Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აგებს პასუხს ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო


ელექტროენერგიის დეფიციტზე მეტად თბილისის მოსახლეობას დენის ხშირი გათიშვა აწუხებს. ამის თქმის საფუძველს კი თავად იმ უბრალო მოქალაქეთა განცხადებები იძლევა, რომლებიც დენის მოულოდნელი გამორთვით თუ ჩართვით,

მატერიალურ ზარალთან ერთად, სერიოზულ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს განიცდიან. ამ ვითარების გამოსწორებაზე არავინ ფიქრობს, რადგან მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალზე პასუხისმგებელი არავინაა.

12 დეკემბერს თითქმის მთელ თბილისს - მათ შორის, ეგრეთ წოდებულ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებსაც - ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მხოლოდ თბილისზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ დანარჩენი საქართველო ისედაც თითქმის ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს.

გასული წლების ზამთრის პერიოდში მოსახლეობას ელექტროენერგია გამოცხადებული ანდა გამოუცხადებელი გრაფიკით მიეწოდებოდა. წელს ვითარება შეიცვალა და თბილისის ელექტრომომარაგება ქაოტურად ხორციელდება. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში პირველი ჯგუფის ინვალიდმა ვახტანგ გველესიანმა.

[ვახტანგ გველესიანის ხმა] „ფსიქიურად დატვირთვაა ეს ისეთი, რომ ადამიანმა თუ თავისი თავი ხელში არ აიყვანა, შეიძლება გამოვიდეს მდგომარეობიდან.
-
ბატონო ვახტანგ, დენის ხშირ გამორთვებს თქვენთვის მატერიალური ზარალიც ხომ არ მოუყენებია?
-
რასაკვირველია, ელექტრომოწყობილობებზე მოქმედებს ეს. აი, მაგალითად, მაცივარი გადაგვეწვა, მაგნიტოფონი გადაგვეწვა და ასე შემდეგ. მე არ მინახია ჯერ და არ გამიგია, თბილისში რომ ვინმეს მიემართა ამ საკითხზე და ვინმეს აენაზღაურებია ეს ზარალი.“[სტილი დაცულია]

საღამოს საათებში ყოველ 15 წუთში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზები სულ სხვაა და 12 დეკემბერს დენის შეწყვეტისა კი - სულ სხვა. ამ ორ მოვლენას ის აერთიანებს, რომ მასზე პასუხისმგებელი არავინაა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 12 დეკემბერს ელექტროსისტემა ავარიულად გამოირთო. ეს ერთ-ერთ ცენტრალურ ელექტროსადგურზე წარმოქმნილმა ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია. ცენტრალური სისტემის გამართული მუშაობა რამდენიმე რგოლზეა დამოკიდებული, მათ შორის პასუხისმგებლის გამორჩევა კი ძალიან ძნელია. მით უმეტეს, რომ ასეთი ავარიები ფორსმაჟორულ შემთხვევებს მიეწერება.

რაც შეეხება 15 წუთიან ხშირ გამორთვებს, ის ელექტროტექნიკის გაფუჭების გარდა, ლიფტებში ჩარჩენილი მოქალაქეების ხანმოკლე პატიმრობის მიზეზიცაა. მასზე პასუხისმგებლის პოვნას “AES თელასში“ შევეცადე, რადგან სწორედ ის არის უბრალო მომხმარებლამდე ელექტროენერგიის მიმტანი რგოლი. თელასის ერთ-ერთი მენეჯერის ვალერი ფანცულაიას განმარტებით, ხშირი გამორთვების მიზეზი სიხშირის მარეგულირებელი ავტომატიკაა, რომელთა უმრავლესობა გაერთიანებული ენერგოსისტემის საკუთრებაა:

[ვალერი ფანცულაიას ხმა] „როდესაც სიხშირე ჩამოდის გათვალისწინებულ პარამეტრზე დაბლა, მაშინ ავტომატურად ქვესადგური ითიშება. ამ შემთხვევაში მარტო მოსახლეობის აპარატურა კი არ ზიანდება, ჩვენი აპარატურაც ძალიან ზიანდება, მაგრამ რამდენადაც საქართველოს ენერგოსისტემა ამორფული სხეულია, ვერავინ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს...“

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, დენის გამორთვებით მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება “AES თელასის“ ვალდებულებაა, მაგრამ რაკი მას მომხმარებელთან იურიდიულად გაუფორმებელი ურთიერთობა აქვს, პასუხისმგებლობას თავს აღწევს. ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ნინო ასათიანის თქმით:

[ნინო ასათიანის ხმა] „საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა AES-ზე უნდა მოდიოდეს, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ AES-ს არავისთან ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული და ამიტომ ვის უნდა უჩივლო? ვერც ენერგოსისტემას უჩივლებ, რადგან ის არ არის უშუალოდ შენი მომწოდებელი.“

ამ უპასუხისმგებლო სისტემის წინააღმდეგ თბილისელებმა კარგა ხანია ფარ-ხმალი დაყარეს და პროტესტს მხოლოდ პერიოდულად ქუჩების გადაკეტვით თუ გამოხატავენ ხოლმე.
XS
SM
MD
LG