Accessibility links

logo-print

პარლამენტის როლი ხელისუფლებაში


როდესაც შარშან შემოდგომაზე ზურაბ ჟვანია გადადგა, ბოლო მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ცნობიდან ორი წელიწადი ჰქონდა გავლილი და ვადის ამოწურვამდეც ზუსტად ორი წელიწადი რჩებოდა.

არადა, უკვე კარგა ხანია, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტი თითქმის აღარ ფუნქციონირებს და არსებობის ბოლო დღეებს ითვლის. ერთადერთი არჩევითი ორგანო, რომლის საქმიანობა პრესის და საზოგადოების ინტერესს იწვევს, თბილისის საკრებულოა.

დაკნინდა თუ არა პარლამენტის როლი ხელისუფლებაში?

ზურაბ ჟვანიას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ერთი არსებითი ნაკლი ჰქონდა: იგი მეტისმეტად იყო დამოკიდებული ედუარდ შევარდნაძეზე. ამის მიზეზი საყოველთაოდ ცნობილია: ჟვანიას დაბეჯითებით სურდა, პრეზიდენტს თავის მემკვიდრედ შეერჩია და ეს პოლიტიკური მიზანი პარლამენტის თავმჯდომარის დამოუკიდებლობის ხარისხს უკიდურესად ზღუდავდა. უმრავლესობა, რომელსაც პარლამენტში ფლობდა მოქალაქეთა კავშირი, იმართებოდა ჟვანიას მიერ, მაგრამ სრულად ექვემდებარებოდა შევარდნაძის პოლიტიკურ ნებას. ამ რეალობის ყველაზე თვალსაჩინო დასტური ის იყო, რომ უმრავლესობა ამტკიცებდა მინისტრებს, რომელთაგან ზოგიერთს პარლამენტის თავმჯდომარე თავის უშუალო პოლიტიკურ კონკურენტად აღიქვამდა. პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის სადავო საკითხები ნამდვილად არსებობდა. ამის შესახებ ინფორმაცია ხან კულუარებიდან ჟონავდა, ხან შევარდნაძის ნახევრად საჯარო გამოსვლებიდან პარტიულ შეკრებებზე. მაგრამ კონსტიტუციური იერარქიის ამ ორ მთავარ ფიგურას შორის განხეთქილების ფაქტი პირველად დაადასტურა ჟვანიას ღია წერილმა პრეზიდენტის მიმართ. ამ წერილის პასუხად, შევარდნაძემ უმრავლესობა დაშალა და პარლამენტის თავმჯდომარე უკიდურესად დაასუსტა. ამით შევარდნაძემ დაამტკიცა, რომ ხელისუფლებაში მისი ნება უპირველესია, დანარჩენების ნება კი – ქვემდებარე.

პარლამენტის ახალი თავმჯდომარე – ნინო ბურჯანაძე – გაცილებით დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე ჟვანია. წინამორბედისგან განსხვავებით, მას არ ბოჭავს პრეზიდენტობის ამბიცია და, ამის გამო, უფრო მეტად პარლამენტზეა ორიენტირებული, ვიდრე პრეზიდენტზე.

მაგრამ ახალი თავმჯდომარე თავიდანვე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ძველი - გადადგომის წინ: ნინო ბურჯანაძეს არათუ არ ჰყავს უმრავლესობა, არამედ არც გუნდი ჰყავს, რომელსაც თავის საქმიანობაში დაეყრდნობა. იგი, ფაქტობრივად, მარტოა და ოპონენტების შემოტევებისგან თავის დაცვაც კი მარტოს უხდება. რაც დრო გადის, მით მეტად იგრძნობა ორი რეალობა. პირველი ის არის, რომ პარლამენტში ბოლოხანს გამეფებული ძალადობა, გვინდა თუ არა, უშუალოდ არის განპირობებული თავმჯდომარის სისუსტით. დეპუტატები იმ პირველკლასელი მოსწავლეებივით იქცევიან, რომლებსაც კლასის დამრიგებელი ავად გაუხდათ და, გათამამებულები, შემცვლელ მასწავლებელთან თავნებობენ. მეორე რეალობა კი ისაა, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თანდათან სულ უფრო მეტად ჭირს ხმების შემოკრება რაიმე საკითხის ირგვლივ და ამიტომ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები სხვა სახელისუფლო სივრცეში, ჩაკეტილ კაბინეტებში, მიიღება. ამით პარლამენტი ნებაყოფლობით აკნინებს საკუთარ როლს ხელისუფლებაში.

ერთი შეხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში, მართლაც, ბევრი რამ უარესობისკენ შეიცვალა, ქმედობაუნარიანობის თვალსაზრისით. ფორმალურად ეს უკავშირდება პოლიტიკური სპექტრის მეტისმეტ ფრაგმენტაციას - ახლა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 15 ფრაქციაა და თითოეულ მათგანს თავისი ინტერესი აქვს. მაგრამ, სინამდვილეში, თუ ძველ რეალობას გავითვალისწინებთ, პარლამენტი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების ადგილი არასოდეს ყოფილა. ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საჭირო ხმებს აგროვებდა უმრავლესობის მეშვეობით, ყოველთვის სადღაც სხვაგან წყდებოდა და არა ჟვანიას კაბინეტში ან, მით უმეტეს, სხდომათა დარბაზში.

ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტის როლის დაკნინება, რომელიც, თითქოს, თვალნათლივ იგრძნობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ პოლიტიკური ილუზიაა. სინამდვილეში, პრეზიდენტს არასოდეს დაუთმია პარლამენტისთვის ძალაუფლების რაიმე მნიშვნელოვანი ნაწილი. ედუარდ შევარდნაძე ერთდროულად იყო მთავრობის თავმჯდომარეც და საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური ლიდერიც. ამიტომ იგი ერთნაირად აკონტროლებდა ხელისუფლების როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო შტოს.

როგორც კი პრეზიდენტს ზურაბ ჟვანიამ, თავის მცირერიცხოვან გუნდთან ერთად, სერიოზული პრობლემები შეუქმნა, შევარდნაძემ დაშალა უმრავლესობა, რითაც ქმედობაუუნაროდ აქცია პარლამენტი. ამის შემდეგ, უბრალოდ, გამოაშკარავდა ის ვითარება, რაც მანამდე ოსტატურად ინიღბებოდა: უმაღლესი არჩევითი ორგანო ვერაფერს წყვეტს; ხალხის ნება იგნორირებულია არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებს შორის პერიოდშიც.

ამიტომ სიმართლე ისაა, რომ დღევანდელი პარლამენტი გაცილებით გულწრფელია თავისი რეალური სახის წარმოჩენაში, ვიდრე გასული წლების პარლამენტი იყო. არსებითი სხვაობა კი მათ შორის არ არსებობს.
XS
SM
MD
LG