Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა გაათავისუფლა გემი, რომელსაც იემენისთვის ჩრდილოეთი კორეის რაკეტები მიჰქონდა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს, 11 დეკემბერს, შეერთებულმა შტატებმა გაათავისუფლა დაკავებული გემი, რომელსაც იემენისთვის ჩრდილოეთი კორეის რაკეტები მიჰქონდა. ეს მოხდა მას შემდეგ,

რაც იემენმა მისი გემის დაკავების გამო კატეგორიული პროტესტი განაცხადა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი შეასუსტებს ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციისადმი მის მხარდაჭერას.

შეგახსენებთ: გემს, რომელიც არც ერთი სახელმწიფოს დროშის ქვეშ არ დაცურავდა და სახელიც საღებავით ჰქონდა წაშლილი, შეერთებული შტატები რამდენიმე კვირის მანძილზე უთვალთვალებდა, სანამ მას არაბეთის ზღვაში, იემენის საზღვრიდან 1000-მდე კმ-ის დაშორებით დააკავებდნენ. გემს გადაჰქონდა "სკადის" ტიპის 15 რაკეტა, ჩვეულებრივი ქობინები და რაკეტის გამშვები დანადგარები. რაკეტებს ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ზიდვაც შეუძლიათ.

ტვირთი იემენისთვის იყო განკუთვნილი, რაც შარშან ივლისში, ამ ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულების დარღვევად ჩანდა. იემენმა ივალდებულა, ჩრდილოეთი კორეისგან რაკეტები არ შეესყიდა. ამ დაპირების წყალობით, მან თავიდან აიცილა სანქციები, რომლებიც მას ჩრდილოეთ კორეასთან უწინდელი საეჭვო გარიგებების გამო ემუქრებოდა.

მოსალოდნელი იყო, რომ იემენი უბრალოდ უარყოფდა, რომ მისთვის ცნობილია ამ გემის არსებობა. ამის ნაცვლად მან კატეგორიული პროტესტი განაცხადა. იემენის დედაქალაქ სანააში საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების ელჩი დაიბარეს და პასუხი მოსთხოვეს მისი მთავრობის მოქმედებისთვის. იემენი ირწმუნება, რომ რაკეტები მან შარშანდელ დაპირებამდე შეისყიდა. მაგრამ იბადება კითხვა: თუ ტვირთი მართლაც კანონიერად იყო შეძენილი, რატომ იყო რაკეტები ჩამალული ცემენტის 40 ტომარას შორის?

ასეა თუ ისე, მას შემდეგ, რაც იემენის ოფიციალური პირები ტელეფონით რამდენიმეჯერ ესაუბრნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელსა და ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის, ვაშინგტონმა გემის განთავისუფლების განკარგულება გასცა.

არადა, წინა დღეს, ვაშინგტონმა კმაყოფილება გამოთქვა გემის დაკავების, როგორც საშიში იარაღის გავრცელების საწინააღმდეგო ზომის გამო.

თეთრი სახლის ეს ნაბიჯი ნათლად გვიჩვენებს, როგორ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან ვაშინგტონის მიერ დასახული ორი მიზანი: ერთი მხრივ, შეაჩეროს იარაღის გავრცელება, ხოლო მეორე მხრივ, მოიპოვოს მოკავშირეები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ეს ორი მიზანი იყო ჩადებული ეროვნული უშიშროების ახალ სტრატეგიაში, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სამშაბათს, სწორედ იმ დღეს, როცა გემის დაკავების ამბავი გახმაურდა.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ იემენი, ავღანეთთან და პაკისტანთან ერთად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის მთავარი პარტნიორი გახდა. შეერთებული შტატების საგანგებო ძალებს მიეცა უპრეცედენტო შესაძლებლობა, იემენში, საუდის არაბეთის საზღვართან, "ალ ყაიდის" ასობით წევრისთვის მიეკვლიათ.

გემის გათავისუფლებით შეერთებულმა შტატებმა აშკარად მიანიშნა, რომ პრიორიტეტს სწორედ "ალ ყაიდაზე" ნადირობას ანიჭებს. თავის გასამართლებლად, თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა გაოცებულ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტვირთი იემენს დაუბრუნდა, რადგან საერთაშორისო კანონი ამ ქვეყანას ჩრდილოეთი კორეისგან რაკეტების შეძენას არ უკრძალავსო. ფლაიშერის თქმით, იემენმა პირობა დადო, რომ რაკეტებს არავის გადასცემს.

შეერთებული შტატების ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რაკეტების მიღება სიტყვის აშკარა გატეხვაა. თუმცა, მეორე მხრივ, დაპირება არ არის ხელშერულება, რომლის დაცვა აუცილებელია.

დემოკრატი სენატორის ჯოზეფ ლიბერმანის თქმით, ის გააოცა და შეაშფოთა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ, იემენს "სკადის" ტიპის რაკეტები მიეცეს. ლიბერმანმა დასძინა, რომ წარსულში იემენი ტერორისტებისთვის ხელშეწყობაშია შემჩნეული.
XS
SM
MD
LG