Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიმინოგენური ვითარება საქართველოში ანტიკრიმინალური ოპერაციის ფონზე


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არც უარყოფს და არც ადასტურებს 13 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის მამის სადი შარიფოვის გამტაცებელთა ჯგუფის დაკავების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა პაატა გომელაურმა აღნიშნულთან დაკავშირებით თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცემა შაბათისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე აქვს განზრახული.

საქართველოში არსებულ მძიმე კრიმინალურ ვითარებაზე სამართალდამცველები და პოლიტიკოსები განსხვავებული აზრისანი არიან. ადამიანთა გატაცებების, მკვლელობებისა და სხვა მძიმე დანაშაულთა მიუხედავად, სამართალდამცველები იტოვებენ უფლებას თქვან, რომ, კრიმინალური თვალსაზრისით, საქართველოში ვითარება არც ისეთი მძიმეა, როგორც ამის შესახებ იწერება; პოლიტიკოსები კი იუწყებიან, რომ პოლიტიკასა და ხელისუფლებაში კრიმინალური სამყაროა შეჭრილი. დავიწყოთ იმით, თუ რას გულისხმობენ სამართალდამცველები, როცა აცხადებენ, რომ საქართველოში კრიმინალური ვითარება არც ისეთი მძიმეა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი პაატა გომელაური ამბობს, მძიმე კრიმინალურ ვითარებაზე წარმოდგენის შესაქმნელად რუსეთის სტატისტიკას უნდა გავეცნოთ. ბოლო პერიოდში რუს სამართალდამცავებს იქ ადამიანის გატაცების 900-მდე შემთხვევა აღურიცხავთ. ვერ გეტყვით, უკანასკნელ წლებში ადამიანის გატაცების ზუსტად რამდენ ფაქტს ჰქონდა ადგილი საქართველოში, მაგრამ საქმე 900-მდე ასეთ დანაშაულთან არ უნდა გვქონდეს, თუმცა, რაც მოხდა ან რაც ხდება, საკმარისი უნდა იყოს საქართველოს მასშტაბის ქვეყანაზე მძიმე წარმოდგენის შესაქმნელად. ამ შემთხვევაში რუსეთის მაგალითით თავის დანუგეშება უადგილოა, თუმცა ჩვენთან საუბრისას პაატა გომელაურს რუსეთის მაგალითი მარტო შედარებისთვის არ მოუყვანია. მისი ინფორმაციით, “ნორდ-ოსტის” ტრაგედიის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში 25 ქართველია მოკლული. ერთი კი, ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი გოჩა ჯიშკარიანი, 10 დღეა ფულის გამოძალვის მიზნით ჰყავთ გატაცებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს უკვირს, რატომ არ არის ატეხილი ხმაური ამასთან დაკავშირებით და რატომ არ წერენ ქართველი ჟურნალისტები მოსკოვში მოკლულ და გატაცებულ თანამემამულეებზე ისეთივე მონდომებით, როგორც საქართველოში გატაცებულებსა და მოკლულებზე. ეს შენიშვნა, შესაძლოა, 14 დეკემბრისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზეც გაისმას. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სწორედ ამ კონფერენციაზე უნდა გააკეთონ პირველი ოფიციალური კომენტარი 13 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციისა, რომლის მიხედვით, “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის მამის სადი შარიფოვის გამტაცებლები უკვე დაკავებულები უნდა იყვნენ. ამ პრესკონფერენციამდე გამტაცებლების დაკავების შესახებ ცნობას შინაგან საქმეთა სამინისტროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. როგორც ჩანს, მათ აქვთ რაღაც სათქმელი 12 დეკემბერს ბოლნისი-კაზრეთის გზაზე ნაპოვნი გარდაცვლილი შარიფოვის გამტაცებელთა შესახებ. თუმცა, საეჭვოა, იგივე ითქვას სხვა გახმაურებულ დანაშაულებთან დაკავშირებითაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ფართომასშტაბიან ანტიკრიმინალურ ოპერაციას ჯერ რაიმე ხელშესახები შედეგები არ გამოუღია. გახმაურებული მკვლელობების გასახსნელად ქართველი სამართალდამცველები უწინდებურად დროს ითხოვენ, პოლიტიკოსები კი შავი სამყაროს ავტორიტეტთა გავლენის გაძლიერებაზე მიუთითებენ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას შავი სამყაროს ავტორიტეტები აკონტროლებენ, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაში, მართავენ ეკონომიკას და ახლა უკვე იმაზე ფიქრობენ, ვინ გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებში.
XS
SM
MD
LG