Accessibility links

logo-print

შეწყალების სახელმწიფო კომისიას მეომარი პატიმრები უნდობლობას უცხადებენ


საქართველოს საპატიმროებში შეწყდა მეომარი პატიმრების შიმშილობის საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილენი უნდობლობას უცხადებდნენ შეწყალების სახელმწიფო კომისიას,

რომლის გადაწყვეტილებით, ამ ცოტა ხნის წინ 59 პატიმარი გათავისუფლდა. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ყარყარაშვილი განმარტავს, რეალურად მათგან მხოლოდ 20-25 ადამიანი მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში. არადა, აღნიშნული შეწყალების არსი სწორედ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ნაბრძოლი ადამიანების პატიმრობიდან გათავისუფლება უნდა ყოფილიყო. სიმბოლურად გათავისუფლებაც 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, უნდა მომხდარიყო. მაგრამ, შეწყალების თარიღის შეცვლის გარდა, ლამის მისი შინაარსიც შეიცვალა. პატიმრები მიიჩნევენ, რომ შეწყალების კომისია მათ უსამართლოდ მოექცა.

პატიმრების შიმშილობის აქციის გამოძახილი იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გია ყარყარაშვილის ინიციატივით მოწვეული შეხვედრა მეომართა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სწორედ ამ შეხვედრაზე გაისმა გია ყარყარაშვილის მოწოდება მოშიმშილე პატიმრებისადმი, შეეწყვიტათ შიმშილობა მანამ, სანამ ჯერ კიდევ არსებობს მათი შეწყალების რესურსი. რესურსების ამოწურვის შემდეგ კი, არ არის გამორიცხული, საპროტესტო აქციებმა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებიდან ქუჩაშიც გადაინაცვლოს. მართალია, სპონტანურად, მაგრამ ამგვარი მოწოდებები უკვე ისმის. ომის ვეტერანთა მხედრული ერთსულოვნება კი, როგორც ჩანს, კიდევ არსებობს. ამის გამოხატულებაა თუნდაც ის, რომ აქციები საპატიმროებში მაშინვე შეწყდა, როგორც კი ამ თხოვნით მათ გია ყარყარაშვილმა მიმართა. როგორც თავად ბატონმა ყარყარაშვილმა განმარტა, პარლამენტში გამართულ შეხვედრას აფხაზეთის ომში მონაწილე საბრძოლო შენაერთების თითქმის ყველა ყოფილი მეთაური ესწრებოდა. სწორედ მათსა და პატიმრებს შორის დამყარებული სატელეფონო კონტაქტის შემდეგ დასრულდა საპროტესტო აქციის აქტიური ფაზა. პასიური ფაზა კი ითვალისწინებს კონსულტაციებს ყველა იმ შესაბამის სტრუქტურასთან, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი შეწყალების პროცესში. მათგან პირველ რიგში უნდა დასახელდეს: პრეზიდენტი, უშიშროების საბჭო, სახალხო დამცველი და საქართველოს პარლამენტი.
გია ყარყარაშვილს მიაჩნია, რომ მეომარ პატიმართა გათავისუფლების საქმეში ყველაზე ნაკლებად შეიძლება დაეყრდნო შეწყალების სახელმწიფო კომისიას, მოქმედი შემადგენლობით. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ქვემოდან, რუსთავის საპატიმროდან, წამოსული ინიციატივა ახალი კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ. კომისიის სათავეშია უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე. მის გარდა, ჩამონათვალში შეხვდებით ისეთ ცნობილ გვარებს, როგორიცაა: გიგა ბოკერია, ვასილ მაღლაფერიძე, ელენე თევდორაძე, ნანა კაკაბაძე და სხვები.
შეწყალების კომისიის ახლანდელი თავმჯდომარე, რისმაგ გორდეზიანი, თავის მხრივ, შეიძლება ითქვას, სოლიდარულია პატიმრებთან და მათ დამცველებთან პროტესტის ძირითად საკითხში. ვეტერან მეომართა სიები გაყალბებულია და დიდია ალბათობა იმისა, რომ შეწყალებულთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც არათუ უომია, არც კი უდარდია აფხაზეთის დაკარგვა. ამდენად, პრინციპულადაა მოსაგვარებელი ომის ვეტერანთა საბუთებით ვაჭრობის საკითხი, რათა ომში მონაწილის სტატუსით სპეკულაციისას ცეცხლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანები მაინც არ დაიჩაგრონ, იმის მიუხედავად, როგორ წარიმართა მათი ცხოვრება ომის შემდეგ.
XS
SM
MD
LG