Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირმა უარყო თუქეთის თხოვნა კავშირში მიღების თაობაზე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა პარასკევს, 13 დეკემბერს ევროპის კავშირის 15 სახელმწიფოს ლიდერებმა კოპენჰაგენის სამიტზე უარყვეს თურქეთის თხოვნა დაედგინათ ამ ქვეყნის კავშირში მიღების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღი.



მიღებული შეთანხმების თანახმად, 2004 წლის დეკემბერში ევროპის კავშირის ლიდერები შეიკრიბებიან მხოლოდ იმის გადასაწყვეტად, არის თუ არა თურქეთი, მაჰმადიანური ქვეყანა, 70 მილიონი მოსახლეობით, საკმარისად დემოკრატიული და საკმარისად იცავს თუ არა ადამიანის უფლებებს. მაგრამ არავითარი თარიღი არ ყოფილა დადგენილი, როდის დაიწყება მოლაპარაკებები კავშირში მიღების თაობაზე, იმ შემთვხვევაში თუ თურქეთი გაივლის ტესტს.

როგორც აღნიშნა შვეციის პრემიერ-მინისტრმა გიორან პერსონმა, გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი გადასინჯვა არ მოხდება. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა გულმა , რომელიც კოპენჰაგენში იმყოფება, კერძო საუბარში ამ გადაწყვეტილებას "მიუღებელი" უწოდა. ის მოითხოვდა მოლაპარაკებების დაწყებას უკვე 2003 წელს, იქამდე, სანამ ოფიციალურად გაწევრიანდება 10 ახალი – უმთავრესად აღმოსავლეთი ევროპის ღარიბი ქვეყანა. მათი გაწევრიანება, როგორც ცნობილია, 2004 წელს არის დაგეგმილი.

მაგრამ ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა პატ კოქსმა თქვა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ევპროპის კავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობების "მნიშვნელოვანი გაღრმავება."

[კოქსის ხმა] "რაც შეეხება თურქეთს, მჯერა, რომ მიღებული გადაწყვეტილება თავისთავად მნიშვნელოვანია და თვალსაჩინოდ აღრმავებს დამოკიდებულებას ევროპის კავშირსა და თურქეთს შორის. თურქეთისთვის ეს არის ყველაზე შესამჩნევი ეტაპი ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე, 4 ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში."

1993 წელს მიღებული ე.წ. "კოპენჰაგენის კრიტერიუმის თანახმად", კავშირში მიღების კანდიდატი სახელმწიფო შეფასდება იმის მიხედვით, რამდენად მისდევს დემოკრატიულ პრინციპებს და რამდენად სრულად სცემს პატივს ადამიანის უფლებებს.

აგვისტოში თურქეთმა გააუქმა სიკვდილით დასჯა მშვიდობიან პერიოდში, გააფართოვა სიტყვის თავისუფლებანი და ეთნიკური ქურთების უფლებები. მაგრამ ევროპის კავშირის ზოგიერთმა წევრმა ეს არასაკმარისად ჩათვალა მოლაპარაკებების დაწყების თარიღის დასანიშნად. ითქვა, რომ თურქეთმა ჯერ ცხოვრებაში უნდა გაატაროს მის მიერ მიღებული რეფორმებიო.

გადაწყეტილებამ არა მარტო თურქეთს დასწყვიტა გული. ამ კვირის დამდეგს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შეხვდა თურქეთის პოპულარულ პოლიტიკოსს, რეჯიპ ტაიიპ ერდოანს ვაშინგტონში და აღუთქვა მხარდაჭერა. ოთხშაბათს ბუშმა და სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დაურეკეს ევროპის კავშირის ლიდერებს და მოითხოვეს მათგან მოლაპარაკებების თარიღის დანიშვნა.

მაგრამ, როგორც ვხედავთ, ვაშინგტონის ლობირებამ საქმეს არ უშველა. ევროპელებმა ამაში დაინახეს ცინიკური ხრიკი: მიაღებინოს თურქეთი ორგანიზაციაში, რათა ერაყის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში, თურქეთის პოლიტიკური მხარდაჭერა და მის სამხედრო ბაზებზე დაშვება მიიღოს.
XS
SM
MD
LG