძნელია ლაპარაკი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჭეშმარიტ გარღვევაზე."

უშიშროების საბჭოს ზოგიერთმა წევრმა გამოთქვა შეშფოთება, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის ანრი ჯერგენიას გადაყენება კიდევ უფრო გაართულებს პოლიტიკურ პროცესს.

აფხაზეთის ხელმძღვანელობაში ცვლილებების შემდეგ ტალიავინი აფხაზეთში ახალ ლიდერებთან, მათ შორის ახლადდანიშნულ პრემიერ მინისტრ გენადი გაგულიასთან და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან შესახვედრად წავიდა.

"ყველაზე მეტად მაინტრესებს, ვინ გაუძღვება ფაქტობრივად, სამშვიდობო პროცესს. არ გამიკვირდება თუ შამბა, რომელიც 1997 წლიდან მოყოლებული აწარმოებდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ახლაც ითავებს ამას, ყოველ შემთხვეაში უახლოეს თვეებშიო", თქვა ტალიავინიმ.

ის იმედოვნებს, რომ მოახერხებს მომავალი წლის დამდეგს ე.წ "საკოორდინაციო საბჭოს" სხდომის მოწვევას. და მთელი რიგი პრობლემების, მათ შორის უსაფრთხოების, ადგილნაცვალი პირების და სოციალური და ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხების განხილვას. საბჭოში, როგორც ცნობილია, საქართველოსა და აფხაზეთის ოფიციალური პირები შედიან.

ტალიავინის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ გაერო იწყებს უშიშროების სიტუაციის შეფასებას გალის რაიონში, რომელშიც არ წყდება ლტოლვითა დაბრუნების პროცესი.

ტალიავინი ამბობს, რომ სტაბილურობის აღდგენის უტყუარი ნიშანია რეგიონში დაბრუნებულ ბავშვები. დიპლომატის სიტყვით, ის ორჯერ იყო გალის რაიონში და იქ ძალიან ბევრი პატარა ბავში ნახა.

ტალიავინიმ თქვა, რომ გაეროს მისია გამოიმუშავებს რეკომენდაციებს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების თაობაზე. მათ შორის შეიძლება პოლიციის ერთობლივი სტრუქტურების შექმნაც იყოს გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG