Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში ომს მოელიან, მაგრამ არ უფრთხიან


ამერიკელი პაციფისტი კეტი კელი, რომელიც უკვე დიდი

ხანია ერაყის პრობლემებითაა დაკავებული, საკუთარი სამშობლოს ხელისუფალთა უსამართლო ქმედების კრიტიკისას ერთ-ერთ არგუმენტად იშველიებს თავისივე თანამემამულის, ამერიკელი პროფესორის ჯოი გორდონის დასკვნას ერაყის შესახებ. გორდონმა გამოთვალა, რომ ერაყმა გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნის ექვს წელიწადში 57 მილიარდი დოლარის ოდენობის ნავთობი გაყიდა. ამ თანხის მეოთხედი, როგორც ომის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაცია, კუვეიტს გადაეცა; ნაწილი თანხისა გაეროს ანგარიშზეა, საიდანაც ფული იხარჯება იმ პროგრამის ჩარჩოებში, რომელსაც ეწოდება “ნავთობი სურსათის წილ”. ამავე პერიოდში ერაყში შეიტანეს 23 მილიარდის ოდენობის საქონელი, რასაც ემბარგო არ კრძალავდა. გორდონის ანგარიშით, ეს ნიშნავს, რომ ყოველ ერაყელზე წელიწადში მოდის 170 დოლარის ოდენობის საქონელი, რაც უდრის იმის ნახევარს, რამდენიც დასავლეთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის, ჰაიტის, ერთ სულ მოსახლეზე მოდის. ეს დასკვნა ამერიკელ პაციფისტს იმისთვის სჭირდება, რომ დაადასტუროს საკუთარი თეზა: ემბარგო, რომელიც ერაყს სპარსეთის ყურის ომის შემდეგ დაუწესეს, მასობრივი განადგურების იარაღია. თუმცა ამ მოსაზრებას აბათილებს იმავე კელის და სხვათა შთაბეჭდილება, რომელიც მათ ბაღდადისა და, საერთოდ, ერაყის შესახებ აქვთ. ეს ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე იმყოფება. თუმცა ერაყელებს წარსული, ომამდელი კეთილდღეობა მოაკლდათ, მაინც მხნედ არიან და დასავლელ უცხოელებს უფრო გულღიად ხვდებიან, ვიდრე მტრულად. ასევე არიან ამერიკელების მიმართაც, თუკი ისინი თავიანთი მთავრობის პოლიტიკას არ აქებენ. ერაყში დაუფარავად მხოლოდ ისრაელის მოქალაქეებს ლანძღავენ. მთელ ქვეყანაში თუ არა, დედაქალაქში მაინც - ვითარება პარადოქსულია. ერთი მხრივ, ყველამ იცის, რომ ომი კარს არის მომდგარი. თუკი გაეროს განიარაღების კომისიის წევრებმა - 70-მა უცხოელმა ექსპერტმა რაიმე დარღვევა გამოააშკარავა, ანუ დადგინდა, რომ ერაყი გაეროს რეზოლუციებს არღვევს, მისი მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, მას, ალბათ, სამხედრო დარტყმა არ ასცდება. მიუხედავად ამისა, ქუჩებში სიმშვიდეა, მუშაობს ინტერნეტის კაფეები, სურსათზე რიგები არ არის, პანიკა, ომის მოლოდინი არ იგრძნობა. ერაყელები მეგობრულად არიან განწყობილნი დასავლელი ჟურნალისტების მიმართაც, ყოველ შემთხვევაში, ერთი ამერიკელი ჟურნალისტის – პირტერ არნეტის მიმართ, რომელიც სპარსეთის ყურის ომის დროს “სი-ენ-ენის” კორესპონდენტად მუშაობდა ბაღდადში და, როგორც თვითონ ამბობს, ამ ომმა გაამდიდრა კიდეც. ახლა “სი-ენ-ენს” აღარ ემსახურება და აღარც მაყურებელი ჰყავს იმდენი, მაგრამ ბაღდადში ყოფნა სიამოვნებს და სპარსეთის ყურის ომიც კი ენატრება. ბაღდადშივე იმყოფება გერმანელთა ჯგუფი, რომლის წევრებიც ეგრეთ წოდებული “შერიგების საერთაშორისო კავშირის” – საეკლესიო გაერთიანების წარმომადგენელნი არიან და ერაყში ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებს მართავენ იმისათვის, რომ ამ ქვეყანას როგორმე ომი თავიდან ააცილონ. წარმოადგენენ რა ევროპელ პაციფისტებს, ისინი ემბარგოს წინააღმდეგ გამოდიან, განიარაღების ინსპექტორთა მუშაობის წარმატებული შედეგის იმედი აქვთ და ფიქრობენ, როგორ მოახერხონ ეუთოს გააქტიურება ახლო აღმოსავლეთში. ევროპელ პაციფისტებს ზემოხსენებული ამერიკელი პაციფისტის კეტი კელის თვითმკვლელური პაციფიზმი, როგორც ისინი უწოდებენ, აზრიანად მიაჩნიათ, მაგრამ თვითონ კი რისკზე არ მიდიან. აქვე კეტი კელიზე გეტყვით. ამ ქალბატონმა ამერიკაში სახლი და ოჯახი მიატოვა, რადგან პაციფისტურმა - ფუნდამენტალისტურმა განწყობილებამ ნება არ მისცა ომის წინააღმდეგ შინიდან ებრძოლა. კელის კერპები არიან მაჰათმა განდი და მარტინ ლუთერ კინგი, ანუ ისინი, რომელთაც ძალადობის წინააღმდეგ მშვიდობიანი ბრძოლით ბევრს მიაღწიეს და, რაც კელისთვის უმთავრესია, რომელნიც აქტიურად მოქმედებდნენ. ამ განწყობით ჩავიდა ის სპარსეთის ყურის ომის დროს ერაყში და მას მერე ბედი ამ ქვეყანას დაუკავშირა. ახლა კელი მოელის “ერაყის მშვიდობის გუნდის” სხვა წევრებს იტალიიდან, საფრანგეთიდან და აშშ-დან. ყოველი მათგანი ფიქრობს, რომ ისევე, როგორც განდიმ ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუპოვა და კინგმა ამერიკელ შავკანიან მოქალაქეებს -უფლებები, მათი მშვიდობიანი პროტესტი ერაყელებს შესაძლებელი ომისგან გადაარჩენს. უცხოელი პაციფისტები ომის წინააღმდეგნი არიან. ამასობაში კი ერაყში ნელ-ნელა შედის ამერიკული კულტურა. ტიპიური მაგალითი: ბაღდადის პოლიციის სპორტული კლუბის წევრები, კულტურისტი-კუნთმაგარი ბიჭები, ამბობენ, რომ თუ ამერიკა მათ ქვეყანას თავს დაესხა, ისინი არ დაიმალებიან და იბრძოლებენ, თუკი, რა თქმა უნდა, ამერიკელები გაბედავენ და არა მხოლოდ თვითმფრინავებიდან ჩამოყრიან ბომბებს, არამედ მიწაზეც ჩაებმებიან ბრძოლაში. ერაყელმა კულტურისტებმა - ისინი ოფიციაულურად ქვეყნის დიქტატორ სადამ ჰუსეინის გვარდიაში შედიან - იციან, რომ სპორტის სახეობა, რომელსაც მისდევენ, ამერიკული წარმოშობისაა. ისიც მოეხსენებათ, რომ მათი მისაბაძი მაგალითი - არნოლდ შვარცნეგერი, ავსტრიელი, ასევე კულტურისტი და კინომსახიობი, ამერიკაში გადასახლდა კარიერის გასაკეთებლად და ფულის მოსახვეჭად. ერაყელი პოლიციელები მზად არიან ომში სამშობლო დაიცვან და ამერიკელ ჯარისკაცებს შეებრძოლონ, მაგრამ, ამავე დროს, მზად არიან იმისთვისაც, რომ ამერიკელი რეჟისორის ფილმში მონაწილეობა მიიღონ. უცნაურია, მაგრამ ასეა. მათ სურთ ისეთები იყვნენ, როგორიც მათი ქვეყნის მტრები არიან. ისინი ოცნებობენ კარადასავით დიდ მაცივრებზე, საკუთარ სახლზე ქალაქის განაპირას, პატარა მანქანას დიდ “კადილაკს”ამჯობინებენ. ამასთან, აღტაცებით უყურებენ ჰოლივუდის ფილმებს, უსმენენ მაიკლ ჯექსონს და ვერც კი ამჩნევენ, რომ ამერიკელები უკვე შეიჭრნენ მათ ცხოვრებაში. ალბათ, ამ შინაგანი გაორებითაც აიხსნება, რომ ერაყელები უცხოელებს მტრულად არ ხვდებიან - მტრულად არ ხვდებიან არამხოლოდ კულტურისტები. ერაყში ძალინ ბევრია, ვინც ომისთვის მზად არის და ამბობს, რომ საკუთარ სახლ-კარს არ მიატოვებს, ამავე დროს კი, მელ გიბსონის თაყვანისმცემელია. ეს ერთობ აძნელებს წინასწარ იმის განჭვრეტას, თუ როგორ მოიქცევიან, მართლაც, ერაყელები ომის შემთხვევაში. შეერთებული შტატების სარდლობას იმედი აქვს, რომ სწრაფი კაპიტულაცია მოხდება. არც პაციფისტმა კეტი კელიმ იცის, როგორ მოიქცევა ხალხი ომის დროს. გერმანიაში დაბადებული და ერაყში მცხოვრები, მამით ერაყელი ფრანც ბრიოკელი კი დარწმუნებულია, რომ ერაყი იბრძოლებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG