Accessibility links

logo-print

ენერგოსექტორში არსებული კორუფციის საკითხის განხილვა საქართველოს მთავრობაში და ენერგეტიკის მინისტრის ახალი დაპირებები


საქართველოს მთავრობის სხდომაზე ენერგოსექტორში არსებული მდგომარეობის განხილვა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას შექებით დასრულდა.

სახელმწიფო მინისტრმა მირცხულავა საქმის პროფესიონალად ენერგოსექტორში კორუფციის მაღალ მაჩვენებელზე საუბრის შემდეგ მოიხსენია. პროგნოზი იმის შესახებ, რომ 11 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, არ გამართლდა. დავით მირცხულავამ კანცელარია კმაყოფილმა დატოვა და დადო პირობა, რომ უახლოეს დღეებში ენერგოკრიზისი მთელი საქართველოს მასშტაბით მოიხსნება, ენერგოსექტორში კი სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდება.

სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს ამ ბოლო დროს ბედი სწყალობს. პრეზიდენტი მის მიმართ მკაცრი აღარ არის. დავით მირცხულავა ედუარდ შევარდნაძისგან არათუ დაუმსახურებელ, დამსახურებულ შენიშვნებსაც აღარ იღებს. თუ გასულ წლებში პრეზიდენტი ენერგეტიკის მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლებით წარამარა ემუქრებოდა, წლევანდელი ზამთრის მძიმე დასაწყისის სუბიექტურ მიზეზებზე საუბრისას მას ენერგოსექტორის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი აღარ ახსენდება. საინტერესო ცვლილება მოხდა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრისადმი სახელმწიფო მინისტრის დამოკიდებულებაშიც. ენერგოსექტორში არსებული უმართავი და კორუფციული ვითარების გამო, ავთანდილ ჯორბენაძემ ენერგეტიკის დარგში არსებული მდგომარეობის დეტალური განხილვა გასულ ოთხშაბათს მოითხოვა, რასთან დაკავშირებითაც ამ სფეროს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის წამოწევა არ გამორიცხა. განხილვა 11 დეკემბერს შედგა და მასზე ენერგეტიკის მინისტრმა, შენიშვნებისა და საყვედურების ნაცვლად, შექება და მსუბუქი გაფრთხილება მიიღო. მანამდე ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება ავთანდილ ჯორბენაძემ შეაფასა როგორც “რთული და მძიმე”. თავის გამოსვლაში მან განსაკუთრებით შეაჩერა ყურადღება ენერგეტიკის სფეროში კორუფციის მაღალ მაჩევენებელზე. ამას დაემატა კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და უშიშროების მინისტრის გამოსვლები ენერგოსექტორში არსებული განუკითხაობის თაობაზე. უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე, ვალერი ხაბურძანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკიდან ამოღებული თანხებიდან “ენერგონაძირალების” ჯიბეებში 55 მილიონი მაინც ილექება. ასეა თუ ისე, დარგის ხელმძღვანელს ამ ყველაფერზე პასუხისგება არ მოეთხოვა. პირიქით, დავით მირცხულავას, როგორც მცოდნე და უნარიან ხელმძღვანელს, ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოუცხადეს.

[ავთანდილ ჯორბენაძისა და ედუარდ შევარდნაძის ხმები ] “მინისტრი არის საკმაოდ მცოდნე ადამიანი. მას შეუძლია ამ დარგის გაძღოლა და იმ შეცდომების გამოსწორება, რომლებიც მისმა წინამორბედებმა დაუშვეს.”

ედუარდ შევარდნაძე – “მთავარია ახალი შეცდომები არ დაუშვას.”

ავთანდილ ჯორბენაძე – “დიახ, ახალი შეცდომები არ უნდა დაუშვას და თავად უნდა განახორციელოს საკადრო ცვლილებები.”

პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის ამ გამოსვლით ენერგეტიკის მინისტრი კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო. მან სახელმწიფო კანცელარია 57- მდე ქვეშევრდომის გათავისუფლებისა და ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებაში არსებული პრობლემების დაძლევის დაპირებებით დატოვა. ასე რომ, ვერსია, რომლის მიხედვით, 11 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე სათბობ-ენერგეტიკის მინისტრისა და ენერგოსექტორის სხვა ხელმძღვანელების პასუხისმგებლობისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების საკითხი უნდა დამდგარიყო, არ გამართლდა. ენერგოსექტორის უმართაობაზე, წლევანდელ ენერგოკრიზისსა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ კორუფციაზე მსჯელობამ მთავრობის სხდომაზეც ისევე მშვიდად ჩაიარა, როგორც პარლამენტში. მირცხულავას ახალი დაპირებით, ენერგოკრიზისი, ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დაიძლიოს.
XS
SM
MD
LG