Accessibility links

logo-print

რატომ გადაიდო რუსი და ქართველი ჟურნალისტების დიალოგი მოსკოვში?


15-დან 18 დეკემბრის ჩათვლით მოსკოვში აღარ გაიმართება დიდი ხნით ადრე დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე-“დიალოგი კავკასიის ქედს იქით და აქეთ”. კონფერენციის, სულ მცირე,

ერთი კვირით გადავადების მიზეზი ის გახდა, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა რუსეთის ვიზების მიღება დროულად ვერ შეძლეს. კონფერენციის მასპინძელი ორგანიზაციის - რუსეთის ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის -ხელმძღვანელი ოლეგ პანფილოვი მიიჩნევს, რომ ამაში დამნაშავეა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც შეგნებულად არ დაიცვა პროცედურისთვის გათვალისწინებული ვადები.

კავკასიის ქედს იქით და აქეთ სახალხო დიპლომატიისა და ჟურნალისტური დიპლომატიის მნიშვნელობას განსხვავებულად აფასებენ. ოქტომბერში, აღნიშნული საერთაშორისო კონფერენციის პირველი რაუნდის თბილისში გამართვის წინა დღეებში, საქართველოს საელჩოს საკონსულო დეპარტამენტმა რეკორდულ ვადებში - პრაქტიკულად, ერთ დღეში - გაუფორმა საქართველოს ვიზები რუს და უცხოელ ჟურნალისტებს. სრულიად განსხვავებული ვითარება შეიქმნა ორი თვის შემდეგ მოსკოვში, სადაც საქმეში ეგრეთ წოდებული სავიზო ბიუროკრატია ჩაერთო. საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს რუსეთში ამოქმედდა კანონი “რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უცხოეთის სახელმწიფოთა მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსისა და გადაადგილების წესების შესახებ”. ამ კანონის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეებზე კანონით გათვალისწინებული კონტროლი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში მოექცა. ეს კი, თავის მხრივ, დამატებით იმას ნიშნავს, რომ სტუმრების უცხოეთიდან მოწვევაზე შუამავლობის უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც სწორედ ზემოხსენებულ ძალოვან უწყებაშია რეგისტრირებული. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი ამგვარი ორგანიზაცია არ აღმოჩნდა. ამას გარდა, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირს საკონსულო დეპარტამენტიდან დიდი დაგვიანებით, მხოლოდ 9 დეკემბერს, აცნობეს, რომ ქართველი ჟურნალისტების მიწვევასთან დაკავშირებული საკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უნდა შეთანხმებულიყო. არადა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა ქართველ ჟურნალისტთა სავიზო მასალები 26 ნოემბერს მიიღო. გასაგებია, რომ ძირითადი დატვირთვა მთელ ამ გაუგებრობაში აღნიშნულ თარიღებზე მოდის. მეტ-ნაკლებად სწორედ ამ თარიღებში იკითხება რუსული მხარის მოტივაცია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე მხოლოდ კანონმორჩილებასთან გვაქვს და არა სხვა რამესთან.
[ოლეგ პანფილოვის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ, ქართულ-რუსული ურთიერთობის გათვალისწინებით, ეს სიტუაცია ან პოლიტიკურ ატმოსფეროსთანაა დაკავშირებული, ან საგარეო საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი ჩინოვნიკის სისულელესთან”.
რუსეთის ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის ხელმძღვანელის ოლეგ პანფილოვის ზემოთქმულ ვარაუდებს კიდევ უფრო აკონკრეტებს საქართველოს დესპანი რუსეთში, თემურ გამცემლიძე. მისი აზრით, საქმე გვაქვს აუწყობელ, მოუქნელ სისტემასთან და სავიზო ბიუროკრატიასთან, რომელიც რუსეთში თავს საკმაოდ მყარად გრძნობს.
დაბოლოს, როდის გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “კავკასიის ქედს იქით და აქეთ “? ოლეგ პანფილოვის თქმით, ეს ერთი კვირის დაგვიანებით, 23-24 დეკემბერს, გახდება შესაძლებელი.
კონფერენციის შუამავალი ორგანიზაცია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ნაცვლად, სოროსის ფონდი იქნება.
XS
SM
MD
LG