Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს ცვლილებები სოხუმის ხელისუფლებაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 11 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესმა,” სოხუმის ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტ ვალერი არშბაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო

საბჭოს სხდომა 2003 წლის იანვარში, სავარაუდოდ, თბილისში გაიმართება და რომ შეხვედრისას განხილული იქნება პრობლემათა მთელი სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური საკითხებიც. ვალერი არშბა არ აკონკრეტებს, თუ ვინ უხელმძღვანელებს სოხუმის ხელისუფლების დელეგაციას. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ, პრემიერის თანამდებობიდან გადაყენების მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭოზე სოხუმის დელეგაციას ანრი ჯერგენია უხელმძღვანელებს, როგორც ჩანს, მოძველდა. უკანასკნელი ცნობით, ჯერგენია სამუშოდ მოსკოვში გადადის.


ამ დღეებში სოხუმის ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებები საკმაოდ ნიშანდობლივია – მართალია, სოხუმის ხელისუფლების ლიდერი ვლადისლავ არძინბა პრემიერ-მინისტრ ანრი ჯერგენიას დაკავებული თანამდებობიდან მოხსნას ბიუჯეტის შეუსრულებლობის მოტივით ხსნის, მაგრამ ეს მოტივი დამაჯერებლად არ გამოიყურება. ფაქტია, რომ ბიუჯეტის შესრულება თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მანამდეც პრობლემა იყო, – მოგეხსენებათ, აფხაზეთის შემოსავალი იმ თანხებით ამოიწურებოდა, რომელსაც იძლეოდა მანდარინის გაყიდვა და ზაფხულის სეზონზე დასასვენებელ სახლებში რამდენიმე ასეული რუსი დამსვენებელი, - მაგრამ ამის გამო პრემიერი თანამდებობიდან არავის დაუთხოვია. სოხუმის ხელისუფლებაში დაწყებული ცვლილებები, როგორც ჩანს, მაინც ვლადისლავ არძინბას ავადმყოფობასა და მისი მემკვიდრის ძიების თემას უკავშირდება. სხვათა შორის, სოხუმის ხელისუფლების ლიდერმა პირველად მხოლოდ ახლა განაცხადა საჯაროდ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. სოხუმში გამომავალ გაზეთ “რესპუბლიკა აბხაზიისთვის” მიცემულ ინტერვიუში იგი შენიშნავს: ვერ ვიტყვი, თითქოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელს არ მიშლიდეს, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ყველა საკითხის გადაწყვეტაში მაინც აქტიურად ვმონაწილეობო.
სოხუმის ხელისუფლების ლიდერის გულწრფელობა დიდ ეჭვს იწვევს. არძინბას მოსკოვში პერმანენტული მკურნალობის პერიოდში, – როგორც ცნობილია, იგი თვეებს ატარებდა მოსკოვის სხვადასხვა კლინიკაში, სოხუმში კი მხოლოდ რამდენიმე დღით ჩადიოდა ხოლმე, – ვიცე-პრეზიდენტის პოსტის არსებობის მიუხედავად, სოხუმის ხელისუფლებას ანრი ჯერგენია განაგებდა. სწორედ ის ხვდებოდა მოსკოვში რუსეთის ხელისუფლების მაღალ ოფიციალურ პირებს, იღებდა მათ სოხუმში და ა.შ. როგორც ჩანს, ანრი ჯერგენიას პოლიტიკურმა წონამ იმდენად მოიმატა, რომ საშიშროება შეუქმნა მათ, ვინც არძინბას შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს და ვინც, ქართველი ექსპერტების ვარაუდით, ისევ ე.წ. გუდაუთის დაჯგუფების წარმომადგენელი იქნება. შესაბამისად, ჯერგენიას თანამდებობიდან გათავისუფლება პოსტარძინბასეული პერიოდისთვის მზადების ლოგიკურ ჯაჭვში ჯდება.
საინტერესოა, რომ ანრი ჯერგენია სოხუმიდან საერთოდ მიდის – ბოლო ცნობებით, მას რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებში შესთავაზეს სამსახური. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლების ხელწერა წლების განმავლობაში არ იცვლება: თუ არძინბას მემკვიდრე რაიმე პარამეტრით არ დააკმაყოფილებს რუსეთის პოლიტიკურ გემოვნებას, შემცვლელის ძებნისთვის შორს წასვლა არ იქნება საჭირო – გამოცდილი კადრი ჯერგენია ამ ფუნქციას მშვენივრად გაართმევს თავს.
კიდევ ერთი ფრაგმენტი არძინბას ინტერვიუდან: ჟურნალისტის კითხვაზე, რას ელის იგი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისგან, არძინბა
უპასუხებს, რომ არაფერს დადებითს არ ელის და რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, უშიშროების საბჭო საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.
საქართველოს მხარე რაღას ელის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისგან? – ამის თაობაზე შეიტყობთ გაეროში საქართველოს წარმომადგენელ რევაზ ადამიასთან ინტერვიუდან,რომლის მოსმენის შესაძლებლობა გექნებათ ხუთშაბათს, რადიო “თავისუფლების” საღამოს პროგრამაში.
XS
SM
MD
LG