Accessibility links

დამთავრდა “16-დღიანი აქცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ”


სამშაბათს, 10 დეკემბერს, რომელიც გაეროს გამოცხადებული

აქვს დამიანის უფლებათა დაცვის მსოფლიო დღედ, დამთავრდა “16-დღიანი აქცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ”. ის მესამე წელია, მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად საქართველოშიც ჩატარდა. ამ აქციის შესახებ ერთი კვირის წინ მოგითხრობით, როცა ვისაუბრეთ თავად ცნება “გენდერული ძალადობის” შესახებ, გაიმბეთ აქციის ინიციატორებსა თუ მიზნებზე, ვუპასუხეთ შეკითხვებს, რატომ არის ლაპარაკი მაინცდამაინც 16-დღიან კამპანიაზე, ან რატომ კეთდება აქცენტი უმეტეს შემთხვევაში ქალებისადმი ძალადობაზე.

იმავე გადაცემაში გაიჟღერა შეკითხვამ, რომელიც საქართველოში, ალბათ, განსაკუთრებით აქტუალურად უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან ის ჩვენში საკმაოდ ბევრ ადამიანის ებადება: კერძოდ, ხომ არ არის გენდერული ძალადობა უცხოეთიდან “იმპორტირებული”, საქართველოსთვის უცხო, რომ იტყვიან, ყურით მოთრეული პრობლემა? აი, როგორ უპასუხა ამ შეკითხვას წინა გადაცემაში თბილისში დაფუძნებული ორგანიზაციის “ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელმა, თამარ აბრამიშვილმა: [თამარ აბრამიშვილის ხმა] “ამას გაიგონებთ იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც უჭირთ, აღიარონ, რომ დღეს საქართველოში საერთოდ არსებობს ქალის პრობლემა – ანუ, ჯერჯერობით არ არის მიღწეული ის, რომ საზოგადოებამ, საერთოდ, აღიაროს ერთმნიშვნელოვნად (და მათ შორის, ძირითადად, ქალებმა თვითონ აღიარონ), რომ საქართველოში არსებობს ქალის პრობლემა და, საერთოდ, ირღვევა ქალთა პრობლემები”. ასეთი იყო თამარ აბრამიშვილის პასუხი.

ორშაბათს კი მისი ორგანიზაციის ოფისში გაიმართა სემინარი, რომელიც სწორედ გენდერის საქართველოსათვის დამახასიათებელ სპეციფიკას მიეძღვნა - მოხსენებით თემაზე “კულტურა და გენდერი” გამოვიდა კულტუროლოგი ლიანა ანთელავა. მას სემინარის შემდეგ ტელეფონით დავუკავშირდი და დღევანდელი გადაცემისათვის ციკლიდან “ქალი და მსოფლიო” რამდენიმე შეკითხვით მივმართე. კერძოდ, რახან ქალბატონი ლიანას თქმით, მისი გამოსვლა დაიწყო მოხსენების სათაურში შემავალი ორი ცნების: კულტურისა და გენდერის განსაზღვრებით, მას ვთხოვე იგივე, ოღონდ პოპულარული ენით გაეკეთებინა ინტერვიუშიც.

მაშ ასე, რა არის კულტურა?
[ლიანა ანთელავას ხმა] “კულტურა ადამიანთა შემოქმედების, ქცევისა და ურთიერთობების ისტორიულად განვითარებადი, ზებიოლოგიურ პროგრამათა სისტემაა. ზებიოლოგიური იმიტომ, რომ კულტურა არის ყველაფერი ის, რაც არ არის ნატურა, მათ შორის ბიოლოგია. ადამიანი ცხოველისაგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ კულტურ-მაწარმოებელია, კულტურ-შემოქმედია! ანუ, ადამიანოურობა – კულტურშემოქმედებითი უნარია.”

რაც შეეხება მოსხენების სათაურში შემავალ მეორე ცნებას, გენდერს?
[ლიანა ანთელავას ხმა] “ეს არის ტერმინი, რომელიც იხმარება სოციალურ მეცნიერებაში ადამიანის სქესობრივი კუთვნილების სოციო-კულტურული ასპექტის აღსანიშნავად. გენდერი არ არის ბიოლოგიური მახასიათებელი – ეს არის სოციალური ორგანიზაცია. ინგლისურ ენაში არის ამის აღმნიშვნელი “sex”, რაც ნიშნავს ბიოლოგიურ სქესს და “gender”, რომელიც უფრო ხშირად გრამატიკული სქესის მიმართ იხმარებოდა ხოლმე და შემდეგ, აი, თანამედროვე მეცნიერებაში შემოვიდა იმის აღსანიშნავად, რასაც “სოციო-კულტურული ასპექტი” ჰქვია.”

შესაბამისად, როცა ლაპარაკია ადამიანის სოციალურ როლზე, ბუნებრივია, რომ გენდერზე საუბარი იზოლირებულად, კულტურის ზოგადი კონტექსტიდან მოწყვეტით გაუმართლებელია: იმასთან, თუ როგორია კულტურა, მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებაში გენდერული როლების განაწილება. და მაინც, რა კავშირი არსებობს ლიანა ანთელავას მოხსენებას “კულტურა და გენდერი” და “გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან აქციას” შორის?

[ლიანა ანთელავას ხმა] “ძალადობა არის საზოგადოებრივი მოვლენა, საზოგადოებრივი პროცესები და მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოებრივ პროცესებს, ამას ჰქვია კულტუროლოგია. კულტუროლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კულტურის პრობლემებს, ანუ, არის რეფლექსია კულტურისა საკუთარ თავზე და ამდენად, კულტურა და გენდარი არის ის საბაზო თეორიული საკითხი, რომელსაც ემყარება აი, ის აქცია.” ასე რომ, ლიანა ანთელავას მოხსენებაში საუბარი შეეხო იმ თეორიულ საფუძველს, რომელსაც ემყარება გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების თუ უწყებების პრაქტიკული საქმიანობა.

[ლიანა ანთელავას ხმა] “შემდეგ, აქ იყო პატარა ესქკურსი გაკეთებული, საერთოდ, ფემინისტურ მოძრაობაზე. მოვიყვანე ძალიან ბევრი მაგალითი (ლიტერატურიდან, რა თქმა უნდა ) და ძალიან საინტერესო რაღაცეების გამოჩნდა. კერძოდ, რა დონემდე დისკრიმინირებულია ქალი დასავლური კულტურის მსოფმლხედველობაში! არისტოტელედან მოყოლებული და თუ გინდათ, შექსპირის ჩათვლით, რომელიც, გვახსოვს კიდეც ზეპირად – “არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ!”. აი, ეს კნინობითი აზრი ქალზე... ჰეგელი არც თუ ისე დიდი ხნის წინ აყენებდა აზრი იმის შესახებ, რომ, იქნება, არ ჩავთვალოთ ქალი ადამიანურ არსებადო... აი, მე რატომ განვიხილე ევროპაში გავრცელებული აზრი ქალთან დაკავშირებით? საქართველოში მე არ ვიცი არც ერთი ამის მსგავსი – ლიტერატურაში ან სადმე სხვაგან, ქართულ აზროვნებაში დაფიქსირებული - აზრი ქალის “არარაობასთან” დაკავშირებით. უბრალოდ, არ არის! შეიძლება, აღმოჩნდეს საგანგებო კვლევისას, მაგრამ ზედაპირზე ამის პოვნა არ შეიძლება, ისე როგორც შეიძლება ამის პოვნა ევროპული აზრის ზედაპირზე.”

სწორედ ამ მოსაზრებამ 9 დეკემბერს ჩატარებული სემინარის მონაწილეებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია – მათი ვარაუდით, ქართული კულტურის საფუძვლიანად შესწავლა არ მარტო შესაძლებელს გახდს გენდერის საქართველოსათვის დამახასიათებელი სპეციფიკის ამოცნობას, არამედ ამ თემით ფართო საზოგადოებასაც დააინტერესებს. დღეს ხომ ინტერესი ქალთა მდგომარეობის თემისადმი ფართო საზოგადოებაში, ფაქტობრივად, არ არსებობს და ეს მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა გენდერული ასიმეტრია: საქართველოში ქალები პარლამენტარების 7,4 პროცენტს, მთავრობაში კი სულ 2რპროცენტს შეადგენენ, მსხვილ ბიზნესში ფაქტობრივად არ არიან წარმოდგენილი და ეს მაშინ, როცა, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 1000 ქალზე 800-მდე უმაღლესდამთავრებული მოდის. ასე რომ, ქვეყანა დიდ პოტენციალს კარგავს – თან სიდუხჭირის ხანგრძლივ პერიოდში!

[ლიანა ანთელავას ხმა] “ქართულ ფემინისტურ ორგანიზაციებში მომუშავე ქალებისათვის არ არის უცხო იმ აზრთან შეხვედრა, რომ ქართული საზოგადოება ცოტათი გულგრილია ფემინისტური მოძრაობის მიმართ. ამ პრობლემაზე პასუხი, მე ვფიქრობ, დევს სწორედ იმაში, რომ ჩვენ უკეთ უნდა ვიცოდეთ, როგორია გენდერული პრობლემა ქართულ კულტურულ სიღრმეში. როცა ავადმყოფთან მიდიხარ, თუ მას სწორი დიაგნოზი არ დაუსვი, ის შენ არ გამოგყვება, არ დალევს შენს მიერ დანიშნულ წამლებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი კი არის, რაღაცნაირად უმკურნალონ სოციალურ დაავადებებს. როცა ადამიანებს ვეუბნებით: “შენ ხარ დაჩაგრული, შენ ხარ დისკრიმინირებული”, ეს ქალი გრძნობს, რომ ამით ეს არ არის ავად, რომ ეს ასე არ არის! უფრო სწორედ, ეს შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ იმისათვის, რომ უფრო დაჯერებული ვიყოთ ჩვენს სიმართლეში, უკეთესად უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ქართულ სოციუმში. აქამდე რა იყო მისი შესწავლის საფუძველი? სოციოლოგიური გამოკვლევები, რომლებიც ჩატარდა ევროპასა და ამერიკაში, გადმოდის ჩვენთან. თითქოს, იქ თუ ასეა, საქართველოშიც ასეა. მე კი ვფიქრობ, რომ ქართული კულტურის ზედაპირზე თვალის გადავლებისთანავე ერთი რამ ნათლად ვლინდება – რომ აქ არ არის ზუსტად ისე, როგორც დასავლეთში!”

კულტუროლოგ ლიანა ანთელავას მონათხრობიდან პირველ რიგში, ალბათ, ის უნდა დავასკვნათ, რომ გენდერის საქართველოსათვის დამახასიათებელი სპეციფიკის ამოცნობას მეტად სერიოზული და ხანგრძლივი შესწავლა დასჭირდება. ამ თემას ჩვენს ყოველკვირეული პროგრამაში “ქალი და მსოფლიო” უთუოდ დავუბრუნდებით.
XS
SM
MD
LG