Accessibility links

logo-print

ბუში ახდენს ზეწოლას ევროპის კავშირზე, თურქეთის სასარგებლოდ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ახორციელებს ზეწოლას ევროპის კავშირზე, რათა მან მიიღოს გადაწყვეტილება თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მომავალში.



სამშაბათს ბუში შეხვდა თეთრ სახლში რეჯიპ ტაიიპ ერდოანს – თუქეთის ახალი მმართველი პარტიის ლიდერს და მას ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ვაშინგტონი თურქეთში ხედავს თავის მნიშვნელოვან მოკავშირეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ჩარჩოებში, ისლამურ სამყაროსთან დამაკავშირებელ სტრატეგიულ ხიდს. გარდა ამისა, ამერიკა განიხილავს ერაყის მოსაზღვრე თურქეთს და მის საჰაერო ბაზებს, მნიშვნელოვან ელემენტად ერაყის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში.

სამშაბათს ბუშმა დაურეკა ევროპელ მოკავშირეთა ლიდერებს და მოითხოვა მათგან დანიშნონ ევროპის კავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღი. ევროპის კავშირის სამიტი ხუთშაბათს იკრიბება კოპენჰაგენში.

ევროპაში ზოგიერთი თვლის, რომ ისტორიული, კულტურული და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, თურქეთი ევროპის ნაწილი ვერასოდეს ვერ გახდება.

თურქეთისთვის მხარდაჭერის საილუსტრაციოდ ბუში ერდოანის გვერდით ტელევიზიითაც კი გამოვიდა. მან შეაქო თურქეთი, როგორც ნატოს სტრატეგიული წევრი და მიულოცა ერდოანს მისი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" გამარჯვება ბოლო საპარალამენტო არჩევნებში. ბუში მიესალმა, აგრეთვე, იმას, რომ ამ პარტიამ ივალდებულა დაიცვას თავისუფლება და დემოკრატია.

ადმინისრტაციის მომხრე ანალიტიკოსები გამოთქვამენ რწმენას, რომ "სამართლინობისა და განვითარების პარტიის" გამარჯვება შეერთებული შტატების ინტერესებსაც მოემსახურება; და, რომ წარმატების შემთხვევაში მისი დემოკრატიული, სეკულარული და ზომიერი მმართველობა იქნება მაგალითი ისლამისტური პარტიებისთვის მაჰმადიანურ სამყაროში.

ერდოანმა, რომელსაც აკრძალული აქვს ოფიციალური პოსტის დაკავება თურქეთში, ადრეული პრო-ისლამური გამოთქმებისთვის, რომლებიც რელიგიური მტრობის წაქეზებად ჩაითვალა, მადლობა გადაუხადა ამერიკას და თქვა, რომ თანამედროვე თურქეთის დაარსების შემდეგ 1923 წელს, ევროპის კავშირში შესვლა არის ყველაზე მნიშვნლოვანი ნაბიჯი ქვეყნის მოდერნიზაციის მიმართულებით.

ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთმა სასწრაფოდ გაატარა რამდენიმე რეფორმა ადამიანის უფლებათა დაცვის გასაუმჯობესებლად. მაგრამ ევროპელი კრიტიკოსების აზრით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. სამშაბათს, ბრიუსელში გადაიდგა მოკრძალებული ნაბიჯი თურქეთის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად. პირობითად დაინიშნა მოლაპარაკებების დაწყების თარიღი – 2005 წლის ივლისი, ისიც, თუ 2004 წელს ანკარას მიერ წარდგენილი ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება. თურქეთმა ეს თარიღი სრულიად მიუღებლად მიიჩნია.

ბუშისა და ერდოანის მოლაპარაკებები თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა დაახასიათა როგორც პოზიტიური. ამასთან აღნიშნა, რომ ბუში შეეცადა დაემშვიდებინა თურქეთი, რომელიც შიშობს, რომ ქაოსში , რომელიც მოყვება ერაყთან ომს, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში შეიძლება აღმოცენდეს ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფო, რამაც შეიძლება თურქეთის ქურთებს შორის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ფლაიშერმა თქვა, რომ პრეზიდენტი თვლის, რომ ერაყის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო აქციის შემთხვეაში, ეს ქვეყანა განუყოფელი უნდა დარჩეს.

თურქეთი, რომელიც აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება ერაყთან ომის იდეას, მაგრამ თანახმაა დაუშვას შეერთებული შტატები თავის საჰაერო ბაზებზე, ვაშინგტონისგან მოითხოვს ფინანსურ დახმარებას, იმ ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც შეიძლება მოყვეს ერაყთან ომს. ბუშის ადმინისტრაცია ფიქრობს 5 წლის განმავლობაში 4 მილიარდი დოლარის მიცემას; თურქეთი ამაზე ათჯერ მეტს მოითხოვს.
XS
SM
MD
LG