Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ასეთი დასკვნა გამოიტანეს რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა მას შემდეგ,

რაც
ბოლო დროს საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა მთელი რიგი ღონისძიებები ჩაატარეს ქვეყნის ტერიტორიაზე.

11 დეკემბრის “ნეზავისიმაია გაზეტა” აღნიშნავს, “რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა პუტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს “ტერორიზმთან ბრძოლაში გადამჭრელი მოქმედებისთვის”. მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქების ორგანიზატორთა დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებით, საქართველოს სპეცსამსახურების მოქმედებას მაღალი შეფასება მისცა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ საქართველოში შეჭრით იმუქრებოდა”.

წერილში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის რაიონში სამი ყარაჩაელი ტერორისტის განადგურებისა და შაბათს ჩატარებული ჩეჩნების შემოწმების ხმაურიანი ოპერაციის შემდეგ საპასპორტო რეჟიმის გამკაცრების ანლოგიური ოპერაციები განხორციელდა ქუთაისში, წყალტუბოსა და სამტრედიაში, სადაც სამართალდამცავმა ორგანოებმა ბევრი იარაღი ამოიღეს და ძიებაში მყოფი ბოროტმოქმედებიც დააკავეს.

“ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ უკანასკნელ წლებში ოფიციალური თბილისი აშკარად პირველად გაემიჯნა ტერორისტებს, მძაფრი ნაბიჯებიც გადადგა და მოსკოვში ეს შეამჩნიეს. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, “საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი ურთიერთქმედება არა მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლას წაადგება, არამედ თანდათან რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე ასვლასაც შეუწყობს ხელს”.

11 დეკემბრის საიტ “ლენტას” ვარაუდით, რუსეთ-საქართველოს ომი საერთოდ აღარ დაიწყება, ან, როგორც ჩანს, დიდი ხნით მაინც გადაიდება. გაზეთის თქმით, “ორ ქვეყანას შორის არსებული ხანგძლივი ცივი ურთიერთობის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ გადადგა გადამჭრელი ნაბიჯები, რომლებიც მოსკოვთან შერიგებისკენ არის მიმართული”.

წერილში საუბარია იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეისათვის ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს. ესაა: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის სამშვიდობო ძალების როლი, საქართველოს პოლიტიკა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ბაზების მიმართ, სიტუაცია პანკისის ხეობაში, სავიზო რეჟიმის შემოღება და სხვ.

“ლენტას” მიხედვით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში მომხდარი გარღვევა ჩეჩნების ფაქტორმა განაპირობა და, “როგორც ჩანს, ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ქვეყანაში ჩეჩნეთის მოუსვენარი დიასპორის არსებობა საქართველოს პრეზიდენტს უფრო სახიფათოდ მოეჩვენა, ვიდრე რუსეთის შემოჭრის შორეული და არარეალური საფრთხე”.

გაზეთის თქმით, “ამდენად, საქართველოს უძღები შვილების დაბრუნება მოსკოვის ფრთების ქვეშ შედგა. როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა, შევარდნაძემ სწორად შეაფასა სიტუაცია და მიხვდა, რომ შემდგომი ბალანსირება ორ ძალას – რუსეთსა და ჩეჩენ სეპარატისტებს შორის –შეუძლებელია. სიტუაციამ ქართველი პრეზიდენტისგან არჩევანის გაკეთება მოითხოვა და მან გააკეთა ეს არჩევანი”.

“ლენტა” იმედოვნებს, რომ “შევარდნაძის მძაფრი ალღოს გათვალისწინებით, ეს არჩევანი უძლიერესის სასარგებლოდ გაკეთდა”.
XS
SM
MD
LG