Accessibility links

შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს მოსახლეობის გათბობის პროგრამას ახორციელებს


უკვე მეხუთე ზამთარია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გათბობის პროგრამას აფინანსებს.იმისათვის,

რომ უკიდურესი გაჭირვების პირას მყოფი მოქალაქეები სიცივისგან სიკვდილს გადაურჩნენ, დეკემბრიდან მარტის ჩათვლით, 14 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა იგეგმება. როგორ განაწილდება და რა შედეგს მოელიან ამ თანხისგან?

სოციალური ხასიათის პრობლემები განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იჩენს ხოლმე თავს, რადგან ზამთარში სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნილება და ხარჯები იზრდება. ხარჯების დაფარვაში საქართველოს მოსახლეობის გაჭირვებულ ფენებს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო “PA [პი-ეი] კონსალტინგის” მეშვეობით ეხმარება. ზამთარში გათბობის პროგრამა ელექტროენერგიის საფასურის დიდი ნაწილის გადახდით ხორციელდება. უბრალო თბილისელთათვის ამ პროგრამის მნიშვნელობის შესახებ პენსიონერ ზაურ ბახტურიძეს გავესაუბრე:

-
რომ არ იყოს ეს დახმარება, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით თქვენ, პირადად?
-
[ზაურ ბახტურიძის ხმა] „რა თქმა უნდა, გაგვიჭირდებოდა, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, რომ გაზი... ხომ იცით, რა მდგომარეობა არის. ცენტრალური გათბობა აღარ არსებობს და, აი, ამ გათბობამ, მე მგონია, ძალიან ბევრი ხალხი გადაარჩინა. ამიტომ, მე რა მინდა, იცით? მადლობა მინდა ვუთხრა პირადად ამერიკის მთავრობას.“

სამადლობელი სიტყვების გარდა, ზაურ ბახტურიძე მოკრძალებით შენიშვნებსაც გამოთქვამს. მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიით დახმარება ბევრ ისეთ ადამიანს ერგო, რომლებიც სოციალურად გაჭირვებულ ფენას არ მიეკუთვნებიან და წვრილი ან საშუალო ბიზნესით არიან დაკავებულნი. დახმარებას, როგორც წეღან ვთქვი, „პი-ეი კონსალტინგი“ ანაწილებს.
მის მიერ 13 დეკემბერს გავრცელებულ რელიზში წერია, რომ, „პი-ეი კონსალტინგის” ვარაუდით, საქართველოში ამ პროგრამით, დაახლოებით, 140 ათასი ოჯახი ისარგებლებს.“„ვარაუდი“ და „დაახლოებით“ ფინანსების განაწილების სისტემისთვის შეუფერებელი ცნებებია.

წლევანდელი პროგრამა, ოჯახების გარდა, თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „AES თელასისთვისაც“ითვალისწინებს დახმარების გაწევას. მოსახლეობისთვის 5 მილიონი, ხოლო თელასის ვალების გასასტუმრებლად და აღრიცხვის სისტემის მოსაწესრიგებლად 9 მილიონი დოლარია გამოყოფილი. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თელასმა ამ თანხიდან 1,5 მილიონი დოლარი არამიზნობრივად დახარჯა. არადა, ამ პროგრამის შედეგზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მომავალში დახმარების გაგრძელება. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის მაიკლ ფარბმანის განცხადებით:

[მაიკლ ფარბმანის ხმა] „დიახ, მოხდება მონიტორინგი, ამას აკეთებს “პი-ეი კონსალტინგი”. თუ ამ გზით ვერ მივაღწევთ მიზანს, პროგრამა აღარ გაგრძელდება.“

გასულ წელთან შედარებით, პროგრამის დაფინანსება გაზრდილია, თუმცა შემცირდა მოსახლეობისათვის გასაწევი დახმარების მოცულობა, რომელიც 480 კილოვატ-საათს, ანუ 67 ლარს, შეადგენს. დახმარების მიმღებ მოქალაქეთა განცხადებით, წინა წელს 1000 კილოვატსაათი ელექტროენერგიის კრედიტი ჰქონდათ. როგორც ჩანს, ამჟამინდელი ცვლილება „AES თელასისთვის“ გასაწევი დახმარების გაზრდის გამო მოხდა.

13 დეკემბერს გაირკვა, რომ არასწორი აღმოჩნდა საქართველოს მთავრობის დაპირება აღნიშნული პროგრამიდან ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის კომპენსირების შესახებ. მაიკლ ფარბმანის თქმით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არ აპირებს მსგავსი დახმარების დაფინანსებას და დასძენს: ნურც სხვა დონორი ორგანიზაციის იმედი გექნებათო. შესაბამისად, უბრალო მოქალაქეებს - ისეთებს, როგორიც ზაურ ბახტურიძეა - სამართლიანი პრეტენზია უჩნდებათ საკუთარი ხელისუფლების მიმართ.

[ზაურ ბახტურიძის ხმა] „ჩვენ ხომ არ უნდა ველოდოთ უცხოეთისგან დახმარებას, რაღაც სახელმწიფომ თვითონ უნდა გააკეთოს...“
XS
SM
MD
LG