Accessibility links

საქართველოში ტოტალიზატორების ბუმია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მძიმე სოციალური ფონისა და ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, საქართველოს დედაქალაქი გასართობი დაწესებულებებისა და რესტორნების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

თბილისში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად მომრავლებული ტოტალიზატორები იქცა, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და საქმიანი ფუსფუსია.

დღეისათვის მხოლოდ თბილისში რამდენიმე ათეული ტოტალიზატორი ფუნქციონირებს, რომელთაც ფილიალების საკმაოდ ფართო ქსელი აქვთ. ათიოდე წლის წინ, ალბათ, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ აზარტული თამაშის ეს ფორმა საქართველოში ამგვარად მოიკიდებდა ფეხს. უწყინარი ლატარიებისა და სპორტლოტოების ქვეყანაში ბუკმეკერები მხოლოდ იატაკქვეშა ფსონების მიღებას ახერხებდნენ და ამ საქმით დაკავებულები საბჭოური მილიციის მუდმივი ყურადღების ქვეშ იყვნენ.

დღეს კი ტოტალიზატორის გახსნა, შესაბამისი თანხის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს ბიზნესი მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც საკმაო შემოსავლის მომტანია. თბილისში პოპულარული საბუკმეკერო კანტორების თვიური ბრუნვა არაოფიციალურად, საშუალოდ, 10-დან 30 ათას ამერიკულ დოლარამდე აღწევს. ყველაზე მეტი მოგება კი ამ დაწესებულებებმა წელს კორეა-იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ნახეს.

ტოტალიზატორები განსაკუთრებით პოპულარულია იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური ფონი დამძიმებულია და მოსახლეობაც იოლი გამდიდრების სურვილით ადვილად ებმება ბუკმეკერების მიერ დაგებულ მახეში. სწორი მენეჯმენტისა და რამდენიმე დაუწერელი კანონის დაცვის შემთხვევაში, ტოტალიზატორების ბიზნესი, ფაქტობრივად, წაუგებელი საქმიანობაა. რაც შეეხება მოთამაშეებს, მათ ნაკლებობას დღეს მოქმედი ბუკმეკერული კანტორები არასდროს უჩივიან. ფსიქოლოგები ამ თამაშის მასობრიობას, მძიმე სოციალურ ფონთან ერთად, ქართული ტემპერამენტითა და სათამაშო სპორტის სახეობების პოპულარობით ხსნიან.

მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეების უმრავლესობას, როგორც წესი, არ უმართლებს, არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ტოტალიზატორში თამაში ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. ბუკმეკერებთან ფსონის დადება ერთგვარად საფონდო ბირჟაზე თამაშს წააგავს და იმ მოთამაშეებს, რომელთაც სტატისტიკური მონაცემების გაანალიზების უნარი და ალღო აქვთ, შეუძლიათ თავიანთი ოჯახური ბიუჯეტი გაამდიდრონ, თუმცა ხშირ შემთხვევაში საბოლოო შედეგი არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება და სწორედ ამაშია ტოტალიზატორში თამაშის აზარტი.
ქართული ტოტალიზატორები მსოფლიოში აპრობირებული წესებით მოქმედებენ და თავიანთ ფსონებსაც, სერიოზული დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, როგორც წესი, აღიარებულ დასავლურ ბუკმეკერულ კომპანიებში აზღვევენ.

საინტერესოა, რომ თბილისში მოქმედი რამდენიმე ათეული ტოტალიზატორი თავს ერთმანეთის კონკურენტად მაინცდამაინც არ მიიჩნევს. სიმრავლის მიუხედავად, როგორც ჩანს, ამ თამაშით გატაცებულთა რაოდენობა იმდენია, რომ კლიენტურის გადაბირების აუცილებლობა არ დგას. გარდა ამისა, ყველა ბუკმეკერის კოეფიციენტები ერთმანეთს ჩამოგავს და მოთამაშისათვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, სად გააკეთებს ფსონს. მოთამაშე ტოტალიზატორს, როგორც წესი, ძირითადად, ტერიტორიული პრინციპით ირჩევს. რაც შეეხება ამ ბიზნესის მომავალს, თუ ქართულ ხასიათს და ჩვენში არსებულ სოციალურ ფონს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში ტოტალიზატორების კეთილდღეობას არაფერი ემუქრება.
XS
SM
MD
LG