Accessibility links

logo-print

ჰააგის სასამართლო არ მოითხოვს ჟურნალისტისგან მოწმედ გამოსვლას


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ყოფილი იუგოსლავიისთვის დააკმაყოფილა აპელაცია და გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტები არ არიან ვალდებული,

მოწმეებად გამოვიდნენ ომის დანაშაულის საქმეების გარჩევისას.

პრეცედენტი შეიქმნა ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ყოფილი მშენებლობის მინისტრის რადოსლავ ბრდჯანინის სასამართლო პროცესზე. მას ერთ-ერთ უმძიმეს ბოროტმოქმედებაში – გენოციდში – ადანაშაულებენ.

გენოციდი ძნელად დასამტკიცებელი დანაშაულია, ვინაიდან მისი მთავარი ელემენტია განზრახვა. როგორც წესი, არ არის საკმარისი იმის ჩვენება, რომ ბრალდებულმა ძალისმიერად განდევნა რეგიონიდან გარკვეული ეთნიკური ჯგუფის წევრები; არც ისაა საკმარისი, თუ დამტკიცდება, რომ ბრალდებულმა ამ ჯგუფის რამდენიმე წევრი მოკლა. აუცილებელია, რომ მისი მოქმედებები რეგიონის გარკვეული ეთნიკური ჯგუფის წევრებისგან გაწმენდას ისახავდეს მიზნად. .

ბრდჯანინის შემთხვევაში განზრახვა აშკარაა. გაზეთ "ვაშიგტონ პოსტში" 1993 წელს გამოქვეყნდა ჟურნალისტ ჯონათან რანდალის სტატია, რომელშიც მას მოჰყავს ბრდჯანინის სიტყვები, რომ ნებისმიერი, ვინც არ მოინდომებს ბოსნიელი სერბების ტერიტორიის დაცვას, უნდა გაძევებულ იქნეს, რათა რეგიონი "ეთნიკურად გაიწმინდოსო".

რანდალი ჰააგის ტრიბუნალმა მოწმედ დაიბარა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ის ამ მოვალეობისგან გაათავისუფლა. მსოფლიოს პრესის თავისუფლების ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ. ვენის პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის პრესმდივანმა დევიდ დაჯმა ჩვენს რადიოსთან საუბარში გამოთქვა იმედი, რომ ჰააგის გადაწყვეტილება სხვა სასამართლოებისთვის პრეცედენტი გახდება.

რანდალის ადვოკატის მარკ სტივენსის თქმით, თუ მათი კლიენტი სასამართლოში მოწმედ გამოცხადდება, ამან შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, ისევე როგორც ომის პირობებში მომუშავე სხვა კორესპონდენტებს.

ოთხშაბათს, სააპელაციო პალატამ გადაწყვიტა, რომ სანამ სამხედრო კორესპონდენს დაიბარებენ ჩვენების მისაცემად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, მან ორეტაპიანი ტესტი უნდა გაიაროს. პირველ ეტაპზე დადგინდება, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჩვენება და თუ აქვს მას პირდაპირი კავშირი საქმესთან. და აგრეთვე, თუ ამ ინფორმაციის პოვნა შეუძლებელია სადმე სხვაგან. რანდალის შემთხვევაში დამცველებმა მოიყვანეს არგუმენტი, რომ რანდალი, რომელიც არ ფლობს სერბულ-ხორვატულ ენას, ბრდჯანინს თარჯიმანის მეშვეობით ელაპარაკებოდა. და ამგვარად, მისი ჩვენება ასპროცენტიანად სანდოდ ვერ ჩაითვლება.

შემდეგ, სააპელაციო პალატამ გადაწყიტა, რომ სამხედრო კორესპონდენტს უნდა ექნეს შეზღუდული იმუნიტეტი, ვინაიდან ის საშიშ პირობებში მუშაობს. როგორც დაჯმა თქვა, სამხედრო კორესპონდენტების მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

[დაჯის ხმა] "მე ვთვლი, რომ ისინი გაცილებით უფრო ფართო მიზნებს ემსახურებიან, იმით, რომ აწოდებენ ინფორმაციას ხალხს იმის შესახებ, თუ რა ხდება მათ ზურგს უკან, იმ ხალხს, რომლებიც კენჭისყრის მეშვეობით წყვეტენ, უნდა იყოს თუ არა ომი."

ამასთან დაჯმა კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ საოპელაციო მოსამართლეებმა არ გამორიცხეს ჟურნალისტების მიერ ჩვენებების ნებაყოფლობით მიცემა.

მაგრამ, როგორც აღნიშნა ჰაანგის ტრიბუნალში პროკურატურის პრესმდივანმა ფლორენს ჰარტმანმა, ოპელაციის გადაწყეტილება ეხება მხოლოდ ერთ კერძო დოკუმენტს და პროკურატურა იტოვებს უფლებას გამოიძახოს რენდალი ბრდჯანინის საქმეზე, თუ ახალი საჭიროება წამოიჭრება.
XS
SM
MD
LG