Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წონა აქვს თბილისის საკრებულოს


დავით პაიჭაძე, თბილისი თბილისის მთავრობაში სამ ახალ ვიცე-პრემიერს რამდენიმე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი დაემატა. ისინი მანამდეც ამ პოსტებზე მუშაობდნენ. ძველი სახეების გაღწევამ ქალაქის მთავრობაში მიანიშნა

საკრებულოში იმ პოლიტიკური ძალების სისუსტეზე, რომლებიც იქადნიდნენ, ძველ თანამდებობაზე არც ერთ მოხელეს არ დავტოვებთო. ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, საკრებულოს თავმჯდომარე და თბილისის ვიცე-პრემიერები შეეცადნენ დაემტკიცებინათ, რომ მთავრობის დაკომპლექტებისას არ გაუმარჯვია ქალაქის მერსა და ცენტრალურ ხელისუფლებას. რატომ დასჭირდათ ახალ ხელისუფალთ ამ ნაბიჯის გადადგმა?

თბილისის საკრებულოს, მართალია, მცირე უფლებამოსილება აქვს, მაგრამ იქ მოხვედრილი პოლიტიკური ძალები მაინც ახსენებენ ამომრჩეველსა და ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში მათი საქმიანობა მხოლოდ დასაწყისია შევარდნაძის ხელისუფლების დემონტაჟისა. ჯერჯერობით ეს შეხსენება სიტყვიერი შეტყობინებით ამოიწურება. ასეთი შეტყობინება ხუთშაბათს, სამი ახალი ვიცე-პრემიერის – გიორგი კარბელაშვილის, თემურ ქურხულისა და კახა შენგელიას სახელით, ამ უკანასკნელმა გაახმიანა [შენგელიას ხმა]: “გვსურს, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ არც ერთი ჩვენგანი არ არის შევარდნაძის ხელისუფლების დანიშნული და არ არის შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების წინაშე ანგარიშვალდებული. ჩვენ ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით ოპოზიციისა და არასამთავრობო ხელისუფლების ინიციატივით. ჩვენ მოვედით, რათა შევცვალოთ ის კორუფციული გარემო, რომელიც შექმნილია ქალაქში და რეალურად დავანახვოთ სასიკეთო ცვლილებები თბილისელებს”.

კახა შენგელიას სიტყვები ნიშნავს, რომ ვიცე-პრემიერები, მართლაც, საკრებულოს ნებით დაინიშნენ და არ წარმოადგენენ ე.წ. კომპრომისულ ფიგურებს. შედარებით ნაკლებ ეხება ეს ვიცე-პრემიერს ეკონომიკის დარგში თემურ ქურხულს. ვიცე-პრემიერების ეს განცხადება უფრო საკრებულოს თავმჯდომარის გამოსვლა იყო პოლიტიკური კულტურიზმის სცენაზე, მაგრამ კუნთების დემონსტრირებამ, შეიძლება, არც დააფიქროს ისინი, ვისთვისაც გამიზნული იყო ჩვენება: თუ სამი ვიცე-პრემიერი, ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობისა” და “გაერთიანებული დემოკრატების” გაყვანილია, სხვა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებად (ერთის გარდა) ძველი თანამდებობის პირები დარჩნენ. ეს განაპირობა მოწინააღმდეგე ხმების სიმცირემ და გადამწყვეტი ხმა მათ ჩაგდებას სწორედ “ნაციონალური მოძრაობიდან” დააკლდა.

საკრებულოში მოსული ოპოზიცია დღეს ცდილობს ხელისუფლებად იქცეს. ვიცე-პრემიერების სააკაშვილით შთაგონებული გამოსვლა, ოთხივესთვის უმჯობესია, უკანასკნელი სიტყვიერი გზავნილი იყოს. საკრებულოს თავმჯდომარე თავადაც აცნობიერებს, რომ ლაპარაკის ლიმიტი უკვე ამოწურა. სააკაშვილი ელევა შეურიგებელი ოპოზიციონერის იმიჯს და თანდათან მეტ მოქნილობას ამჟღავნებს. ეს, ერთი მხრივ, მისი პრობლემაა, რადგან პოზიციის შერბილებას ახსნა და გამართლება სჭირდება, ხოლო გამართლება შესაძლებელია კონკრეტული, სასარგებლო საქმეების აღსრულებით. მეორე მხრივ, პრობლემა უჩნდება ცენტრალურ ხელისუფლებასაც, რომელიც სააკაშვილს ვეღარ წარმოაჩენს ტემპერამენტიან გიჟად. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე უკვე იანვრიდან ჰპირდება მოქალაქეებს განახლებული მთავრობის ძალისხმევას საყოფაცხოვრებო სირთულეთა მოსაგვარებლად [სააკაშვილის ხმა]: “ჩვენ იანვარში, ახალ ბიუჯეტთან ერთად, დავიწყებთ ახალ კამპანიას: არც ერთი 16-სართულიანი სახლი ლიფტის გარეშე; სამ თვეში ამას დავასრულებთ. შემდეგ იქნება: არც ერთი 9-სართულიანი სახლი ლიფტის გარეშე – 3 თვეში ამას დავასრულებთ. შემდგე იქნება სახურავების რემონტის პროგრამა და 6 თვეში უნდა გადაწყდეს სახურავების 30%-ის პრობლემა”.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი მთავარ ოპონენტად შერაცხილი სააკაშვილის ინიციატივებს დაბრკოლება უნდა შეუქმნას. საკრებულოში სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ საქართველოს მთავრობის მცდელობას, “თბილგაზი” სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროდან ისევ მერიის გამგებლობაში დააბრუნო.
XS
SM
MD
LG