Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეიცვლება ევროპის კავშირი მასში 10 ახალი წევრის შესვლის შემდეგ?


ელენე ლორთქიფანიძე ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, კოპენჰაგენში, მუშაობას შეუდგა ევროპის კავშირის სამიტი. 10 ქვეყანას, უმთავრესად ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან,

ოფიციალურად შესთავაზებენ გაწევრიანებას 2004 წელს. მიმომხილველთა აზრით, ეს სიახლე შეცვლის არა მარტო ახალი წევრი ქვეყნების ცხოვრების ყაიდას, არამედ საერთოდ, ევროპის ხასიათს.

ევროპის კავშირში წევრობა ახლად მიღებული ქვეყნების ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხება. ეკონომიკაში, მაგალითად, შეიქმნება ერთიანი, უზარმაზარი ბაზარი გადაჭიმული ბალტიისპირეთის ქალაქ ტალინიდან ხმელთაშუაზღვის ნიქოზიამდე.

მოხდება ცვლილებები ეროვნული სუვერენიტეტის სფეროში. ყოველ წევრს მოუხდება უფლებამოსილების ნაწილის კავშირისთვის გადაცემა. ბრიუსელში ტექნოკრატებისა და ბიუროკრატების მთელი არმიის გადაწყვეტილებები უშუალოდ შეეხება აღმოსავლეთის ქვეყნების ყოველდღიურ ცხოვრებას.

აუცილებელი გახდება საერთო საქმისადმი ერთგულების გამომუშავება. ე.წ. "ევროპელობა" საკმაოდ საკამათო იდეაა. მაგალითად, ნაციონალისტები, ირწმუნებიან, რომ არსებობენ გერმანელები, უნგრელები, პორტუგალიელები თუ სლოვაკები და არა აბსტრაქტული ევროპელები. ასეთი ცნება მათთვის არ არსებობს.

ევროპელობის იდეის მომხრეები, პირიქით, თვლიან, რომ ევროპის კავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა 50 წლის განმავლობაში ის არის, რომ მის ჩარჩოებში მოხერხდა ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნა იმ ქვეყნებს შორისაც კი, რომლებიც უწინ ერთმანეთს ეომებოდნენ.

ამასთან, სტერეოტიპების მოსპობა ძნელია. ევროპის კავშირის ძველი დასავლელი წევრების ხალხებს შორის აღმოსავლელების, უმთავრესად სლავების წინააღმდეგ, წინაშეგონებაა გავრცელებული.

თუმცა, როგორც აღნიშნავს რომის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს უოლტსონი, წინაშეგონება მაინცდამაინც აღმოსავლეთისკენ არ არის მიმართული. ის იხსენებს, რომ თავის დროზე დიდი მღელვარება ახლდა კავშირში ირალანდიისა და სამხრეთი ევროპის ღარიბი ქვეყნების მიღებას. მაგრამ ეს უარყოფითი გრძნობები დროთა განმავლობაში გაქრა. ახლაც, ამბობს უოლტსონი:

[უოლტსონის ხმა] "ეს გაუმართლებელი შიშია, რადგან ევროპის კავშირში უკვე ცხოვრობს უამრავი პოლონელი და სხვა აღმოსავლეთევროპელი. როცა ისინი ჩვენი საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები გახდებიან, ვფიქრობ, ანტისლავური გრძნობები, რომლებიც აშკარად ძლიერია იტალიაში, ისევე როგორც გერმანიასა და ავსტრიაში, შესუსტდება. მათი ეკონომიკა და მათი მეთოდები გახდება, ასე ვთქვათ "ევროპული". ისინი ინტეგრალურ წევრებად იქცევიან და პრობლემაც თავისთავად გაქრება."

კიდევ ერთი საკითხია, როგორ შეიცვლება თვით ევროპის კავშირი ასეთი დიდი გაფართოების შედეგად. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ახალი წევრები ხელს შეუწყობენ ევროპის კავშირის დაახლოებას ამერიკასთან. ამის მიზეზს ისინი იმაში ხედავენ, რომ ამ ხალხების ერთ თაობაზე მეტი, 1945 წლის შემდეგ, გამომწყვდეული რკინის ფარდის უკან, იმედით სწორედ შეერთებულ შტატებს შესცქეროდა, განიცდიდა ამერიკულ გავლენას როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ სფეროში.

როგორც პრაღის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის თანამშრომელი პეტრ დრულაკი აღნიშნავს, ცეტრალური ევროპის ქვეყნები ბევრ საკითხში ამერიკულ პოზიციებს იზიარებენ. ამერიკასთან ისინი ცოტა უფრო ახლოს არიან, ვიდრე ევროპის კავშირის ზოგიერთი ქვეყანა.

საინტერესოა პეტრ დრულაკის კიდევ ერთი მოსაზრება. მისი ვარაუდით, ახალი წევრები არსებულ ბალანსს ვერ დაარღვევენ და პოლიტიკურ გეზს კვლავინდებურად კავშირის მთავარი წევრები – გერმანია და საფრანგეთი განსაზღვრავენ.
XS
SM
MD
LG