Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოიწვევს თუ არა სადი შარიფოვის სიკვდილი კიდევ ერთ ეთნიკურ კონფლიქტს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 12 დეკემბერს, დილით ადრე, ბოლნისი-კაზრეთის გზაზე აღმოაჩინეს ორი კვირის წინათ პანტიანიდან გატაცებული 79 წლის სადი შარიფოვის გვამი. ცელოფანის პარკში გახვეული სხეული მდინარემ გამორიყა.

პირველადი დათვალიერებით, გვამს ძალადობის კვალი არ ეტყობა, თუმცა სიკვდილის მიზეზი მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა.

რუსეთის ნავთობკომპანია “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტ ვაგიფ შარიფოვის 79 წლის მამის გათავისუფლების პირობას შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი გატაცებიდან ორ დღეში იძლეოდა. ქართველი სამართალდამცავები ამტკიცებდნენ, რომ მათთვის ცნობილი იყო დამნაშავეთა ვინაობა და, ოპერატიულ მოქმედებათა შედეგად, მძევლად აყვანილი შარიფოვი მალე უვნებლად დაუბრუნდებოდა ოჯახს. პროგნოზი არ გამართლდა: 12 დეკემბერს, ანონიმური სატელეფონო ზარის შემდეგ, სამართალდამცავებმა სადი შარიფოვის გვამი ბოლნისი-კაზრეთის გზაზე, მდინარის პირას, იპოვეს. ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, სადი შარიფოვი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა – მას გულმა ვერ გაუძლო. ცელოფანის პარკში გახვეული გვამი გამტაცებლებმა მდინარეში გადააგდეს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადი შარიფოვი არ მოუკლავთ, ეს გატაცებულის დაღუპვის პირველი შემთხვევა იქნება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. აქამდე სხვადასხვა დროს გატაცებული ადამიანები, ადრე თუ გვიან, ცოცხლები უბრუნდებოდნენ საკუთარ ოჯახს.
ჯერჯერობით კვლავ უცნობია სადი შარიფოვის გატაცების მოტივი. არაოფიციალურად გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, თითქოს გამტაცებლები დაუკავშირდნენ მძევლის ოჯახს და გამოსასყიდი მოითხოვეს, არც მძევლის ოჯახი და არც კომპანია “ლუკოილი” არ ადასტურებენ მათთან გამტაცებლების დაკავშირებისა და გამოსასყიდის მოთხოვნის ფაქტს. მძევლის გვამის პოვნის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც აქამდე 2 დეკემბერს სადი შარიფოვის გატაცებას ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დანაშაულად აფასებდა, – მეტიც, კობა ნარჩემაშვილის განმარტებით, თავდამსხმელებს მძევლის აყვანა თავიდან გეგმაში არ ჰქონიათ და სადი შარიფოვმა, ოჯახის წევრებისათვის რომ ფიზიკური შეურაცხყოფა თავიდან აეცილებინა, თვითონ შესთავაზა მათ, რომ გაჰყვებოდა, – ახლა გატაცების პოლიტიკურ მოტივსაც არ გამორიცხავს.შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის პაატა გომელაურის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, შარიფოვის გატაცება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაუარესების სურვილით ყოფილიყო გამოწვეული.
გატაცების განსხვავებულ მოტივს ასახელებს პარლამენტარი იზუმრუდ გურბანოვი, რომლის განცხადებითაც, გატაცება პირდაპირ კავშირშია “ლუკოილის” მოღვაწეობასთან და დანაშაულის კვალი, შესაბამისად, მოსკოვში მიდის.
ამ დღეებში რუსეთის სანავთობო კომპანია “სლავნეფტის” ვიცე-პრეზიდენტის ჯამბულ ტყებუჩავას დედის გამტაცებლებიც გააქტიურდნენ. სოხუმის ხელისუფლების პროკურორის რაუფ კოდუას თქმით, გატაცებულის ოჯახის წევრებმა მიიღეს წერილი, რომელშიც გამტაცებლები მათ აქტიური ქმედებებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. თავად ჯამბულ ტყებუჩავა სოხუმში დაცვით გარშემორტყმული გადაადგილდება და დედის გათავისუფლებისთვის სამართალდამცავებს სოლიდურ ჯილდოს ჰპირდება.
XS
SM
MD
LG